აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახი ახალი წლის სამზადისშია. დღეს თეთრ სახლში ნაძვის ხე მიიტანეს, რომელსაც პირველი ლედი მიშელ ობამა, მისი გოგონები - მალია და საშა და მათი ოთხფეხა მეგობარი ბო დახვდნენ.
ხე თეთრ სახლში ტრადიციულად, მადლიერების დღის შემდეგ, ურმით მიაქვთ. წელს ახალი წლის მთავარი დეკორაცია ობამების ოჯახში, ნაძვის ხეების საერთაშორისო ასოციაციის ფესტივალის გამარჯვებულებმა, შრედერების ოჯახმა მიიტანა. შრედერების ფერმა ვისკონსინშია. ფესტივალი 1966 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ტარდება.
პრეზიდენტის ოჯახი ახალი წლის მთავარ ”დეტალს” ტრადიციულად ეზოში შეხვდა.
მიშელ ობამა ხის გარშემო დადიოდა და ამოწმებდა მის ავ-კარგიანობას, შემდეგ კი ცერა თითი მაღლა ასწია. ეს ფორმალური ჟესტი იმას ნიშნავდა, რომ პირველ ლედის ნაძვის ხე მოეწონა.
თეთრი სახლის ნაძვის ხის სიმაღლე 5.6 მეტრია და ის ლურჯ ოთახში, მთავარ საახალწლო დეკორაციად განთავსდება.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.