სიღნაღში, თელავსა და გურჯაანში წყლის ონკანებზე მრიცხველების დამონტაჟება მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას აპროტესტებს. როგორც რადიო "ჰერეთს" სიღნაღში მცხოვრებმა გოგი ნიკვაშვილმა განუცხადა, მაშინ როცა ქალაქში არ არსებობს გრაფიკი და წყალიც დაბინძურებულია, მრიცხველების დამონტაჟება გაუმართლებელია.
ნიკვაშვილის თქმით, ქალაქს წყალი არასტაბილურად მიეწოდება და მრიცხველების დამონტაჟების მაგივრად "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ჯერ მის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. გარდა ამისა, გოგი ნიკვაშვილის თქმით, მრიცხველის დამონტაჟებაში 100 ლარს იღებენ, რომლის გადახდის საშუალებას მათ არ აქვთ.
რადიო "ჰერეთი" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა. კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ფარნა მაყაშვილის განცხადებით, მრიცხველების დამონტაჟებით უკანონო არაფერი ხდება და მისი ღირებულებაც სემეკის მიერ არის დადგენილი. ფარნა მაყაშვილის განცხადებითვე, ისინი ხელმოკლე ოჯახებს შეღავათებსაც სთავაზობენ.
მაგალითად - "თუ ოჯახს 100 ლარის გადახდის საშუალება არ აქვს, კომპანია ამ თანხას ორ წელზე გადაანაწილებს და ოჯახს მრიცხველისთვის თვეში 4 ლარის გადახდა მოუწევს".