"ნაიარევი სახის" ნამდვილი ისტორია

"ნაიარევი სახის" ნამდვილი ისტორია

ოტო სკორცენი - ფაშისტური გერმანიის ყველაზე სახელოვანი, შეიძლება ითქვას ლეგენდარული დივერსანტი, ესესის შტურმბანფიურერი, სამხედრო დამსახურებებისთვის მე-3 რეიხის ერთ-ერთი უმაღლესი ჯოლდოს "რაინდის ჯვრის" კავალერი. წესით ასეთი "დამსახურებების" პატრონს სიცოცხლე სახრჩობელაზე, ანდა შპანდაუს ციხეში უნდა დაესრულებინა თავისი თანაპარტიელებისა და თანამებრძოლების მხარდამხარ, მაგრამ ბევრად უფრო გვიან, 1975 წელს მიიცვალა მადრიდის ყველაზე პრესტიჟულ საავადმყოფოში მძიმე სენით დაავადებული.

ვენაში დაიბადა 1908 წელს. ყველა მისი წინაპარი სამხედრო პირი იყო. თავად რატომღაც საინჟინრო საქმის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში მხოლოდ მრავალრიცხოვანი დუელებით გამოიჩინა თავი. სწორედ ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს მიიღო მარცხენა ლოყაზე ხმლით ღრმა ჭრილობა, რის შემდეგაც ცნობილი ჰოლივუდური კინოგმირის მსგავსად "ნაიარევი სახე" შეარქვეს. ისიც უნდა ითქვას, რომ სკორცენის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი საქმეები სწორედ ჰოლივუდის გმირის შესაფერისი ლეგენდებისა და თქმულებების საბურველითაა მოცული. მისი რეალური ბიოგრაფიის გაცნობისას ნათელი ხდება, რომ ეს იყო ავანტურისტული ბუნების, მაგრამ უდაოდ ნიჭიერი და გაბედული პიროვნება, რომლისთვისაც უცხო იყო ნაციონალ-სოციალისტური იდეებისათვისათვის წინა ხაზზე სისხლის ღვრა, თუმცა ბრწყინვალე კარიერის გაკეთებაც მოახერხა და ცოცხალიც გადარჩა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტუდენტობის პერიოდში ძლიერ დაუახლოვდა ასევე ავსტრიული წარმოშობის ერნსტ კალტერბრუნერს, შემდგომ ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რომლის რეკომენდაციითაც 1931 წელს ნაციონალ-სოციალისტური პარტიის რიგებში გაწევრიანდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ავსტრიის გერმანიასთან მიერთების პროცესში - პირადად დააპატიმრა ავსტრიის პრეზიდენტი და კანცლერი.

ამავე 1938 წელს მონაწილეობა მიიღო ცნობილ "წითელი მამლის" ღამეში, რომლის დროსაც ავსტრიაში მცხოვრები ებრაელები დაარბიეს. მეორე დილისათვის ოტო სკორცენმა უზარმაზარი ვილის პატრონად გაიღვიძა, რომლის ყოფილი მფლობელი - ეროვნებით ებრაელი, იმ ღამის შემდეგ აღარავის უნახავს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს რიგითად, თუმცა გერმანიის ჯარებმა ისე დაიკავეს საფრანგეთი, რუმინეთი და იუგოსლავია, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება ვერ მოასწრო. ამაში გასაკვირი არაფერია - ჰოტლერელებმა პრაქტიკულად მარშით გაიარეს ეს ქვეყნები, ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირის საზღვარი გადალახეს და მართლა "დაცხა," სკორცენი დიზინტერიით "დაავადდა" და ჰოსპიტალში მოხვდა. ამასობაში გერმანელებმა მოსკოვთან მიახლოებაც მოასწრეს, სადაც წითელი არმიის სასტიკ წინააღმდეგობას გადაააწყდნენ. სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად გერმანელებმა უკან დახევა დაიწყეს. წესით სკორცენიც მათ შორის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისევ "ავად გახდა" და პირდაპირ ჰოსპიტალში ამოყო თავი, თანაც - მშობლიურ ვენაში.

ამის შემდეგ ფრონტის ხაზზე აღარ დაბრუნებულა. ჯერ ბერლინში მუშაობდა, როგორც თავად აღნიშნავს თავის მემუარებში, ძალზე მოსაწყენ სამუშაოზე, ხოლო 1943 წელს თავის ნამდვილ მოწოდებას მიაგნო - ესეს-ის ბაზაზე შექმნილი მტრის ზურგში მომუშავე დივერსიული ჯგუფების ხელმძღვანელად ინიშნება. სწორედ ამ ჯგუფების მიერ წარმატებით განხორციელებული თუ ჩაგდებული სპეცოპერაციების წყალობით გაითქვა სახელი. მათზე ბევრი დაიწერა, შეიქმნა არაერთი კინოფილმი. ყველაზე ცნობილი და ლეგენდებით მოსილი ოპერაცია კი ბენიტო მუსოლინის, იგივე "დუჩეს" ტყვეობიდან გამოხსნას უკავშირდება.

