რაოდენ გემრიელი და სურნელოვანიც არ უნდა იყოს ტკბილეული, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად ლამაზად და მიმზიდველადაა შეფუთული. ამიტომ, ყველა პატარასათვის სანატრელი ნუგბარის გაფორმებაზე მწარმოებლები ცნობილი, ზოგჯერ დიდი მხატვრების შეწუხებასაც არ ერიდებოდნენ. ასე გაჩნდა დიდი რუსი მხატვრის ივანე შიშკინის ცნობილი ნახატის "დილა ფიჭვნარში" გამოსახულება, არანაკლებ ცნობილი რუსული "დათუნიას" შესაფუთ ქაღალდზე.
ყველა თაობას თავისი "საკულტო" კანფეტი აქვს. მაგალითად, ზემოთ ნახსენები "დათუნია" (ასევე მისი "შვილობილი" ბრენდი "ჩრდილოეთის დათვი") განსაკუთრებული პოპულარობით იმ თაობაში სარგებლობს, ახლა 40-ს რომ არის გადაცილებული. დღევანდელებს კი, ალბათ, "ჩუპა-ჩუპსის" თაობა შეიძლება ვუწოდოთ. ეს მართლაც ორიგინალური და "მოხმარებისათვის" უაღრესად მოხერხებული კონფიგურაციის კარამელი ჩვენმა პატარებმა, გასაგები მიზეზების გამო, მისი შექმნიდან ძალზე გვიან, გასული საუკუნის 90-იან წლებში დააგემოვნეს. არადა, ის ჯერ კიდევ 1958 წელს შექმნა ბარსელონელმა კონდიტერმა ენრიკ ბერნატმა.
ბერნატმა წარმოების გაფართოების მიზნით კონსალტინგურ ფირმას მარკეტინგული კვლევა შეუკვეთა და შედეგების გაცნობისას ერთი შეუსაბამობა აღმოაჩინა: მისი პროდუქციის მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა 16 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ, კანფეტების დამზადებისას კი რატომღაც მხოლოდ უფროსების გემოვნებას და აზრს ითვალისწინებდა. ბერნატმა გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ტკბილეული, რომელიც პატარებს მოეწონებოდათ, ხოლო მათ მშობლებს ნუგბარის მირთმევისას გამოწვეული ისეთი "გვერდითი მოვლენებისაგან" დაიცავდა, როგორიც გახლავთ მოდღუბნული სახე და გაწებილი ხელები, დასვრილი ტანსაცმელი, თეთრეული, ავეჯი, მანქანის სავარძლები და ა.შ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მარტივ ხერხს მიმართა: ბურთის ფორმის კანფეტი ხის პატარა ჯოხზე წამოაცვა. შედეგად, მიიღო საწუწნი კანფეტი, რომელიც გარეგნულად ორიგინალური და ლამაზი იყო, მისართმევად სახალისო და მოსახმარად პრაქტიკული.
რაკი ბარსელონელი იყო და პროდუქტსაც ბურთის ფორმა ჰქონდა, "გოლი" უწოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს სახელწოდება არ მოეწონა და "ჩუპსი" (საწუწნი), შემდეგ კი "ჩუპა-ჩუპსი" დაარქვა. ორი წლის განმავლობაში ახალმა ნუგბარმა ბავშვებში არნახული პოპულარობა მოიპოვა.
ბრენატმა თავის ფირმას სახელი გადაარქვა, "ჩუპა-ჩუპსი" უწოდა და მხოლოდ მის წარმოებაზე გადავიდა. მას, როგორც გამოცდილ ბიზნესმენს, ასევე კარგად ესმოდა ბავშვებისათვის შექმნილი პროდუქციისათვის რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარეგნულ სახეს. ამიტომ კანფეტის შესახვევი ქაღალდის გასაფორმებლად, არა რომელიმე ცნობილ დიზაინერს, არამედ სიცოცხლეშივე გენიად მონათლულ ესპანელ მხატვარს სალვადორ დალის მიმართა.
ალბათ, ის აიმედებდა, რომ დალის ტკბილეულის დიდი მოყვარულის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მართლაც, გუმანმა არ უმტყუნა - დიდმა მხატვარმა სავსებით სერიოზულად მიიღო ბერნატის ერთი შეხედვით, "არასერიოზული" შეკვეთა და მისი შესრულებისთვის საზღაურიც მოითხოვა - ბერნატს იგი ყოველდღიურად, სიცოცხლის ბოლომდე, 1 კოლოფი "ჩუპა-ჩუპსით" უნდა მოემარაგებინა.
დალიმ სამუშაო რამდენიმე საათში დაასრულა. ასე გაჩნდა "ჩუპა-ჩუპსის" "თავზე" ყველა პატარასათვის ნაცნობი ყვითელი ფერის გვირილა. დალიმ ლოგოტიპის განთავსების მანამდე არსებული ტრადიციაც დაარღვია და თავისი გვირილა კარამელს არა გვერდზე, არამედ ზედა მხარეს დაახატა. რაც შეეხება ანაზღაურებას, კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებდა შეთანხმებას და მალე დალის სახლი ტკბილეულით გაივსო. რაკი "ჩუპა-ჩუპსის" ასეთ რაოდენობას თავად ვერ ერეოდა, დალიმ მისთვის ჩვეულ, "სიურეალისტურ" ხერხს მიმართა - ყოველდღე მიდიოდა ბავშვების სათამაშო მოედანზე და თან კანფეტები მიჰქონდა კოლოფით. თითოეულ მათგანს რიგრიგობით ხსნიდა, ლოკავდა და მოედანზე მობნეულ ქვიშაში ყრიდა.
დავით შალიკაშვილი