ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტში შესაძლოა, ახალი კომპანია შევიდეს

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტში შესაძლოა, ახალი კომპანია შევიდეს

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტში შესაძლოა, ახალი კომპანია შევიდეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ განუცხადა.

ფოთის მერის განმარტებით, საუბარია, კომპანია "რაკია საქართველო-თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" პარალელურად, ინდუსტრიულ ზონაში ნაწილობრივ ახალი მენეჯმენტის შესვლაზე და აქციების გარკვეული ოდენობის გაყიდვაზე. თუ ვინ იქნება ეს ახალი ჯგუფი, ფოთის მერი, "რაკია საქართველო-თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს.

"ეს კერძო საკუთრებაა და არ შეგვიძლია ამაზე დავკონკრეტდეთ, მაგრამ მოსაზრებების დონეზე საუბარია მესაკუთრეების გარკვეული წილის ჩანაცვლებაზე, რომ შემოვიდეს კიდევ ერთი დიდი ფინანსური ჯგუფი, რომელიც, ჩემი აზრით, შექმნის იმ ვითარებას, რომ ინდუსტრიული ზონა გამოცოცხლდეს", - დასძენს ლემონჯავა.

ფოთის მერი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის არაეფექტურ მუშაობაზეც აკეთებს განმარტებას და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ზონის განვითარებას ხელი შეუშალა 2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ამ ტერიტორიაზე ბლოკ-პოსტების გახსნამ, შემდგომ პერიოდში კი, კომუნიკაციების არარსებობამ და არაეფექტურმა მენეჯმენტმა.

"ინდუსტრიულ ზონაში იყო კიდევ უარესი მდგომარეობა ორი წლის წინ. მოგეხსენებათ, რომ რუსული საოკუპაციო ჯარების ორი პოსტიდან, ერთი პრივატულ ტერიტორიაზე დადგეს, რამაც წელიწადნახევრის განმავლობაში ინდუსტრიული ზონის სრული პარალიზება გამოიწვია. მეორე დიდი პრობლემა იყო კომუნიკაციების არარსებობა - გზა, ელექტროენერგია, რკინიგზა, წყალი და ბუნებრივი აირი. იყო 5 თემა, რომლის გარეშეც ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებას ვერ დაიწყებდა", - დასძენს ლემონჯავა, რომელიც განმარტავს, რომ ეს პრობლემები უკვე დღის წესრიგში აღარ დგას.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წელს გამოვიდა. 2008 წლის 15 აპრილს კი, ინდუსტრიული ზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტი, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიიდან ფოთის პორტში თბომავალ "პატრიოტით" შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