1943 წელს იტალიაში სულ უფრო მეტად ძლიერდება ანტიფაშისტური მოძრაობა, რაც იმით სრულდება, რომ "დუჩეს" აპატიმრებენ. ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ მუსოლინის გათავისუფლება დადებითად იმოქმედებდა არმიის საბრძოლო განწყობაზე და ამ მიზნით სპეცოპერაციის ჩატარება ბრძანა. მისიის ხელმძღვანელის არჩევა თავად მოისურვა. სკორცენი კიდევ 5 კანდიდატთან ერთად ჰიტლერის რეზიდენციაში გამოცხადდა. ფიურერმა თითოეულ მათგანს მხოლოდ ორი კითხვა დაუსვა: ნამყოფი იყვნენ თუ არა იტალიაში და საერთოდ, რა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ. აღმოჩნდა, რომ იქ მყოფთაგან იტალიაში მხოლოდ სკორცენი იყო ნამყოფი, თანაც - ორჯერ. მეორე კითხვაზე კი ასეთი პასუხი გასცა - ჩემო ფიურერო მე გერმანელი ვარ. ამ პასუხით საბოლოოდ მოინადირა ჰიტლერის გული (მიანიშნებდა, რომ არ უყვარს იტალია, ვინაიდან იტალიამ ადრე გერმანელებით დასახლებული სამხრეთ ტიროლი წაართვა გერმანიას).

გადაწყდა, ოპერაციას სკორცენი უხელმძღვანელებდა. ორი თვე დასჭირდა იმის გაგებას, თუ სად ჰყავდათ ჩაკეტილი იტალიელებს მუსოლინი. აღმოჩნდა, რომ მას ისინი აპენინების მთებში არსებულ ერთ პატარა სასტუმრო "გრანდ სალოში" მალავდნენ, რომელიც გარესამყაროს მხოლოდ საბაგირო გზით უკავშირდებოდა. პარაშუტისტების გადასხმა ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან მაღალ სიმაღლეზე ჟანგბადის გაუხშოების გამო ზუსტ კოორდინაციას ვერ მოახერხებდნენ. ამიტომ კორცენმა გადაწყვიტა სასტუმროს ახლოს პატარა ვაკეზე პლანერებით დამჯდარიყო. ამისათვის 12 პლანერი შეირჩა, თითოეულში 10 მედესანტე იყო მოთავსებული. ორი მათგანი ჯერ კიდევ აფრენისას დაიმტვრა, ორიც ღორღიან მდელოზე დაჯდომისას. დანარჩენებიც ავარიულად დაეშვნენ, ასე რომ ოპერაციის გადამწყვეტი ფაზის დაწყებამდე უკვე 31 ჯარისკაცი დაკარგეს, მუსოლინის კი 250 კარაბინერი იცავდა. ოპერაციის შეწყვეტას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან უკან დასახევი გზა აღარ იყო, ამიტომ მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლეს და სასტუმროში შეცვივდნენ. მუსოლინის დაცვა ისე დაიბნა, რომ თავიდან მიმხვდურები ამერიკელები ეგონა, ხოლო როდესაც გამოერკვა უკვე გვიან იყო - სკორცენის მკლავებში მოქცეული მუსოლინი აღელვებისაგან ცრემლად იღვრებოდა. მთავარი სიურპრიზი კი გერმანელებს შემდეგ ელოდათ. როგორც აღმოჩნდა, იქ მყოფ იტალიელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ ეთაყვანებოდა "დუჩეს" და მის გათავისუფლებას სიხარულით შეხვდნენ. ასე რომ სპეცოპერაციის დროს ერთი ტყვიაც არ გავარდნილა. უკან "ძვირფას ტვირთთან" ერთად საბაგიროთი დაეშვნენ.

ერთი პრობლემა თვითმფრინავში ჩაჯდომისასაც წარმოიქმნა. მფრინავს მხოლოდ ერთი მგზავრის აყვანა შეეძლო, სკორცენს კი მუსოლინის ხელიდან გაშვება წუთითაც არ სურდა, ამიტომ გარისკა და ორადგილიან თვითმფრინავში სამნი მოთავსდნენ. გერმანიამდე მშვიდობიანად იმგზავრეს. იქ კი გებელსის პროპაგანდისტულმა მანქანამ მუსოლინის გერმანიაში ჩასვლა ნაციონალურ ზეიმად გადააქცია, ხოლო სკორცენი ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. მათ შესახვედრად საფრენ ბილიკზე თავად ფიურერი გავიდა. მან საკუთარი ხელით შეაბა ყელზე სკორცენს "რაინდის ჯვრის" ორდენი, თავის მხრივ მუსოლინიმ მისი მხსნელი "ასი მუშკეტერის" ორდენით დააჯილდოვა.

ამ ოპერაციის შემდეგ ოტო სკორცენმა კიდევ რამდენიმე სპეცოპერაცია განახორციელა, იყო ჩავარდნებიც. მათ შორის თეირანის ოპერაციისა. სადაც დიდი სამეულის შეხვედრაზე სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის მკვლელობა იყო დაგეგმილი. მკვლელს რეზიდენციაში სომხური სასაფლაოს მხრიდან გათხრილი გვირაბით უნდა შეეღწია. თუმცა საბჭოთა მზვერავის ნიკოლაი კუზნეცოვის მეცადინეობით, ოპერაცია ჩაიშალა (ამის შესახებ მოგვიანებით რუსებმა ფილმიც გადაიღეს).

ომის დასრულების შემდეგ სკორცენი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდა. მალე "ცივი ომი" გაჩაღდა და მისი უნარისა და გამიცდილების სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნილება შეიქმნა. ჯერ ამერიკაში წვრთნიდა დივერსანტებს, შემდეგ ევროპაში დაბრუნდა და პარიზში დასახლდა. აქ ნაცისტური წარსული გაუხსენეს და ტრიბუნალზე გადაცემას უპირებდნენ, ამიტომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეაფარა თავი. საბოლოოდ კი ყველაზე მყუდრო თავშესაფარი ფრანკოს ესპანეთში მონახა, სადაც სიკვდილამდე დიდ პატივში ჰყავდათ და ნეოფაშისტური ორგანიზაცია "პალადინიც" დააარსა.

დავით შალიკაშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს