ჩინელმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა დევნილი მხატვრის - აი ვეივეის მხარდასაჭერად, Twitter-სა და სხვა სოციალურ ქსელებში შიშვლად გადაღებული სამოყვარულო ფოტოების გავრცელება დაიწყეს. მამაკაცები და ქალები იხდიან იმის საჩვენებლად, რომ შიშველი ნატურა აუცილებლად პორნოგრაფიას არ ნიშნავს.
"შიშველი აქციის" მიზეზი გასულ კვირას განვითარებული მოვლენები გახდა. 17 ნოემბერს პეკინის პოლიციამ ვიდეოგრაფ ჟაო ჟაოს, რომელმაც გასული წლის აგვისტოში მხატვარი აი ვეივეი ოთხ შიშველ ქალთან ერთად გადაიღო, ოთხსაათიანი დაკითხვა მოუწყო.
პოლიციამ ჟაო ჟაო აიძულა, ეღიარებინა, რომ მან "განზრახ დაამზადა და გაავრცელა "პორნოგრაფიული სურათები". ჩინეთის კანონმდებლობით, ეს მძიმე დანაშაულად მიიჩნევა.
შიშველი აქვია ინტერნეტში ასეთი ლოზუნგით იმართება: "აი ვეივეის ფანები შიშვლდებიან. ჩენეთის ხელისუფლების საყურადღებოდ - სიშიშვლე პორნოგრაფია არ არის".
თავად მხატვარმა აი ვეივეიმ სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოთხ შიშველ ქალთან ერთად გადაღებულ მის ფოტოს პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია, მან ეს "შიშისა და იზოლაციის შეგრძნებისგან გათავისუფლების" მიზნით გააკეთა.
2011 წლის აპრილში აი ვეივეი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის პროპაგანდითა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის კრიტიკით არის ცნობილი, გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს და დააკავეს. მას შემდეგ, რაც აი ვეივეის მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მოღვაწეებმა განცხადებები გააკეთეს, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.