ბრიჯიტ ბარდო იანუკოვიჩს ემუქრება

ბრიჯიტ ბარდო იანუკოვიჩს ემუქრება

ყოფილი კინოვარსკვლავი და ცხოველების ქომაგი ბრიჯიტ ბარდო, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს საერთაშორისო სკანდალით ემუქრება. ბარდო უკრაინის პირველმა პირმა მისთვის გამოგზავნილი წერილების იგნორირებით განარისხა - ერთი წელია ბრიჯიტ ბარდო იანუკოვიჩს მოხეტიალე ძაღლების წინააღმდეგ საბრძოლველად ჰუმანური მეთოდების გამოყენებას სთხოვს, იანუკოვიჩი კი ბარდოს აინუნშიც არ აგდებს.

ბარდოს მოთმინების ფიალა ახლახან "ევრო-2012" წინ განხორციელებულმა აქციამ აავსო - საფეხბურთო ჩემპიონატის წინ უკრაინის ყველა დიდ ქალაქში მაწანწალა ძაღლებს თავი მოუყარეს, საწამლავით გააბრუეს და დაწვეს.

"ჩემპიონატის წინ ჩატარებული წმენდის შემდეგ, ჩემს ორგანიზაციაში უკმაყოფილო ზარები არ წყდება. ეს ამაზრზენი საქციელია და ცივილურ ქვეყანას არ შეჰფერის", - ნათქვამია ბარდოს იანუკოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში და იქვე ბარდო პოლიტიკოსს "ბოლო გაფრთხილებასაც" აძლევს.

"ამჯერად პრესის საშუალებით უკანასკნელად მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ ძაღლების წამება. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ამ ბარბაროსობას ბოლოს მოვუღებთ. დაუყოვნებლივ ჩაერიეთ ამ საქმეში, თორემ ამ სკანდალს მთელს მსოფლიოს მოვდებ", - წერს მსახიობი, რომელსაც ცხოველთა დასაცავად პირველი პირების შეწუხება აშკარად არ ერიდება.

ცოტა ხნის წინ, ბარდომ თბილისის მერსაც გამოუგზავნა მსგავსი წერილი, თუმცა იანუკოვიჩისგან განსხვავებით, გიგი უგულავასთან ჯერჯერობით მხოლოდ ჭკუა-დარიგებებით შემოიფარგლა. მსახიობმა თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის მეთოდები დაუწუნა და ურჩია, ამ საქმეში რჩევა პროფესიონალებს ჰკითხოს.

მომზადებულია party.com.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს