სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 2011 წელს საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების შესახებ საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა საინვესტიციო მონაგარის მიმართ მთავრობის მოლოდინი ისევ ოპტიმისტურია. სამაგიეროდ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, მეგობარ უკრაინაშიც, გასულ წელს შემოსული უცხოური ინვესტიციების საერთო ოდენობა უკვე დაითვალეს და ციფრებიც გამოაქვეყნეს. კერძოდ, სომხეთში 2011 წელს 1 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, აზერბაიჯანში - 3 მლრდ დოლარზე მეტი, უკრაინაში - 7,5 მლრდ დოლარი, რუსეთში კი მთელი წლის განმავლობაში 48,5 მლრდ დოლარის უცხოური კაპიტალი დააბანდეს.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 2011 წლის საბოლოო მონაცემი ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ 2011 წელს ინვესტიციებმა 2010 წლის მაჩვენებელს გაუსწრო, მაგრამ იმავდროულად შარშანდელი საინვესტიციო მონაგარი 2007 წლის მონაცემებს ბევრად ჩამორჩება.
არსებობს პროგნოზები და ამ მხრივ ყველაზე ოპტიმისტი, როგორც ყოველთვის, საქართველოს მთავრობაა - 1 მილიარდი დოლარი. "ბიჯი კაპიტალის" პროგნოზით 2011 წელს 900 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, სავალუტო ფონდი კი 850 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას პროგნოზირებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის სამ კვარტალში 643 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. აქედან, პირველ კვარტალში შემოვიდა 174 მილიონი დოლარი, მეორე კვარტალში - 203 მილიონი, მესამე კვარტალში კი 266 მილიონი დოლარი. ყველაზე მსხვილი ინვესტორი ნიდერლანდებია, მას მოსდევს დანია, შემდეგ კვიპროსი და თურქეთი.
ეკონომიკის მინისტრს, ვერა ქობალიას ეიმედება, რომ მილიარდიან საინვესტიციო გეგმას ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში შემოსული ფულით შეასრულებს. ინვესტიციის მოცულობის 1 მილიარდამდე შეკოწიწებას ვარაუდობს საქართველოს პრემიერი, ნიკა გილაურიც.
"2011 წლის 3 კვარტლის წინასწარი მონაცემებით ქვეყანაში პირდაპირი უცხიური ინვესტიციების სახით შემოსულია 640 მლნ დოლარი. თუმცა, წინასწარ ინფორმაციასა და დაზუსტებულ ინფორმაციას შორის ზოგჯერ დიდი სხვაობაა და ჩვენს შემთხვევაში სახეზეა ზრდა. საბოლოო ჯამში, 2011 წელს ჩვენ 1 მილიარდ დოლარამდე ავალთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით", - განაცხადა გილაურმა.
ახლა რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურებმა 2011 წელს მათ ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში გამოაქვეყნეს.
როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია რუსეთში განხორციელდა, შარშან იქ მთელი წლის განმავლობაში 48,5 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიცია შევიდა, რაც, რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 28,3%-ით მეტია 2010 წლის მაჩვენებელზე.
2011 წლის პირველ კვარტალში რუსეთში 15,4 მლრდ დოლარის უცხოური კაპიტალი დააბანდეს, მე-2 კვარტალში - 10,5 მლრდ დოლარის, მე-3 კვარტალში - 9,7 დოლარის, მე-4 კვარტალში კი 12,9 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
მეზობელ ქვეყნებს შორის ინვესტიციების რაოდენობის მხრივ მე-2 ადგილზეა აზერბაიჯანი. შარშან იქ სულ 2515,958 მლნ აზერბაიჯანული მანათის უცხოური ინვესტიცია შევიდა, რაც 3 მლრდ დოლარზე მეტია. ამასთან, აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 3,2%-ით მეტი ინვესტიცია შევიდა.
