რას მოუტანს საქართველოს 40 ახალი ჰესის აშენება?

რას მოუტანს საქართველოს 40 ახალი ჰესის აშენება?

დღეს ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება აშკარად გაუმჯობესებულია: აღარავის უწევს ბებიის ნაქონ ნავთქურაზე სადილის მომზადება, უბნებში კი არსად ჩანს კოცონი, სადაც მეზობლები ერთმანეთს უშუქობით გამოწვეულ აღშფოთებას უზიარებენ, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროს მაინც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ოპონენტთა მოსაზრებებს უპასუხებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიკა ვალიშვილი.

- ქალბატონო მარიკა, ინფორმაციამ, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ტერიტორიაზე 15 ჰესი უნდა აშენდეს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირველ ყოვლისა, ვინ აშენებს ამ ჰესებს?

- 15 ჰესის აშენება - ეს არის მინიმუმი. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება იყოს დაცული, ხოლო მოსახლეობა - შუქით უზრუნველყოფილი. დღესვე უნდა ვიფიქროთ, რომ 15-20 წლის შემდეგ ეს პრობლემა არ დაგვიდგეს. ამ ჰესებიდან არც ერთს არ აშენებს სახელმწიფო, ისინი აშენდება ინვესტორთა სახსრებით. 15 ჰესი - ეს არის დასაწყისი. თითოეული მათგანის აშენებაზე გადაწყვეტილებას იღებს ინვესტორი იმის გათვალისწინებით, თუ რა ბაზარი არსებობს საქართველოში და როგორია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი. თუ ინვესტორი დაინახავს, პროექტი უპერსპექტივოა, თვითონვე იტყვის უარს მის განხორციელებაზე. ამ 15 ჰესის აშენება უკვე გადაწყდა, რადგან მათ მიერ გამომუშავებული პროდუქციის რეალიზაცია სავსებით რეალურია.

- სად უნდა გაიყიდოს გამომუშავებული ელექტროენერგია? ცნობილია, რომ თურქეთი თვითონ ცდილობს ჰესების აშენებას ენერგოუსაფრთხოების მხრივ დაცული რომ იყოს.

- საქართველოს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე თურქეთთან შედარებით უმნიშვნელოა, დღეს თურქეთი დაახლოებით ათჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ჩვენთან შედარებით. ეკონომიკური ზრდის პარალელურად თურქეთში კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და ისინი ცდილობენ, დეფიციტი ბუნებრივი აირით შეავსონ. ბუნებრივია, ამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეეშლება, თუ ელექტროენერგიის დეფიციტი ექნებათ. ჩვენ მიერ ჩაფიქრებული ორმოცივე ჰესიც რომ აშენდეს, ეს იქნება დაახლოებით სამი თუ ოთხი პროცენტი თურქეთის მოთხოვნისა. ამიტომ, ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თურქეთის ბაზარი მზად არ იქნება ჩვენს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მისაღებად. როგორც თურქეთი, ასევე ევროპის ქვეყნებიც დიდძალ ფულს დებენ ამ სფეროში. საქართველოსთვის აუცილებელია დამატებითი სიმძლავრეები, მაგრამ ეს პროექტები კომერციულად მიმზიდველი რომ გავხადოთ, უნდა გვქონდეს საექსპორტო ბაზარი. თუ ეს პროექტები გათვლილი იქნება მხოლოდ საქართველოს მოთხოვნაზე, წარმატება გამორიცხულია.

- რატომ?

- ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს ზაფხულში, ხოლო ზამთარში დეფიციტური პერიოდი დგება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტები რომ განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მიზნებისთვის, არ იქნება კომერციულად მიმზიდველი. სახელმწიფოს უნდა დაეხარჯა მილიონობით დოლარი იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდის დეფიციტი აღმოგვეფხვრა და მოსახლეობა უზრუნველყოფილი გვყოლოდა უახლოესი 10 წლის განმავლობაში, ამიტომაც ავირჩიეთ გზა კომერციულად მოტივირებული პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს და ინვესტორების მოლოდინსაც გაამართლებს.

