ვინ იცავს რუსულ ბიზნესს საქართველოში?

ვინ იცავს რუსულ ბიზნესს საქართველოში?

"სააკაშვილსა და პუტინს შორის გამართული ვირტუალური ომის უკან დიდი სიყვარული იმალება", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი... ეკონომიკური თუ პოლიტიკური ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგობერკეტები არამეგობრულად, უფრო სწორად - მტრულად განწყობილი ქვეყნის ხელშია მოქცეული. "ინტერ რაოს" შვილობილი კომპანია "თელასი", "ჯორჯიან ვოტერ ენდ ფაუერი", "ბილაინი", "ლუკოილი", "მადნეული", "კვარციტი" - საქართველოში შემოსული რუსული კომპანიების სიას ჟურნალი "ფორბსი" აქვეყნებს. ჩვენს ქვეყანაში სხვა, ასევე რუსული "იტერაც" მუშაობს, რომელიც რეგიონებში გაზის რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას, ასევე "ვითიბი" ბანკსა და მობილურ ოპერატორ "ვიმპელკომსაც" ფლობს.

"ფორბსის" ინფორმაციით, 2010 წელს რუსეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა და მსხვილი კომპანიების გარდა, შედარებით "მოკრძალებულმა" ინვესტორებმაც სარფიანად დააბანდეს კაპიტალი. მაგალითად: რუსული კომპანია "ენ-ბი-ეს კაპიტალის" თანამფლობელმა, პაველ კუროშმა ჩვენს ქვეყანაში 300 ჰექტარი სავარგული იყიდა და ზეთისხილის პლანტაციები გააშენა; ასევე რუსეთის მოქალაქე, ეგორ კრიუკოვმა თბილისში ჯერ ავტომობილების პროფესიონალური სადიაგნოსტიკო ცენტრი, შემდეგ კი რესტორანი "ფერგანა" გახსნა; სიმონ პოვარენკინის საკუთრებაში კი საიუველირო და არყის ქარხნებია. გარდა ამისა, ის დარიშხანის ლუხუმის საბადოს მართვის უფლებითაც სარგებლობს და აპირებს, საქართველოში ნავთობის მოპოვებაშიც სცადოს ბედი. მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომელი, ანდრეი სუზდალცევი ამბობს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რუსეთისთვის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო "ლიბერალიზმის ოაზისია".

აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოცემა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული კომპანიების საქართველოში შემოსვლას არ შეუშლიდა ხელს. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ბიზნესინტერესი გაჩნდება, მით უფრო მცირე იქნება პოლიტიკური ზეწოლა. ამავე გამოცემამ სუზდალცევის განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ის ამბობს, - რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის ბიზნესს პოლიტიკისგან განცალკევებით განიხილავსო. შესაძლებელია თუ არა ბიზნესისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან განცალკევებით განხილვა, რა სახის ენერგობერკეტებს ფლობს ოკუპანტი მეზობელი ჩვენს ქვეყანაში და რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ მისგან? - ამ კითხვებით ექსპერტებს ეკონომიკურ საკითხებში - სოსო ცისკარიშვილსა და გია ხუხაშვილს მივმართე.

გია ხუხაშვილი:

-  XXI საუკუნეში - ანუ გლობალიზაციის ეპოქაში ბიზნესისა და პოლიტიკის ცალ-ცალკე განხილვა არასერიოზულობაა. ამ ეპოქაში ქვეყნების ოკუპაციისთვის ტერიტორიების დაპყრობა სულაც არ არის აუცილებელი. ქვეყანა ღია ტიპის სააქციო საზოგადოებას ჰგავს, სადაც თამაშის წესებს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გვიკარნახებს. მაგალითისთვის ავიღოთ "რაო ეესის" შვილობილი კომპანია "თელასი", რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადასახადებით სულს ხდის.

ელექტროენერგიის თვითღირებულება ძალიან დაბალია, ჩვენ კი მისი მოხმარებისთვის საოცრად მაღალ ფასს გვახდევინებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია "ზემოგებაზე" მუშაობს. მიკვირს, კრემლმა საქართველოს მარეგულირებელ კომისიას ასეთი რა გარიგება დაუდო, რომ სატარიფო განუკითხაობაზე თვალს ხუჭავს? სატარიფო პოლიტიკაც ხომ ბერკეტია! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დენის გადასახადს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც მიება, გამოდის, რომ "თელასის" წყალობით, "რაო ეესის" ხელში ქმედითი სოციალური ბერკეტი მოხვდა. "თელასს" თბილისში მცხოვრები ნებისმიერი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ სრული სურათი აქვს. ის ამ ინფორმაციას აბსოლუტურად ლეგალურად იღებს და ასევე ლეგალურად აწვდის თავისი ქვეყნის სპეცსამსახურებს.

ჩვენი ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ რუსეთს საქართველოში აგენტურა ჰყავს და მოღალატეებს ოპოზიციაში ეძებენ. არადა, თავადვე ქმნიან ინტეგრირებულ სისტემებს და თავადვე ლობირებენ. შეგახსენებთ, "რაო ეესი" ბიზნესსტრუქტურა კი არა, რუსული სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც პოლიტიკური მოტივაციით, პირდაპირ კრემლიდან იმართება. შესაბამისად, მისი შვილობილი "თელასის" მოგება და შემოსავლები პირდაპირ კრემლში მიდის, კრემლი კი ჩვენივე ფულით, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციებს აფინანსებს. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ "რაო ეესის" ყოფილი "ტოპმენეჯმენტი" "თბილისის წყალსაც" მართავს. ამასთან დაკავშირებით კომპეტენტურ პირებს კითხვებიც დავუსვით, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ასევე, ეჭვი გვაქვს "ენერგო პროზეც", რომელიც საქართველოში რეგიონულ დისტრიბუციას ახორციელებს...

სოსო ცისკარიშვილი:

-  ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რამდენიმე თვეში "ინტერ რაო ეესი" და საქართველოს მთავრობა აფხაზეთის საზღვართან მდებარე, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ. როგორც კი საზოგადოება ამ ხელშეკრულების შინაარსით დაინტერესდა, ხელისუფლებამ ის მაშინვე გაასაიდუმლოა. საინტერესოა, ასეთი რა საიდუმლო უნდა ჰქონდეთ სააკაშვილსა და პუტინს? მაინც, რას უმალავენ ქართველ და აფხაზ ხალხს?

გია ხუხაშვილი:

-  ხელისუფლების მიერ მართული ტელეკომპანიები მთელ რიგ სიუჟეტებს უძღვნიან ბიძინა ივანიშვილის "გაზპრომთან" კავშირს. არადა, "გაზპრომის" ფული აქ ბენდუქიძემ ჩამოიტანა. მან ამ კომპანიას მთელი თავისი აქტივები მიჰყიდა, შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და ეკონომიკის მინისტრი გახდა. ის ყოველთვის ღიად, თავხედურად ლობირებდა "გაზპრომის" ინტერესებს და ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ ქართულ მხარეს ამ კომპანიისთვის მაგისტრალური გაზსადენი მიეყიდა, - ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რატომღაც, ხმას არავინ იღებს.

სოსო ცისკარიშვილი:

-  ხელისუფლებას გაზსადენის გაყიდვის სურვილი ჯერ კიდევ არ გაჰქრობია. მათ ამ სურვილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდია პერიოდულად უღვივებს. ამ კაცს აჩემებული აქვს, - გაზსადენის გაყიდვის იდეის ავტორი მე ვარ და ეს ჩანაფიქრი სისრულეში უნდა მოვიყვანოთო. საკანონმდებლო უწყებაში ასეთ არამკითხე მოამბეთა დეფიციტი რომ არ გვაქვს, ამიტომაც იყიდება მთელი ქვეყანა. ბენდუქიძის მმართველობის პერიოდში ყველაფერი სატენდერო კომისიებისა და ოქმების გარეშე იყიდებოდა, მაღალჩინოსნები სახელდახელო ვაჭრობაში იყვნენ ჩაბმული.

-  ე.ი. რუსეთი საქართველოს ეკონომიკურ ოკუპაციას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახორციელებს?

გია ხუხაშვილი:

-  რადგან საქართველოში ენერგოდისტრიბუციას და მისი გენერაციის გარკვეულ ნაწილს რუსეთი აკონტროლებს, რადგანაც მას სერიოზული წილები აქვს ტელესაკომუნიკაციო სისტემებსა და ოქროს ბიზნესში, შეიძლება ითქვას, უკვე ოკუპირებული ვართ.

-  ეკონომიკური ოკუპაციის წინააღმდეგ რაიმე ბერკეტები თუ გვქონდა?

-  კი, გვქონდა და ამ კუთხით ხელისუფლებას არაერთი წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ ის ხალხი, ვინც ახლა გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიყოთ ანტირუსები, ეკონომიკური რისკებისგან თავდაცვის მექანიზმების შემუშავებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ამ ხელისუფლებამ ქვეყანა დიდი ხნის წინ მიჰყიდა რუსებს და ახლა ვირტუალური ომით შემოიფარგლება. მათი მხრიდან რუსეთის მისამართით მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, რეალური ბრძოლა კი არ ჩანს.

-  ვაშინგტონში სააკაშვილის ვიზიტისას ობამამ საქართველო-ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ბაზარზე ამერიკელები ინვესტიციებს ჩადებენ?

სოსო ცისკარიშვილი:

-  ჩემი აზრით, ეს გზავნილი რუსეთისთვის უფრო იყო გამიზნული, ვიდრე - საქართველოსთვის. მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ხულიგნობს, ამერიკა კი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, კრემლის თავხედობაზე აქცენტი რომ არ გააკეთოს. საქართველო-ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის დამყარება საკმაოდ შორეული პერსპექტივაა. როდესაც ობამამ ახალ სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა, ისიც აღნიშნა, რომ მანამდე საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი და ბევრი რამ - გასაკეთებელი.

ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამერიკელები გაუაზრებლად არ იქცევიან და არც ნაჩქარევ ნაბიჯს დგამენ. ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ დღეს ენერგობერკეტები რუსეთის ხელშია და კრემლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქ სხვა ქვეყნის ინვესტორები არ ამუშაოს. შეგახსენებთ, აგვისტოს ომის დროს რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს კასპის ცემენტის ქარხანა, რომელიც გერმანელების საკუთრება გახლდათ, მიწასთან გაასწორეს არაბების საკუთრებაში არსებული ფოთის პორტი, ბანდიტურად დააყაჩაღეს თურქების უალკოჰოლო სასმელების ქარხანა, რომელიც ახალგორის ტერიტორიაზე იყო და ამ დროს, ბეღურაც კი არ აფრენილა იმ ელექტროსადენებთან, რომლებიც რუსული კაპიტალის მფლობელობაშია (მხოლოდ ენერგოდისტრიბუტორ კომპანიებს არ ვგულისხმობ, მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მაქვს მხედველობაში). ამ ნაბიჯით რუსეთმა დასავლეთს მიანიშნა, რომ საქართველოში მხოლოდ რუსული კაპიტალი იქნება უსაფრთხოდ.

კრემლს უცხოელი, უფრო სწორად - არარუსი ინვესტორების დაფრთხობაში ჩვენი ხელისუფლებაც უწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გილაურმა ებრაელი ბიზნესმენები პირადად მოიწვია და დააპატიმრა. ასეთი ფაქტის შემდეგ რომელი უცხოელი მოინდომებს საქართველოში ინვესტიციის ჩადებას, თუ, რა თქმა უნდა, თავადაც ინტრიგანი არ იქნება?! ვიდრე ქვეყნის სათავეში რუსული ბიზნესინტერესების გამტარებელი ხელისუფლება გვყავს, ამერიკასთან თავისუფალ ვაჭრობასა და ნატოში შესვლაზე ლაპარაკი "ათას ერთი ღამის ზღაპარია" და სხვა არაფერი.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