2011 წელს აზერბაიჯანში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან განხორციელდა, საერთო ჯამში - 1122,855 მლნ აზერბაიჯანული მანათი, რაც დაახლოებით 1,4 მლრდ დოლარს შეადგენს. 360,657 მლნ მანათით, ანუ დაახლოებით 455 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა ამერიკა. აზერბაიჯანში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობის მხრივ მესამეა იაპონია. შარშან ამომავალი მზის ქვეყნიდან მეზობელ აზერბაიჯანში სულ 228,402 მლნ მანათის (დაახლოებით 290 მლნ დოლარი) ინვესტიცია შევიდა.
ინვესტიციების მოცულობის მხრივ მე-4 ადგილზეა ნორვეგია, შარშან აზერბაიჯანში ამ ქვეყანამ 127,713 მლნ მანათის (დაახლოებით 161 მლნ დოლარი) ინვესტიცია განახორციელა. მე-5 ადგილზეა თურქეთი - 103,85 მლნ მანათით (დაახლოებით 130 მლნ დოლარი). 2011 წელს აზერბაიჯანში 99,993 მლნ მანათის (დაახლოებით 125 მლნ დოლარი) ინვესტიცია განახორციელა ჩეხეთმა, ხოლო საფრანგეთიდან 45,752 მლნ მანათი (დაახლოებით 56 მლნ დოლარი) შევიდა.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, 2011 წელს აზერბაიჯანში მსოფლიო ბანკმა 185,475 მლნ დოლარის, დაახლოებით 234 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა; ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა - 132,286 მლნ მანათის, დაახლოებით 167 მლნ დოლარის; აზიის რეკონსტრუქციის ბანკმა - 60,508 მლნ მანათის, დაახლოებით 76 მლნ დოლარის; ისლამის რეკონსტრუქციის ბანკმა კი აზერბაიჯანში სულ რაღაც 2,062 მლნ მანათის, დაახლოებით 2,6 მლნ დოლარის ინვესტირება მოახდინა.
2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 15-16%-ით გაიზარდა სომხეთში. როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ტიგრან დავითიანი აცხადებს, 2011 წელს ქვეყანაში სულ 1 მლრდ დოლარის უცხოური კაპიტალი დააბანდეს.
"ბოლო წლებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მხრივ ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, ამიტომაც გაიზარდა ინვესტიციების რაოდენობა", - აღნიშნა დავითიანმა.
გარდა მეზობელი ქვეყნებისა, შარშან უცხოური ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდა საქართველოს მეგობარ უკრაინაშიც. როგორც უკრაინის საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადისლავ კასკიევი აცხადებს, 2011 წელს ქვეყანაში სულ 7,5 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
"2011 წლის აპრილში საინვესტიციო რეფორმების პრეზენტაციისას ჩვენ განვაცხადეთ, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში 7,5 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდოდა. განსხვავებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, რომელთა ვარაუდით შარშან ქვეყანაში 4,7-დან 5,3-მდე მლრდ დოლარი შემოვიდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. მიუხედავად მსოფლიო ფინანსური კრიზისისა, მიზანი მიღწეულია და ჩვენ 2011 წელს 7,5 მლრდ დოლარის მოზიდვა შევძელით", - დასძინა კასკიევმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაზაფხულზე გამოაქვეყნებს. ექსპერტის, შოთა მურღულიას განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკას რეალურად დაეტყოს უცხოური ინვესტიციები, იგი მთლიანი შიგა პროდუქტის 20-30%-ის ფარგლებში მაინც უნდა იყოს.
"ამ შემთხვევაში აშკარად ჩნდება სერიოზული იმპულსი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღმავლობისათვის. ეს კი სულ მცირე 2,5 მილიარდი დოლარი მაინც არის წელიწადში", - ამბობს მურღულია.
ექსპერტების განცხადებით, უცხოელებს სჭირდებათ ზუსტად ისეთივე ინფორმაციული ველი საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსების თაობაზე, როგორც ეს მათ საკუთარ ქვეყნებში აქვთ.
ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის მე-4 კვარტალში აღინიშნა და მან 702,907 მილიონი დოლარი შეადგინა, შესაბამისად, 2007 წელი 2,014-მილიარდიანი კაპიტალდაბანდებით დასრულდა.
ელზა წიკლაური