ფსოუს, როკისა და ლარსის სავაჭრო დერეფნებზე განხორციელდება როგორც ელექტრონული მონიტორინგი, ასევე მონიტორინგს განახორციელებენ ფიზიკური პირები. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაპირველად მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებაზე საუბრობდნენ, თუმცა ქართული დელეგაციის ძალისხმევით მოხდა შეთანხმება, რომ მონიტორინგი იქნება როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური ყოფნის ფარგლებში.
როგორც კალანდაძემ განაცხადა, დერეფნების სათავეებში განთავსდებიან მუდმივი ფიზიკური მონიტორები და ინფორმაციის გაცვლა ელექტრონული გზით მოხდება.
რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართულ-რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება სამი სავაჭრო დერეფანი - როკი-გორის, ფსოუ-ზუგდიდისა და ლარსის, რომელსაც შვეიცარიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანია გააკოტროლებს. შეთანხმება შვეიცარიის შუამავლობით გაფორმდა.