ბრილიანტები, ჩიხუახუა და ხმაურიანი განქორწინება - რას ნიშნავს მილიონერის ცოლობა

ბრილიანტები, ჩიხუახუა და ხმაურიანი განქორწინება - რას ნიშნავს მილიონერის ცოლობა

როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც მილიონერი ქმარი დაკარგა? - კითხულობს 45 წლის ლიზა ჩენგიზი, მულტიმილიონერ ვივიენ იმერმანის ყოფილი ცოლი, რომელმაც მდიდარი ადამიანების განქორწინების თავისებურებებზე გულახდილად ისაუბრა.

მდიდარი კაცების ცოლების ამოცანაა - გააჩინონ შვილები, შეასრულონ დიასახლისის როლი და უხელმძღანელონ მსახურებს. ამ ქალებს ბიზნესისგან სრულ იზოლაციაში ამყოფებენ, თუმცა მათი ფუფუნებით ცხოვრება ხელგაშლილად ფინანსდება. ამ ფაქტში არაფერია საშინელი, მაგრამ თუ ქორწინება ირღვევა, აღმოჩნდება, რომ ქალს თურმე არც არაფერი სცოდნია ქმრის ჭეშმარიტი ქონების შესახებ და არც დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია, მით უმეტეს, რომ მდიდრებს შორის განქორწინების პროცესი შეიძლება რამდენიმე წელს გაგრძელდეს.

"სანამ განქორწინებაზე განცხადებას შევიტანდი, მანამდე არასოდეს მისარგებლია ჩეკების წიგნაკით", - აღიარებს ლიზა და დასძენს, რომ ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო დიასახლისი, ეზრუნა ქმარსა და შვილებზე. მისი თქმით, მისი დაქალების უმრავლესობას ასევე არ აქვს საკუთარი ფული და აზრზე არ არიან, რამდენს ხარჯავენ - უბრალოდ, ქმრის საკრედიტო ბარათით სარგებლობენ. "თუ იგებენ, რომ ქმარს რაიმე ინტრიგა აქვს გაბმული ვინმე ქალთან, თავზარი ეცემათ. ეშინიათ ყველაფრის დაკარგვის - ბავშვების, სახლის, - ამიტომაც არ ეყრებიან, თუმცა კი უბედურები არიან ქორწინებაში", - ამბობს ლიზა ჩენგიზი.

მისი დაკვირვებებით, მდიდარი გავლენიანი კაცი საყვარელ ქალს დაუთვლელად ახარჯავს ფულს, რადგან ეს ქალი მის სიმდიდრესა და გავლენას წარმოსახავს. მაგრამ თუ გადაწყვეტს, რომ ეს ქალი აღარ სჭირდება, მაშინ, მისი აზრით, მასზე დიდი თანხის დახარჯვა უაზრობაა. საკრედიტო ბარათზე ლიმიტი მინიმუმამდე დადის, რადგან ცოლი უკვე მისი წარმომადგენელი კი არა, მეტოქეა განქორწინების პროცესში.

თავად ლიზა ჩენგიზმა მას მერე წამოიწყო განქორწინების პროცესი, როცა შეიტყო, რომ მის ქმარს პირველ ცოლთან ჰქონდა რომანი. როცა ადვოკატებმა ჰკითხეს, რამდენ ფულს ხარჯავს წელიწადში (ეს ალიმენტების დასადგენად სჭირდებოდათ), ჩენგიზმა ხელები უსუსურად გაშალა: "შეიძლება ბრიყვს ვგავარ, მაგრამ ყოველთვის ისეთი ცხოვრება მქონდა, არასოდეს ვიცოდი, რამდენს ვხარჯავ", - ამბობს ის ახლა. მთელი წელი აგროვებდა ქვითრებსა და ანგარიშებს სტილისტებისა და მსახურებისგან, ბენზინგასამართი სადგურებიდან და რესტორნებიდან. ახლა თანხის დაზოგვაც უწევს - ადვოკატებს საკმაოდ ბევრი ფული სჭირდებათ.

მისი ზოგიერთი ნაცნობის ყოფილი ქმრები ანგარიშებს ანაზღაურებენ, მაგრამ ნაღდ ფულს არ აძლევენ. "აბსურდია, მაგრამ მათ ხელზე ფული პრაქტიკულად არ აქვთ, - ამბობს ლიზა, - ზოგიერთი ბანკი პირდაპირ აფინანსებს ამგვარ განქორწინებებს. ნაღდი ფულით ამარაგებს ქალს, რომელიც განქორწინების პროცესშია, მაგრამ ფული, რომელსაც სასამართლოთი მიიღებს, ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს".

ლიზა ჩენგიზი თეირანში ებრაელების ოჯახშია დაბადებული. მამამისი ირანის შაჰისთვის მონეტებისა და რეგალიების დიზაინით იყო დაკავებული. დედა, ტრადიციისამებრ, ოჯახს უძღვებოდა. მის ძმებს ბიზნესმენებად ზრდიდნენ, ლიზას კი ბიზნესსა და ფულზე არაფერს ასწავლიდნენ. ირანის რევოლუციის შემდეგ ოჯახი ლონდონში გადავიდა, სადაც ლიზა დიზაინერი გახდა და სიმბოლურად ირიცხებოდა თავისი ძმების კომპანიაში პიარ-განყოფილების თანამშრომლად.

პირველ ქმართან რვა წელი იცხოვრა და დაშორდა. მეორე ქმარი კი იმერმენი გახდა, სამხრეთაფრიკელი მაგნატი, საკვები მრეწველობის ბიზნესმენი. იმერმენს სამი შვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან და ლიზამ მალე აღმოაჩინა, რომ დედინაცვლობა არც ისე იოლი საქმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდა, რაც მილიონერის ცოლს შეჰფერის - ფუფუნების ნივთები, ჩიხუახუას ძაღლი, პირადი პლასტიკური ქირურგი და სხვა სიამეები, მაინც არ იყო ბედნიერი.

პირველად მაშინ დაეჭვდა, როცა ქმარმა საშხაპეში დაიწყო მობილურის შეტანა, მერე - შხაპის მიღება "სპორტულ დარბაზში" წასვლამდე, ხოლო როცა თავის ყოფილ ცოლსა და შვილებს უფრო დიდი სახლი უყიდა, ვიდრე თვითონ ჰქონდათ, თანაც იმავე ქუჩაზე, უკვე ყველაფერი აშკარა გახდა.

2000 წლიდან ინგლისური კანონებით ცოლ-ქმრის ქონება შუაზე იყოფა. ინგლისი ერთ-ერთი ყველაზე კეთილსასურველი ქვეყანაა ფინანსურად შედარებით არამყარი მხარისთვის - ჩვეულებრივ, ეს ცოლია. "მაგრამ ძალიან ძნელია გაყო - ან თუნდაც მოძებნო - აქტივები, რომლებიც მთელ დედამიწაზეა მობნეული ან გაფანტული ფაბრიკებში", - ამბობს ლიზა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ყოფილი ქმარი, მაგნატი სკოტ იანგი ამტკიცებს, რომ სრულადაა გაკოტრებული, მისი ყოფილი ცოლი მიშელი კი ირწმუნება, რომ მისი ქმარი მულტიმილიარდერია.

ჩენგიზი ცოლებს ურჩევს, უფრო ფხიზლად იყვნენ, რადგან ის მხარე, რომელიც პირველი შეიტანს განცხადებას გაყრაზე, უპირატესობას ფლობს. მდიდრები ცდილობენ განქორწინებაზე განცხადება მათთვის შედარებით ხელსაყრელი კანონების მქონე ქვეყნებში შეიტანონ.

The Times

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს