ოზურგეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე "გურია ნიუსმა" ქალაქში მიმდინარე სამზადისის შესახებ რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელა.
"პრეზიდენტის ჩამოსვლამდე ქალაქის ცენტრში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, საგანგებოდ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ის ადგილები, სადაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა გაიაროს", - წერს გამოცემა.
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ გაზეთების გამავრცელებელს, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე მუშაობს, პირველი საათის შემდეგ გაზეთების გაყიდვა აუკრძალეს.
”ოზურგეთში პირველი საათის შემდეგ ცხოვრება რამდენიმე საათით უნდა "შეწყდეს". ამ დროის მონაკვეთში კი გურიის ხელისუფლება ეტყვის ქვეყნის პირველ პირს, რომ "ოზურგეთში და არა მარტო აქ, ცხოვრება მშვენიერია”, - წერს სააგენტო.
ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე რეპეტიციას გადიან - როცა დამრიგებელი თვალს ჩაუკრავს, "მიშა, მიშა" უნდა დასჭექონ!
ამავე გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა პოზიციებიც დაიკავეს - მათ "ავერსის" კლინიკისკენ აიღეს გეზი. ოზურგეთელმა პოლიციელებმა დავალებები ნახევარი საათის წინ, გამჭვირვალე პოლიციის შენობის ეზოში, პირადად თავიანთი შეფისგან მიიღეს - ისინი შეეცდებიან პრეზიდენტამდე იმ მოქალაქეებმა ვერ მიაღწიონ, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილისთვის წერილის გადასცემა სურთ.
მომზადებულია ”გურია ნიუსი”-ის მიხედვით.