რომან გვენცაძის ცხოვრების სამი ტკივილი

რომან გვენცაძის ცხოვრების სამი ტკივილი

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს. თუმცა საუბრის დროს გრძნობ და ფაქტობრივად ამას აღიარებს კიდეც, რომ უამრავ საიდუმლოს ინახავს. პასუხებზე დიდხანს არ ფიქრობს, მაგრამ მათი მოსმენისას ხვდები, რომ ყოველ სიტყვას წინასწარ წონის. ზედმეტს ვერაფერს დააცდენინებ და ჯობია, ეს არც სცადო. გზა სამშენებლო ფაკულტეტიდან - იურიდიულამდე, სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორობიდან - შინაგან საქმეთა მინისტრობამდე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობიდან - დეტექტიური რომანის ავტორობამდე - ეს რომან გვენცაძის ცხოვრების რამდენიმე ეტაპია...

- თბილისში დაიბადეთ და გაი­ზარდეთ. ბავშვობა რომელ უბანში გა­ატარეთ?

- ე.წ. დიმიტროვის სტადიონის თავზე, რუსულ-ქართულ დასახლებაში ვცხოვრობდი. ბაღში ხუთი დეკემბრის ქუჩაზე დავდიოდი. შემდეგ ქეთევან წამებულის გამზირზე დავსახლდით. ჯერ 85-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, როცა 1952-1953 წლებში ქალთა და ვაჟთა სკოლები გაერთიანდა, მე-10 რკინიგზის სკოლაში მოვხვდი და დავამთავრე. გამოვლილი მაქვს ის პერიოდი, რომელიც გულისხმობდა პიონერობას, ოქტომბრელობას, ლენინელობას, სტალინელობას... სხვათა შორის, მათში ბევრი კარგი რამაც იყო და ყველაფერი ხელწამოსაკრავი არ არის.

სკოლაში ფრიადოსნად ვითვლებოდი, მაგრამ ტექნიკურ საგნებში უფრო ძლიერი ვიყავი. დეტექტივების კითხვა მიყვარდა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ იქ მოხვედრა მაშინ ძალიან ძნელი იყო. არც "გეპეიში" მოხვედრა იყო მარტივი, თუმცა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საღამოს დასწრებულ ფაკულტეტზე მოვეწყვე, მერე სამშენებლო ფაკულტეტის დღის დასწრებულზე გადავედი.

დალხენილი ბავშვობა არ მქონია. სწა­ვ­ლის პარალელურად ვმუშაობდი: ელექტროშემდუღებლად, ზეინკლად, ტრაქტორისტად, სხვადასხვა მშენებლობაზე. ჩემი მშობლები ეკონომისტები იყვნენ. ძალიან წესიერი ხალხი იყო. ეკონომიკურად გვიჭირდა და სწორედ ამიტომ მუშაობა მიწევდა. რა ხელობაზე არ მიმუშავია და ეს ყველაფერი ცხოვრებაში გამომადგა. შრომა კარგია, თუმცა, რასაკვირველია, ბევრი არ ვარგა.

ოჯახს ადრე მოვეკიდე - 19 წლის ვიყავი. ცოლ-შვი­ლს შენახვა უნდოდა. 1968-1971 წლებში ყაზახეთში სამ-სამი თვით ჩავდიოდი - ყამირი მიწების ათვისებაზე. ინსტიტუტის შემდეგ მუშაობა სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში დავიწყე. ჩემი ხელმძღვანელი პროფესორი ოთარ კვიცარიძე იყო. მქონდა გა­მო­გონებები, მაგრამ იქ გული არ მიჩერდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობა მინდოდა. ეს რომ ოთარ კვიცარიძემ გაიგო, გაგიჟდა, ასე მითხრა, "პაგონებში" გამცვალეო. მასთან სამი წელი ვიმუშავე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე გამოგონებები მქონდა, მაგრამ მეცნიერება ჩემი მისწრაფება არ იყო. იქაური კომკავშირის რაიკომის რეკომენდაციით, თბილისის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილებაში ინსპექტორად მოვეწყვე. 25 წლის განმავლობაში მილიციაში ინსპექტორიდან დაწყებული მინისტრობამდე ყველა თანამდებობა გავიარე. მუშაობა რთულთან ერთად ძალიან საინტერესო იყო. კომუნისტების დროსაც ვმუშაობდი, ბატონი ზვიად გამსახურდიას მთავრობის დროს - დამოუკიდებელ საქართველოში, შევარდნაძის ჩამოსვლისას დროებითი მთავრობის პერიოდში, შემდეგშიც... ცოტა ხანს აკადემიის რექტორი ვიყავი, მერე ისევ სამინისტროში დამაბრუნეს. ბოლოს ამ ორგანიზაციიდან წამოვედი, უფრო სწორად გამომიშვეს. მაშინ ის პერიოდი იყო, სულ სხვა თაობა რომ მოდიოდა. 1999 წელს პარლამენტში ამირჩიეს, სადაც ოთხი წელი გავატარე და პარლამენტიდან პენსიაზე გავედი.

- 1974-დან 1994 წლამდე მუშაობის პერიოდში ალბათ უამრავი რთული დღე ყოფილა. განსაკუთრებით რომელს გაიხსენებდით?

- 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ თბილისის სამმართველოს უფროსი ვიყავი და იმ დღეს მთავრობის სასახლის წინ ჩვენს გარნიზონს ღამის სამ საათზე, როცა მომიტინგეები ყველაზე ცოტა იყვნენ, ხალხი უნდა დაეშალა. მაგრამ რუსეთის არმია ჩამოვიდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კოჩეტოვი და გენერალი როდიონოვი. ჩვენ ისე გამოგვთიშეს, რომ არაფერი გვითხრეს. ამ პროცესში ჩვენით ჩავებით და ბევრი ახალგაზრდა გადავარჩინეთ.

- ვიცი, რომ იმ ღამეს იარაღი არ გქონიათ. ასეთ ოპერაციებზე მილიციას იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა?

- დიახ, იარაღი არ გვქონდა. ვთქვათ, სტადიონზე ფეხბურთის მატჩი მიდიოდა, ან სადმე მიტინგი ტარდებოდა, ასეთი მასობრივი ღონისძიებების დროს იარაღი ყველას უნდა ჩაებარებინა. 9 აპრილის ღამეს ხელჯოხებიც არ გვქონია. ჩვენს პერიოდში ხელჯოხები არასდროს გამოგვიყენებია. ხელჯოხს მთელი მსოფლიო იყენებს და აქაც იხმარეს, მაგრამ აქ გადაამეტეს.

- 7 ნოემბერს გულისხმობთ?

- დიახ. ჩვენს დროს ხელჯოხის გა­მოყენების უფლება გვქონდა, მაგრამ მაშინ სხვა პერიოდი იყო. ხალხის მიმართ მორიდება გვქონდა და შეტაკებას თავიდან ვიცილებდით. ამ კუთხით პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდებოდა, ახლა რომ პრევენციულს ვეძახით. ეროვნული მოძრაობის დროს ვხვდებოდით ლიდერებს, რომ შეხლა-შემოხლა თავიდან აგვეცილებინა. ვთანხმდებოდით იმაზე, რომ მიტინგი ისე ჩაეტარებინათ, გზა არ გადაკეტილიყო.

- ხშირად იხსენებენ თქვენი და დისიდენტების მეგობრობას...

- კი, დისიდენტებთან კარგად ვიყავი, ყველასთან. არა მარტო მე, ჩემს მოადგილეებსა და თანამშრომლებს მათთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხშირად მივსულვართ ღონისძიებაზე ეროვნული მოძრაობის ლიდერებისვე თხოვნით, რომ იქ რამე პროვოკაცია არ მომხდარიყო. გვეუბნებოდნენ, მათთვის ხალხი გამოგვეყო. ასე ვთქვათ, შეხმატკბილებულად ვიყავით.

- აფხაზეთის ომის პერიოდსაც შევეხოთ...

- სანამ ომი დაიწყებოდა, მე, ჩემი რამდენიმე მოადგილე და ადგილობრივი მილიციის ხელმძღვანელები ზუგდიდში მოსალაპარაკებლად ვიყავით. შეიარაღებული რაზმის სამასი წარმომადგენელი თავს დაგვესხა. წაგვიყვანეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. იქიდან მესამე დღეს წამოვედი, მაგრამ სხვები თვე-ნახევარი გააჩერეს. მოლაპარაკების შედეგად ისინიც გაათავისუფლეს. უშუალოდ ომის დაწყების დროს მე წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. როცა წამოვედი, უკვე სროლები იყო გაჩაღებული. როგორც მახსოვს, 14 აგვისტო იყო. შექმნილ ვითარებაზე თბილისში ხელმძღვანელობას მოვახსენე და ამის შემდეგ ღონისძიებებში მეც ჩავერთე. ომი ცოტა ხნით რომ შეწყდა, სამსახურიდან წამოვედი. როცა კვლავ გაგრძელდა, როგორც მოხალისე, აფხაზეთის ომის დროს სამჯერ ვიყავი ჩასული. არ მისვრია, კაცი არ მომიკლავს, მაგრამ იმ პროცესებში ვმონაწილეობდი.

- სხეულზე ნატყვიარებზეც გკითხავთ...

- ხუთი ნატყვიარი მაქვს. ერთი ჩემით მოვიხვედრე. ქალაქგარეთ ვიყავით ღონისძიებაზე, რკინას ვესროლე, მაინტერესებდა გახვრეტდა თუ არა. ტყვია მობრუნდა, რიკოშეტით ბარძაყში მომხვდა და ტყვია ფეხიდან ხელით გამოვიღე. ავტომატის ორი ტყვია თბილისის ომის დაწყების დროს მომხვდა. ძალიან მძიმედ ვიყავი დაჭრილი, სისხლისგან დაცლილი საავადმყოფოში უგონოდ მიმიყვანეს. სიკვდილს ბევრჯერ გადავურჩი. დანარჩენი შემთხვევებიც სხვადასხვა დროს მოხდა, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა. ალბათ იმიტომ, რომ ბოროტება არ ჩამიდენია და ადამიანი სიკეთეს რომ თესავ, ამგვარად გიხდის მადლობას.

- "საბედისწერო გასროლის" ავტორი ხართ. ეს რომანი როდის დაწერეთ?

- გიორგი სანადირაძემ "აკრძალული თამაშები" ჩემი ეპიზოდების მიხედვით დაწერა. შემდეგ გია ბადრიძეს მიჰქონდა ჩემგან მასალები და სცენარებს წერდა. ცხოვრებაში ერთხელ დასასვენებლად ვიყავი და სწორედ იმ დროს, ესენდუკში გადავწყვიტე სცენარის დაწერა. ერთ ღამეში დავწერე "საბედისწერო გასროლა", რომელიც თბილისში ჩამოსულმა ოთარ კობერიძეს ვაჩვენე. მან ამავე სახელწოდების მიხედვით ფილმი გადაიღო. ამის შემდეგ გამოვეცი "შავი კვადრატი", მაგრამ მერე გავჩერდი, ნერვები აღარ მეყო. ახლა მეუბნებიან, რომ მოგონებები დავწერო, მაგრამ გული ვერ დავუდე.

- რატომ? იმ პერიოდის გახსენება თქვენთვის რთულია? მოგონებებს თავს არიდებთ თუ წერა გეზარებათ?

