რამდენიმე თვის წინ ჟურნალ "რეიტინგში" დაიბეჭდა მასალა, რომელშიც საუბარი იყო მეცამეტე ჰოროსკოპის არსებობის ალბათობაზე. მასალას გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციაში დარეკა სპეციალობით ინჟინერ-ელექტრიკოსმა, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა, სამეცნიერო ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა ანზორ ბუღკაძემ. ბატონი ანზორი მოყვარული ასტრონომია. იგი არ აღიარებს ასტროლოგიურ პროგნოზებს, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებულია, მეცამეტე თანავარსკვლავედი გველისმჭერი ნამდვილად არსებობს, რომელსაც დედამიწა 30 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე გაივლის.
- ჰოროსკოპებს არ უნდა დავუჯეროთ. კარგია, როდესაც ადამიანი პოზიტიური დღის პროგნოზს წაიკითხავს, მაგრამ თუ არ ასრულდება, ისიც უარყოფითად მოქმედებს. მით უფრო, როდესაც წაიკითხავს, რომ მთელი დღე ნეგატიური აქვს. შეიძლება, ამ შემთხვევაში ადამიანი ისე ცუდად განეწყოს, რომ დაიღუპოს. პირადად მე ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკში გამიჩნდა ასტრონომიისადმი ინტერესი. ასტროლოგიასთანაც მქონდა შეხება, ზუსტად ვიცი, რომ ის ადამიანის ფანტაზიებზე დაყრდნობით შეიქმნა და რეალობას არანაირად არ შეესაბამება. აქამდე ცნობილი იყო, რომ დედამიწა ცის კაბადონზე 12 თანავარსკვლავედს გადიოდა. თუმცა ამჯერად ის უკვე 13 თანავარსკვლავედს გაივლის. დედამიწის ღერძი მოძრაობს, რის გამოც თავდაპირველ წრეზე 26 ათასი წლის მერე დაბრუნდება.
- ბოლო წლების განმავლობაში მიწისძვრების გამო დედამიწის ღერძი, როგორც ამბობენ, რამდენჯერმე გადაიხარა.
- მიწისძვრა რომც არ მომხდარიყო, დედამიწის ღერძი ბუნებრივადაც შეიცვლიდა მიმართულებას. ეს პროცესი ყოველ სამოცდათორმეტ წელიწადში ერთხელ ხდება. დედამიწის ღერძი 72 წლის განმავლობაში ერთი გრადუსით იცვლის მიმართულებას. ე.ი. მე რომ დავიბადე, სულ სხვა ვარსკვლავები მიყურებდნენ და ახლა, როცა 75 წლის ვარ, სულ სხვა ვარსკვლავები მიყურებენ. არადა, ჰოროსკოპის მამამთავრები ამბობენ, რომ დაბადების საათს კი არა, წამსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ასტროლოგებს ზოდიაქოს შედგენისთვის ზუსტი საათი სჭირდებათ, იმაზე რაღას იტყვიან, რომ დედამიწის ღერძის ცვლილებების გამო ბუნებრივად სხვადასხვა სიტუაციაში ვხვდებით? 2000 წლის წინ, როდესაც ეკლიპტიკა შეადგინეს, რომლითაც ასტროლოგები მუშაობენ, დედამიწა 88 თანავარსკვლავედიდან თორმეტში გადიოდა. მაგრამ დედამიწამ ღერძის მიმართულება შეიცვალა და ახლა 13 თანავარსკვლავედს გაივლის.
- რომელი წლიდან გადის დედამიწა ამ თანავარსკვლავედში?
- ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ეს მონაცემი დედამიწის არც ერთ ასტრონომს არ ექნება. მხოლოდ ის შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ ზოდიაქოს ნიშნის ის მონაცემები, რომელიც აქამდე გვქონდა, ამჯერად არ ემთხვევა რეალობას. ეს ყველაფერი მხატვრულადაც შემიძლია გითხრათ. თქვენ გეუბნებიან, რომ ხართ ქალწული, მაგრამ თქვენ უკვე დიდი ხანია, იგი აღარ ხართ. თქვენ უკვე დიდი ხანია, ლომიც აღარ ხართ, თქვენ ხართ მშვილდოსანი და ვეღარ მშვილდოსნობთ. თქვენ უკვე სულ სხვა ხართ. გადის წლები და თქვენი ზოდიაქოს ნიშანი უკვე სხვაგან არის. მაშინ ვინ ხართ თქვენ?
- თქვენი აზრით, რა ახდენს გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე, თუ არა თანავარსკვლავედი?
- მხოლოდ და მხოლოდ ბუნება. მზის ძალითა და ენერგიით შეიქმნა დედამიწა. ჩვენს ცხოვრებას მზის ძალა და ენერგია განსაზღვრავს. ძველი ხალხები, პირველ რიგში, მზეს ეთაყვანებოდნენ.
- გალაქტიკაში ხომ უამრავი თანავარსკვლავედი რაღაც კანონზომიერების მიხედვით მოქმედებს?
- კი, ბატონო, მაგრამ ისინი ძალიან შორს არიან ჩვენგან. მზესაც რამდენიმე მილიონი კილომეტრის შემდეგ აღარ აქვს არავითარი ზემოქმედების უნარი. ის ფანტასტიკა, რომელსაც ჰოროსკოპები ჰქვია, ზოგს სათაყვანებლად აქვს გახდილი და ზოგს დაცინვის ობიექტად. ყველაზე აღმაშფოთებელი ჩემთვის ისაა, რომ ჩვენ გვერდით ძალიან ბევრი ქრისტიანი თავს დებს, რომ ის ქრისტიანია და გულზე ჯვარსა და ზოდიაქოს ნიშანს ერთდროულად ატარებს.
- გველისმჭერის თანავარსკვლავედში გავლა რა ზეგავლენას მოახდენს დედამიწაზე?
- დედამიწისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენზე გავლენას მხოლოდ მზე ან ის ციური სხეული მოახდენს, რომელიც მზის ზეგავლენით მოქმედებს. სულ რაღაც 65 მილიონი წლის წინ ერთი პატარა ციური სხეული ათი კილომეტრის დიამეტრის მზის ზემოქმედებით დედამიწაზე ჩამოვარდა. ამან იმხელა უბედურება გამოიწვია, რომ დედამიწაზე მცხოვრები 75 პროცენტი, მათ შორის დინოზავრები დაიხოცნენ. მანამდე დინოზავრები 145 მილიონი წელი ბატონობდნენ, მათ დროთა განმავლობაში დაპატარავება დაიწყეს და ტვინი გაუფართოვდათ. ეს კი იმის მაუწყებელი იყო, რომ შეიძლებოდა, ძალიან მალე ისინი მოაზროვნე არსებებად გარდაქმნილიყვნენ. მაგრამ მზის ზემოქმედების შედეგად მოხდა ისე, რომ ასტეროიდმა დედამიწის ბედი შეცვალა. სამყაროში ბევრი ასეთი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ერთხელაც ვერ ავცდებით ასეთ ციურ სხეულს და დინოზავრების ბედს გავიზიარებთ. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდება.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)