კომპანია Sony Pictures-ი მომხმარებელს ბოროტად ეხუმრა. მან ფილმის "გოგონა დრაკონის ტატუთი" დისკის ისეთი დიზაინი შექმნა, რომელიც ძალიან გავს მეკობრულ ჩანაწერს.
ფილმის DVD ჩვეულებრივ დისკს გავს. მას არ აქვს სპეციალური გაფორმება, ფოტო, ან რაიმე სხვა დეტალი, რომელიც ლეგალურ პროდუქტს არალეგალურისგან განარჩევს. დისკზე მხოლოდ შავი მარკერითაა მიწერილი ფილმის სახელი.
აშშ-ში ფილმის ლეგალური დისკი გაყიდვაში ამ კვირას გამოდის, თუმცა ისინი, ვინც მისი მოპოვება უფრო ადრე შეძლო, უცნაურმა დიზაინმა გააოცა.
ფილმის ბლოგზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ redbox-ისთვის (აშშ-ის კინოგაქირავების უმსხვილესი კომპანია) დისკის უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან დიზაინს არ ენდო.
"მიმართვა დამქირავებლებს: ფილმის "გოგონა დრაკონის ტატუთი" ხელნაწერიანი დისკი კანონიერია", - დაწერა კომპანია Redbox-მა თავის ვებ-გვერდზე.
მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გააკეთა Sony Pictures-მაც. მათ განაცხადეს, რომ ეს დიზაინი თავად შექმნეს და ამით სურდათ საზოგადოების ყურადღება მეკობრეობის პრობლემაზე გაემახვილებინათ. გარდა ამისა, კომპანიის აზრით, ასეთი დიზაინი ფილმის სიუჟეტსაც უხდება.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.