- არა, ყველაფერი მახსოვს. ეგ კი არა, გამოსვლებიც და მიმართვებიც მახსოვს, ვინ რას ამბობდა. ვიცი, მართალს ვინ ამბობდა და ვინ ტყუოდა, ვინ ვის უღალატა, ვინ იყო გმირი და ვინ მხდალი. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ძალიან ხშირად კინოკადრივით გაივლის ხოლმე. რა არის, იცით?! ტყუილის დაწერა არ მინდა. ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს. ერთხელ მიტინგზე, ათი ათასი კაცი რომ ესწრებოდა, გამოვედი და ვთქვი, ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს-მეთქი და ამდენი ხალხი სიცილით მოკვდა. ვერ წარმოედგინათ, რომ მილიციის თანამშრომელს ტყუილი არ ეთქვა. ბევრი ისეთი საიდუმლოა, რომელიც ხალხმა არ იცის. იმ ადამიანებს შვილები და შვილიშვილები ჰყავთ, კაცი კაცს გადაეკიდება, რად მინდა ამის გაკეთება?! ესაა მიზეზი, სხვა არაფერი. ჯობს, საიდუმლო ამ ქვეყნიდან თან წავიღო. ჯერ მარტო იმდენჯერ მაქვს ინტერვიუ მიცემული, რომ შვილებს გეფიცებით, მერიდება, ძველი ამბები მოვიგონო. შემდგომ წლებში ისეთი რაღაცები მოხდა და ისეთი რთული საქმეები გაიხსნა, რომ ძველის გახსენება აღარ ღირს. ყველას ვუყვებოდი, ერთი პიროვნება რომ გადავარჩინე. ერთმანეთს ვესროდით, ბოლო ტყვიით ის დაიჭრა, ავიხუტე და ერთი კილომეტრი ვატარე. ოპერაცია გავუკეთე, ჩემი სისხლი გადავუსხი. ამბავი, რომ მილიციის თანამშრომელმა ქურდს სისხლი გადაუსხა და გადაარჩინა - მთელ საბჭოთა კავშირში ყუმბარასავით გასკდა! ეს ამბავი მთელმა თბილისმა იცის, შეიძლება, ახალმა თაობამ არა, მაგრამ ასეთი მაგალითების გახსენება, ჯერ ერთი, ტრაბახში ჩამეთვლება და მეორეც, იმ ადამიანს შვილი გაეზარდა, არ გამოვა ლამაზი.

კომუნისტების დროს ისიც უკვირდათ, ნარიყალაზე ეკლესია რომ ავაშენე. "გეპეის" 1971 წლის კურსდამთავრებული ორმოცამდე ბიჭი შევკრიბე და ნარიყალა გავწმინდეთ. იქ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა XIII საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც აღვადგინეთ. 1982-1996 წლებში ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით ყველანი, ვინც კი "ყამირზე" ვიყავით და თბილისში შიდა "ყამირი" გავაკეთეთ (იღიმის). ნარიყალაზე ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ - სიარული მიჭირს. მიხარია, რომ ახლა იმ ეკლესიას დიდი მრევლი ჰყავს. ყველაზე დიდი, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, ეკლესიის აშენებაა. ამაზე დიდი სიამოვნება არასოდეს მიმიღია. დაიჭირე, დაიჭირე, ეს ყველას შეუძლია, მაგრამ რაც ეკლესიაზე ვიმუშავე, მეტრაბახება.

- დასასრულ, დღევანდელობასაც შევეხოთ...

- ამას წინათ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი შევაქე. ერთ-ერთი პარტიის ლიდერი შემედავა, რომან გვენცაძემ ეს როგორ თქვა, სიბნელეშიაო. მაგრამ გაზეთის საშუალებით პასუხი არ გავეცი, ჩავყლაპე. 90-იანი წლების შემდეგ ვინც მინისტრები ვიყავით, მერაბიშვილმა ყველას გვაჯობა. ეს მართლაც ასეა და ასეც რომ არ იყოს, ჩემს კოლეგას, ვერც ძველს და ვერც ახალს, ვერ გავაკრიტიკებ, ყოყლოჩინობა გამომივა. დადებითი და უარყოფითი თვისებები ყველას აქვს.

ჩემი მინისტრობის დროს, 1992-1993 წლებში, ხალხი ქუჩაში ვერ გამოდიოდა. ერთხელ მეც მესროლეს. მაშინ დაცვა არ მყავდა, ჩვენს დროს არ იყვნენ. მანქანიდან გადმოვედი, მეც ვესროლე. რა თქმა უნდა, სასიკვდილოდ არ მისვრია და ის ადამიანი გაიქცა, მაგრამ ასეთი ფაქტები ხომ ხდებოდა. დღეს შეიძლება, ქუჩაში მანქანა ისე დატოვო, რომ არ დაკეტო, არავინ მივა და არაფერს მოიპარავს. ყველა სახის დანაშაული შემცირდა და ამის გამო პოლიცია უნდა შეაქო. ოპოზიციის ერთი რამ მიკვირს, თუ გინდა, ხალხში ფასი გქონდეს, რაც გაკეთდა, ის უნდა თქვა, ან რაც არ გაკეთდა, ის შეცდომები უნდა ჩამოთვალო. კითხვა დამისვით, რა ხდება დღესო და ასე გპასუხობთ: ბევრი რამ კეთდება, ბევრიც ვერა, აუარებელი შეცდომაა დაშვებული და ამ ყველაფერს გამოსწორება უნდა. მე ყოველგვარი რევოლუციის წინააღმდეგი ვარ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს სამართლიანი გზით და არჩევნებით. რა დროს და ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს არ უნდა მოხდეს. გული მეტკინება, რადგან რევოლუციას სისხლი და უბედურება მოჰყვება.

- თქვენი შვილები რა პროფესიის არიან?

- ლევანი უშიშროებაში მუშაობდა. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში, "სოდის" უფროსის დევი ჭელიძის მოადგილეა. ნანა ქიმიკოსია. "გეპეი" წითელ დიპლომზე დაამთავრა, მაგრამ არ მუშაობს. ადრე გათხოვდა, ახლა დიდი შვილები ჰყავს და მთელი ეს პერიოდი შვილების აღზრდას მოანდომა.

- დაბოლოს, ბატონო რომან, ამ გადასახედიდან თქვენი ყველაზე დიდი სინანული რას უკავშირდება?

- სინანული?! ესე იგი ტკივილი... სამი დიდი ტკივილი მაქვს: 9 აპრილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი. 9 აპრილს რასაც ვუყურე, არ დამავიწყდება. ბევრი ბავშვის სახელი და გვარი მახსოვს, ბევრის შიშჩამდგარი თვალები. ხალხში რომ ავითქვიფე, მე და ჩემი მოადგილე პარაპეტზე ავედით და მილიციას იქიდან ვხელმძღვანელობდი. ხალხის გასატარებლად დერეფანი გვქონდა გაკეთებული, უშნო ძეგლი რომ იდგა იქ, ადამიანები ხელით ამოჰყავდათ, რომ ისინი მთავრობის სახლის გასწვრივ გაგვეტარებინა. საცობი განტვირთეს, თორემ იქ ასობით ადამიანი დაიღუპებოდა. მახსოვს, როგორ მეძახდნენ: რომან ბიძია, ბატონო რომან, გვიშველეთო. ვერ მოვითმინე და ხალხში გადავხტი. იმ დღეს რუსის ჯარის "დუბინკები" ჩვენც ბევრი მოგვხვდა, სამოცი თანამშრომელი მძიმედ იყო დაშავებული.

- თქვენი აზრით, სამაჩაბლო და აფხაზეთი როდისმე ისევ საქართველოს შემადგენლობაში იქნება?

- ძნელი სათქმელია. ამის დროც დადგება, მაგრამ დროც უარყოფითად მუშაობს შერიგებაზე. ისეთი თაობა მოდის, რომელმაც საქართველო არც იცის, რა არის. ომი ოცი წლის წინ მოხდა და ამავე ასაკის ბავშვი არ არის იმ კუთხეებში ნამყოფი, რამ უნდა მიიზიდოს?! ვის ხელშიც ეს ამბავი მოხდა, ის თაობა ზიზღით გაზარდეს. რამდენი ხანია ჩვენი იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე აღარ ვრცელდება. გაუცხოება მატულობს, ერთმანეთს უფრო ვცილდებით, მაგრამ მე ოპტიმისტი კაცი ვარ. იმედი მაქვს და ამისი იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, რომ დადგება დრო და აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"აღსრულდა სამართალი... დავრჩი აბსოლუტურად უსახლკაროდ!" - რატომ დაკარგა ბესო ზანგურმა საცხოვრებელი და რას წერს მსახიობი "ფეისბუქზე"?

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?