ბანკების სამომხმარებლო სერვისში ინტერნეტ-ბანკინგი თანდათან პოპულარული ხდება. კომფორტულ სერვისს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და მასთან დაკავშირებით კითხვებიც ჩნდება. რა სიახლეებს გვთავაზობს დისტანციური საბანკო მომსახურების სერვისი და როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ-ბანკინგი. თქვენს შეკითხვებს პროკრედიტბანკის ექსპერტი პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი მახო: თუ შეიძლება, დეტალურად გაგვიმარტეთ, რა არის ინტერნეტბანკინგი?
დისტანციური საბანკო მომსახურება გულისხმობს მომხმარებლის მიერ საკუთარი ანგარიშების დისტანციურ მართვას. მომხმარებელი დამოუკიდებლად, ბანკში მიუსვლელად განკარგავს და აკონტროლებს თავის ანგარიშებს.
მკითხველი სოფო:რატომ უნდა ავირჩიოთ დისტანციური საბანკო მომსახურება, რა უპირატესობები გააჩნია მას?
პირველ რიგში არ გიწევთ ბანკში მისვლა, რაც თავისთავად ძალიან კომფორტულია. გარდა ამისა, თქვენ თვითონ მართავთ ანგარიშებს, რითაც მნიშვნელოვნად ზოგავთ დროს. იგი უფრო მოქნილი საშუალებაა, -სარგებლობთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, სადაც ინტერნეტია. მე ძალიან მომწონს ის, რომ დამოუკიდებლად ვგრძნობ თავს და ყველა საბანკო ოპერაციას ბანკის თანამშრომლის გარეშე ვასრულებ.
მკითხველი ზურა: რა მომსახურებების მიღება შეგვიძლია ინტერნეტბანკინგით?
არსებობს ინტერნეტბანკინგის რამდენიმე პაკეტი: სტანდარტული, სრული პაკეტი სმს მომსახურებით, სრული პაკეტი დიგიპასით. ინტერნეტბანკინგის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, შეამოწმოთ საკუთარ ანგარიშებზე არსებული ნაშთი, გადაიტანოთ თანხები საკუთარ ანგარიშებზე, განახორციელოთ ვალუტების გადაცვლა, შეამოწმოთ სესხის გრაფიკი და დავალიანება, ასევე აწარმოოთ გადარიცხვები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ ინტერნეტ ბანკინგის მომსახურების შემდგომ დახვეწაზე და სამომავლოდ ჩვენს ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებლებს ძალიან ბევრ და მრავალფეროვან სერვისს შევთავაზებთ.
მკითხველი ეკა: როცა ფინანსური ოპერაციები ინტერნეტით წარმოებს, როგორ არის დაცული ეს პროცესი?
რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სისტემები არანაკლებ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩვენი სისტემის დაცულობას: საიტი არის სერთიფიცირებული და გააჩნია დაცული სერია –https, http-ის ნაცვლად, სადაც ეს ბოლო s ნიშნავს დაცულობას (security).
ა) როდესაც იხსნება რაიმე ორგანიზაციის საიტი, ზედა მარჯვენა მხარეს, ან ქვედა მხარეს, აუცილებლად უნდა იყოს პატარა ბოქლომი, რაც აღნიშნავს, რომ ნამდვილად ამ ორგანიზაციის საიტია და რომ ამ საიტზე თქვენი ინფორმაცია დაცულია.
ბ) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტექნოლოგიით, ანუ რა პროგრამული ენით არის დაწერილი საიტი. ჩვენ გვერდის შექმნისას გამოყენებულია სპეციალური ეი-ეს-პი ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის პროგრამირების ენა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ისეთი ვებ-გვერდების შესაქმნელად, რომლებიც მაქსიმალურ უსაფრთხობას და საჭიროებს დაცულობას.
გ) კიდევ ერთი უსაფრთხოების სისტემაა – შიფრაცია. მონაცემები, რომლებიც მიმოიცვლება მომხმარებლის ბრაუზერსა და ბანკის სერვერს შორის, შიფრირებულია. იმავე მისამართის აკრეფისას მესამე მხარე ზუსტად იგივე გვერდზე ვერ მოხვდება, იგი ეკრანზე იეროგლიფების მსგავს ნიშნებს დაინახავს. ასევე არ შეუძლია მესამე მხარეს უკან დაბრუნების კლავიშით დაცულ გვერდზე გადასვლა. იგი ეკრანზე მიიღებს შეტყობინებას, რომ ეს დაცული გვერდია და რომ იგი მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლებისთვისაა.
დ) ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი საიტების რეგულარულ ტესტირებას, რათა ბანკი მაქსიმალურად იყოს დაცული შესაძლო ინტერნეტ თაღლითობისგან.
მკითხველი ხათუნა: უსაფრთხოების რა ზომები უნდა მივიღოთ დისტანციური მომსახურებით სარგებლობისას?
მაქსიმალურად შეეცადეთ, არ გადასცეთ თქვენი მომხმარებლის პაროლი მესამე პირს. უცხო კომპიუტერში თქვენი ინტერნეტ ბანკინგის გვერდი გახსნილი არ დაგრჩეთ. ჩვენი საიტი ამ მხრივაც კომფორტულია: ყოველ შვიდ წუთში, როცა აქტივობა არ ფიქსირდება, გვერდი ავტომატურად ირთვება. ამ შემთხვევაში პაროლის ხელახლა შეყვანა იქნება საჭირო. მაინც აუცილებელია, ყურადღებით იყოთ, თუ სხვა კომპიუტერზე მოგიწიათ ინტერნეტ ბანკინგის გვერდის გახსნა: კომპიუტერის დატოვებისას ან საქმის დასრულებისას უნდა დარწმუნდეთ, რომ ინტერნეტბანკინგის გვერდი გახსნილი არ დაგრჩათ.