- ქალბატონო მარიკა, რა ეტაპზეა ამჟამად 15 ჰესის მშენებლობა და რომელია მათ შორის პრიორიტეტული?

- ჰესების მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეს არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები, პირველი ჰესის საექსპლოატაციოდ გაშვება დაგეგმილია 2014 წელს. 2016 წლისათვის კი 15-ვე პროექტი დასრულების ფაზაში უნდა იყოს. თუმცა, რამდენიმე პროექტზე ახლაც მიმდინარეობს მსჯელობა, გამართლებულია თუ არა მათი აგება ეკონომიკური ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით. მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპები, ინვესტორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თანახმაა განაგრძოს მშენებლობა, ან რაღაც მიზეზების გამო უარი თქვას პროექტზე. 15-ვე ჰესის აგება მნიშვნელოვანია, თუმცა პრიორიტეტი სახელმწიფოსათვის არის ის ჰესები, რომლებიც ზამთრის დეფიციტს აღმოფხვრის. დოვლათისა თუ სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით კი ყველა ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია, მათი აშენება ნიშნავს იმ რეგიონების განვითარებასა და წინსვლას, სადაც ისინი უნდა აშენდეს. ეს ძირითადად მცირე და საშუალო ჰესებია, მაგრამ არის სამი მსხვილი პროექტი, რომელზეც დღემდე მსჯელობენ - ესენია ნამახვანის, ხუდონისა და ნესკრას ჰესები. ეს იქნება კაშხლიანი ჰესები, რომლებმაც უნდა დაფაროს სეზონური დეფიციტი, რომელიც ზამთარში გვაქვს.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს პროექტები ეკოლოგიური თვალსაზრისით გაუმართლებელია და მათ განხორციელებას შეიძლება რამდენიმე სოფლის დატბორვაც მოჰყვეს. რას უპასუხებდით მათ?

- ოპონენტები გვყავს როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებითაც. ეკონომიკური გუნდი გვაკრიტიკებს, რომ თვითონ სახელმწიფო უნდა აშენებდეს ამ პროექტებს. მათი თქმით, სახელმწიფომ უნდა ჩადოს ამ სფეროში ინვესტიციები, რომ შემდეგ მოგება თვითონ დაიტოვოს. რაც შეეხება ეკოლოგიას, ძალიან მიკვირს, როდესაც ამ ხალხის კრიტიკას ვისმენ: სხვა შემთხვევაში მათთვის ეტალონია ნორვეგია, შვეიცარია თუ ავსტრია. ამ ქვეყნების ენერგეტიკული სისტემა დამყარებულია მსხვილ, კაშხლიან ჰესებზე. ასეთ ჰესებს კი დიდი ტერიტორია სჭირდება.

კრიტიკა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ის საფუძვლიანი უნდა იყოს. ჩვენი ამოცანაა, ჰესები აიგოს ისე, რომ რაც შეიძლება მინიმალური ზარალი მიადგეს გარემოს. თქვენ წეღან სოფლები ახსენეთ, რომლებიც თურმე შეიძლება დაიტბოროს, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. ისიც ხომ უნდა ვთქვათ, რომ ამ სოფლებში ხალხი ცხოვრობს დაჭაობებულ ტერიტორიაზე, ნესტიან სახლებში და ელოდება კომპენსაციის მიღებას, ცხოვრების პირობები რომ გაიუმჯობესოს. ამასთანავე, ეს არის რეგიონული პროექტები, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ჩვენ არ ვაპირებთ საერთაშორისო ნორმების იგნორირებასაც, მსოფლიოში არსად აუკრძალავთ მსხვილი ჰესების მშენებლობა, დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სამასამდე მაღალკაშხლიანი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ არ უნდა ავაშენოთ, მაგრამ ალტერნატიულ გზას ვერ გვაჩვენებენ. ჩვენ მათ ვთხოვთ, შემოგვთავაზონ ამ გზის ალტერნატივა, მაგრამ მათი პასუხი ყველა კითხვაზე არის ერთი - "არა"! დარწმუნებული ვარ, ნორვეგიას ან ავსტრიას რომ ჰქონდეს რესურსი, ნამდვილად არ შეაფერხებდნენ მსხვილი ჰესების მშენებლობას, უბრალოდ, მათ უკვე ყველა რესურსი ათვისებული აქვთ. არავინ აშენებს მსხვილ ჰესებს იმ მიზნით, რომ ბუნება დააზიანოს და დაანგრიოს. ეს ბრალდება კი არა, უბრალოდ, სისულელეა.

