როგორ იქმნება ”ოსკარი”

როგორ იქმნება ”ოსკარი”

26 თებერვალს ლოს-ანჯელესში კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება "ოსკარით" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს - მოოქროვილ "ოსკარს" 55 რჩეული მიიღებს. სწორედ ამ რაოდენობით განისაზღვრება პრიალა ქანდაკებათა ოდენობაც.

1929 წელს კი, როდესაც პირველი ცერემონია გაიმართა, მხოლოდ 7 ნომინაციაში რიგდებოდა ჯილდო და მას ხან რას ეძახდნენ და ხან რას. საკუთარი სახელი მხოლოდ "დაბადებიდან" 10 წლის თავზე ეღირსა.

იდეა 1927 წლის 11 მაისს ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის დაარსებიდან ერთი კვირის თავზე, საზეიმო წვეულებაზე ჰოლივუდის ყველაზე დიდი სტუდიის "მეტრო-გოლდუინ-მეიერის" მფლობელმა ლუის მეიერმა გაახმოვანა. კინოაკადემიის სპეციალური ჯილდოს დაარსების იდეა აკადემიის "მამებმა" ერთხმად მოიწონეს. სტუდიის მხატვარმა სედრიკ გიბონსმა შექმნა ესკიზი, რომლის მიხედვით 1928 წელს მოქანდაკე ჯორჯ სტენლიმ მინიატურული სკულპტურა გააკეთა (მისთვის ვინმე ემილიო ფერნანდესი პოზირებდა). ქანდაკება ასე გამოიყურებოდა: კინოფირების ხვიებზე იდგა რაინდი, რომელსაც ორივე ხელით მკერდზე მახვილი ჰქონდა მიკრული. 

ხვიების რაოდენობა 5-ით განისაზღვრებოდა, რაც სიმბოლურად კინემატოგრაფისტთა 5 უმთავრეს - მსახიობთა, რეჟისორთა, სცენარისტთა, პროდიუსერთა და კინომექანიკოსთა გილდიებს განასახიერებდა. აღსანიშნავია, რომ ქანდაკების ფორმა დღემდე არ შეცვლილა, მხოლოდ მცირედ დაიხვეწა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. ჩამოსხმის ტექნოლოგია და გამოყენებული მასალა კი მალევე შეცვალეს.

1929 და 1930 წლებში ლაურეატებისათვის გადაცემული ჯილდოები ხელნაკეთი იყო. მათ თავიდან ბრინჯაოში ასხამდნენ, ხოლო შემდეგ უმაღლესი ხარისხის ოქროს თხელი ფენით ფარავდნენ. შემდეგ პროცესი უფრო გართულდა: ჯერ ყალიბში თუჯს ასხამენ. მიღებულ ფორმას რიგრიგობით ფარავენ სურმით, სპილენძით, ნიკელითა და ვერცხლით. შემდეგ დგება ყველაზე მნიშვნელვანი ფაზა - ნაკეთობა 24-კარატიანი ოქროს ფენით იფარება და ამგვარად იძენს საბოლოო სახეს. დღემდე "ოსკარი" ასე კეთდება და მას უკვე ათწლეულების მანძილზე ჩიკაგოში არსებულ ერთ პატარა საამქროში ასხამენ. ერთი სტატუეტის გაკეთება, რომლის სიმაღლე 34 სმ, ხოლო წონა 3,8 კგ-ია, აკადემიას 328 დოლარი უჯდება.

ჯილდო 2 წლის მანძილზე უსახელოდ არსებობდა. მხოლოდ 1939 წლის ცერემონიაზე ახსენეს პირველად დღეისთვის მსოფლიოში ცნობილი სიტყვა - "ოსკარი". მისი წარმოშობის თაობაზე ორი ვერსია არსებობს.

პირველი: როდესაც მეიერის სტუდიის ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ხერიკმა ლაურეატთათვის განკუთვნილ სტატუეტს შეხედა, წამოიძახა: "ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს ბიძაჩემ ოსკარს". შერქმეული სახელი ყველას მოეწონა. თავიდან ვიწრო წრეში მოიხსენიებდნენ ამგვარად ოქროს რაინდს, შემდეგ კი ოფიციალურადაც დაუკანონეს (ეს "ნათლობა" ბედნიერი აღმოჩნდა ხერიკისათვის - მალე ის მეიერის სტუდიის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს).

მეორე ვერსიაც პირველის მსგავსია: ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა ბეტ დევისმა ის თავის პირველ ქმარს მიამსგავსა, რომელსაც ოსკარი ერქვა.

ასეა თუ ისე, 1931 წლიდან მოყოლებული "ოსკარი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მსოფლიოში. შესაბამისად, მასზე მოთხოვნაც ძალზე დიდია. კინოაკადემიამ ეს გაითვალისწინა და ისეთი კანონი მიიღო, რომ ლაურეატებს "ოსკარის" კომერციული მიზნით გამოყენება, ანუ გაყიდვა უკიდურესად გაურთულა: პირი, რომელიც მას გასაყიდად გაიმეტებს, თავიდან ვალდებულია ნივთი კინოაკადემიის წევრებს შესთავაზოს 1 დოლარად და თუ შეძენის მსურველი არ გამოჩნდა, მხოლოდ ამის შენდეგ გაიტანოს აუქციონზე. მიუხედავად ამისა, ოსკარები მაინც ხვდება აუქციონებზე. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც 1939 წელს დევიდ სელზნიკს გადასცეს ფილმისთვის "ქარწაღებულნი", 1999 წელს მაიკლ ჯექსონმა შეიძინა 1,5 მილიონ დოლარად.

"ოსკარი" თავგადასავლებშიც გახვეულა. 1942-1944 წლებში მას ოქროს საფარველი შემოაცალეს და თაბაშირისაგან ჩამოასხეს - ამერიკა მსოფლიო ომში იყო ჩაბმული და ქანდაკებებისთვის ძვირფასი ლითონი არ ემეტებოდათ, თუმცა, ომის დასრულების შემდეგ, მაშინდელ ლაურეატებს თაბაშირის ჯილდოები ოქროშიამოვლებულით შეუცვალეს.

გაუტაცებიათ კიდეც. ერთ-ერთი დაჯილდოების წინ, როდესაც ჩიკაგოდან ლოს-ანჯელესში ჩამოტანილი ყუთები გახსნეს, ისინი ცარიელი აღმოჩნდა. გამოცხადდა ძებნა, მპოვნელს 50 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოსაც დაჰპირდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ცერემონიამ ჩიკაგოში სასწრაფო წესით დამზადებული ქანდაკებებით ჩაიარა. "ორიგინალებს" კი მოგვიანებით მიაგნეს: ერთი ლოს-ანჯელესელი უსახლკარო, ვინმე უილ ფულგირი მათ შემთხვევით გადააწყდა, როდესაც ნაგვის ყუთებში იქექებოდა ქალაქის კორეულ კვარტალში.

დავით შალიკაშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს