საქართველოში ბევრმა მოქალაქემ, ალბათ, არ იცის, რომ ათლარიანი ბანკნოტების გარდა, ათლარიანი მონეტებიც არსებობს, რომლებიც ქრისტეშობიდან 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა და მიმოქცევაში 2000 წლიდან გამოვიდა.
მისი წონა 10,6 გრამია, ხოლო დიამეტრი - 26,0 მილიმეტრი. მონეტის შიდა რკალი სპილენძისა და ნიკელისგან არის ჩამოსხმული, გარეთა რკალის შემადგენლობაში კი ერთდროულად არის სპილენძი, ნიკელი და თუთია. ამგვარი შემადგენლობის მიუხედავად, მას "ბიმეტალურ მონეტად" მოიხსენიებენ.
ამ დღეებში ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს ანგარიშსწორებისას, ათლარიანი ნომინალის ბანკნოტების პარალელურად, შეუძლია შეუფერხებლად მიიღოს 10 ლარის ღირებულების ბიმეტალური მონეტებიც.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)