- მოსახლეობა ჩივის, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასი ძალიან მაღალია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტარიფი მომავალშიც გაიზრდება.

- ეს იმიტომ, რომ სოციალურად დუხჭირ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყველგან, სადაც ტარიფი ჩვენზე დაბალია, სახელმწიფო ახდენს ამ დარგის სუბსიდირებას. ასეა, მაგალითად, აზერბაიჯანში, რომელსაც აქვს ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი მარაგი. ჩვენ კი არც ნავთობი გვაქვს და არც იმის რესურსი, რომ ამ დარგის სუბსიდირება სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე. რამდენიმე წლის წინ ათმაგიც რომ გადაგვეხადა, შუქი მაინც არ გვქონდა, იმიტომ, რომ ელექტროენერგია არ იყო. გარწმუნებთ, საქართველოში ელექტროენერგიას აქვს ის ფასი, რაც ჯდება მისი მიტანა მოსახლეობამდე. ეს არის მოთხოვნა-მიწოდების პირობებში ჩამოყალიბებული ლოგიკური ფასი. მთლიანად დარგის სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ, ტარიფის გასაიაფებლად უფრო დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ დღევანდელი ფასი. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ გაძვირდა ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი, მაგრამ ელექტროენერგიას ეს არ შეხებია.

- თუმცა, გადასახადი მაინც გაიზარდა იმის გამო, რომ დასუფთავების გადასახადი მიაბეს ელექტროენერგიის ტარიფს.

- ეს ჩვენ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ მოხმარების თვალსაზრისით ხელს გვაძლევს. რატომ? - თუ ყველა იფიქრებს ოჯახის ბიუჯეტის ეკონომიაზე, ელექტროენერგიაც დაიზოგება, რაც იმის გარანტიაა, რომ დეფიციტი არ შეიქმნება. მესმის, რომ საზოგადოება არ მიესალმება გადასახადების ზრდას და თავისი ფინანსური მდგომარეობის დამძიმებას, მაგრამ ვაღიაროთ - ყველას უხარია ხელფასის მომატება, სახელმწიფო გადასახადის გაზრდა კი არავის მოსწონს. თქვენ სხვაგვარ რეაქციას ელოდით? - სხვაგვარი რეაქცია ლოგიკური არც იქნებოდა.

ცნობისათვის

საქართველოში 40 ჰესის მშენებლობის პროექტი უნდა განხორციელდეს, ამ ჰესების ჯამური სიმძლავრე 1872 მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 7350 მილიონ კვტ/სთ-ს აჭარბებს. ამ პროექტებისათვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა, სავარაუდოდ, 3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ჰესების აგება ჩაფიქრებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში: მდინარე მტკვარსა და არაგვზე, ცხენისწყალზე, მდინარე ხობსა და ყვირილაზე, ჭოროხსა და ფარავანზე, თერგსა და რიონზე, ისეთ პატარა მდინარეებზეც კი, როგორიც ფარავანი და გუბაზეულია. დაგეგმილია, რომ ამ ჰესების უმრავლესობა 2017 წლამდე უნდა აშენდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