ინტერვიუ კაცთან, რომელმაც ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი ერთმანეთს გააცნო

ინტერვიუ კაცთან, რომელმაც ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი ერთმანეთს გააცნო

იბეჭდება შემოკლებით

წარმოშობით ქისტი პოლიტიკოსი, მათე ციხესაშვილი ის ადამიანია, ვინც ზვიად გამსახურდია და ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ჯოხარ დუდაევი ერთმანეთს გააცნო. მან არაერთხელ შეასრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის სპეციალური დავალებები კავკასიის რეგიონში.  რატომ ჩაიშალა მთიელ ხალხთა ერთიანი კონფედერაციის შექმნის იდეა და რამ გამოიწვია კავკასიელების მასობრივი შესვლა აფხაზეთში. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მათე ციხესაშვილმა "პოსტკრიპტუმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.  

- როგორ იღებდნენ ჩრდილოკავკასიელები ზვიად გამსახურდიას იდეას იბერიულ-კავკასიური ერთიანი ოჯახის შექმნის შესახებ; რითი შეიძლებოდა მათი დაინტერესება?

- ჩრდილოკავკასიელები არაერთგზის გენოციდგამოვლილი ხალხია - რუსეთის იმპერიის მხრიდან და ეს გაერთიანების საკითხი კავკასიელთა, მათ აიტაცეს. იმ დროს რესპუბლიკების სტატუსს ჰქონდა მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოკავშირე რესპუბლიკები გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები იყო РСФР, შემდეგ გახდა რუსეთის ფედერაცია. ჩეჩნეთში მაშინ იყო ძლიერი პარტია ВДП - ვაინახსკაია დემოკრატიჩესკაია პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცხონებული ზელიმხან იანდარბიევი, (შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი). ამ პარტიის ყრილობაზე სეიდ-ხასან აბუმუსლიმოვმა დააყენა საკითხი: საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა შევიტანოთ წინადადება საქართველოს შემადგენლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის შესვლის შესახებ, ამით დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიები გაფართოვდება, უნდა ვთხოვოთ ზვიადს საქართველოს შემადგენლობაში ჩეჩნეთის მიღებაო. წინადადება უნდა შესულიყო ჩეჩნეთ-ინგუშეთის აბკომში (მაშინ ეს ორი რესპუბლიკა იწოდებოდა, როგორც ჩეჩენო-ინგუშსკაია ასსრ).

ჯოხარი ხელისუფლებაში მოვიდა, როცა ეგრეთწოდებულმა ქართველებმა საქართველოს მთავრობის სახლს ჰაუბიცები დაუშინეს. მაშინ ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების ყველა ლიდერი იყო ზვიადთან, რომ მითითება მიეღოთ და ზემოქმედება მოეხდინათ ადგილობრივ ხელისუფლებაზე.

- თქვენი აზრით, კონფედერაციის იდეას რატომ ჰყავდა ამდენი მოწინააღმდეგე საქართველოში?

- კონფედერაცია ანუ მთიელ ხალხთა ასამბლეა - შექმნილი იყო კავკასიელ მთიელთა ინტერესების დასაცავად. შემდეგ კრემლმა მოინდომა მისი გამოყენება ზვიადის წინააღმდეგ. ამ გაერთიანებაში შევიდა კრემლის აგენტურა, დასხდნენ აფხაზეთის ტელევიზიაში და დაიწყეს მიმართვების გაკეთება, რომ არ დაუშვებდნენ საქართველოს მხრიდან აფხაზების ანექსიას. ეს იდეა ააგორა ანდრეი სახაროვმა: საქართველო არის პატარა იმპერია, ხედავთ, რას უშვრებიან აფხაზებს ქართველებიო.

აი, ამიტომ იყო წინააღმდეგობა კონფედერაციის მიმართ.

- ისტორიამ ქართველი და ჩეჩენი ხალხების ურთიერთობების არაერთი დადებითი მაგალითი შემოგვინახა. ამ ფონზე ქართველებისათვის ძალზე გულსატკენი და სამწუხარო აღმოჩნდა აფხაზეთის ომში ჩეჩნების მონაწილეობა. ზოგი ვერსიით - 500-მდე ბოევიკი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ, თქვენი ვერსიით - მხოლოდ 83 დაქირავებული მებრძოლი. თუ ჩეჩნებში დღესაც ძლიერია ადათობრივი სამართალი, მაშინ, წესით, ხელი არ უნდა აღემართათ ტრადიციულ მოძმეებზე - ქართველებზე. ასე არაა?

- საქართველოსა და ჩვენი ხალხების ურთიერთობა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ იბერიელები ვართ, ერთი ძირის, ერთი წარმოშობის ხალხი. ფარნავაზი, ქართლის მეფე, ქორწინდება დურძუკთა (ასე იწოდებოდნენ ჩეჩნები და ინგუშები ქართულ წყაროებში უძველეს დროს) მეფის ასულზე. დაქორწინება სამეფო კარზე ადვილად როდი ხდებოდა, მეფეები თავიანთი შვილებისთვის სხვა სამეფო კარზე ეძებდნენ ღირსეულ სარძლოებს. ქართლის სამეფო კარმა, ამ შემთხვევაში, ეს არჩევანი ჩეჩენ გოგონაზე შეაჩერა. როცა საურმაგს ადგილობრივი ფეოდალები აუმხედრდნენ და დაამხეს, წამოვიდა დედულეთს და დედულეთის დახმარებით დაიბრუნა სამეფო კარი. ქართლის ცხოვრება გვაძლევს ამ ცნობებს.  ზვიადს რამდენჯერ უთხრა ჯოხარმა - ცოცხალ ძალას დაგახმარო. მე თქვენი მესმის - ზვიადი ჩეჩნეთში იყო, ჩეჩნები კი აფხაზეთში იბრძოდნენო...

ომს აქვს თავისი სპეციფიკა. როდესაც მოხალისე მიდის ომში, ის აღირიცხება სამხედრო შტაბში და იქიდან ანაწილებენ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: აფხაზეთის ომში 83 ჩეჩენი მონაწილეობდა ქართველების წინააღმდეგ. 83 კაცი დაამარცხებდა საქართველოს?  შამილ ბასაევი ამბობდა, ჩვენ ქართველებს არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით შევარდნაძის კრიმინალურ ხუნტასო (ამას არეშიძე წერს, რომელიც პირადად ელაპარაკა ბასაევს). მე ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს აღწერილი საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში და, ამდენად, აღარ გავიმეორებ.

- ომის წლებიდანვე მოდის ერთი შემაძრწუნებელი და პირადად ჩემთვის - ერთობ დაუჯერებელი ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს ჩეჩენმა ბოევიკებმა ქართველი ბიჭების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს გაგრის მოედანზე...

- მაშინ ყველას პირზე ეკერა, რომ ეს ამბავი ლესელიძის სტადიონზე მოხდა. სპეციალურად ჩავედი იმ სტადიონზე, ქართველი ჟურნალისტებიც მახლდნენ. შევხვდი იქვე მცხოვრებ ხალხს და გამოვკითხეთ, თუ გსმენიათ მსგავსი რამო. ყველამ იუარა. ისიც კი შევთავაზე, გავთხაროთ მიწა და შევამოწმოთ, მართლაც მოხდა მსგავსი რამ თუ არა-მეთქი. ჩვენ მაშინ ქართველ ხალხს დავუმტკიცეთ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა და ეს სპეციალურად ააგორა შევარდნაძემ! ახლა ვთხოვ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მაშინ ლესელიძის სტადიონზე იყვნენ, სთქვან სიმართლე. რა იყო და როგორ იყო. "გაგრის სტადიონი" მერე შემოიტანეს, თქვენამდე მე ეს ინფორმაციაც მაქვს მიღებული. რაკი ლესელიძის სტადიონი არ იყო, - არა, გაგრის სტადიონზე მოხდა ასეთი რამ, ჩეჩნები იყვნენ, თუ არა , ამის თქმა ჩვენ არ შეგვიძლიაო.

2008 წლის ცხინვალის ომის დროს პუტინმაც კი განაცხადა რუსეთის ტელევიზიით - ქართველებმა 8 თუ 10 ოსი ცოცხლები დაწვეს, მერე ტანკი ზედ ატარესო. მე მაშინ ციმბირში, საავადმყოფოში ვიწექი. გვარი ჩემი ქართულია და ექიმები იძახდნენ: "კაკ მოჟნა ტაკოი ვანდალიზმ, ნეუჟელი ტაკოი უროვნი აპუსტილის გრუზინი." რა თქმა უნდა, არ მომხდარა ასეთი რამ! მაშინაც ასე ხდებოდა, გამსახურდია რაკი გროზნოში იყო, შევარდნაძეს თავისი სირცხვილი ვიღაცისთვის ხომ უნდა გადაებრალებინა!

- თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ომში რომელიმე ჩეჩენი მაინც იბრძოდა ქართველთა მხარეზე?

- ასეთი ინფორმაცია არ მქონია. გაგონილი მქონდა პანკისელი ქისტის შესახებ, ხან იყო თითქოს ერთი, ხან სამი ბიჭი - ქართველების მხარეზე იბრძვიანო. სოხუმში მე ისინი არ მინახავს. თუ სადმე იყვნენ, ვერ გეტყვით.

ნანული ცხვედიანი

(იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია).

"P.S." (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში