ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო გახდა. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, უწყებამ ზედნადების ელექტრონული ფორმით გამოწერის შესაძლებლობა საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით დანერგა.
ამ სიახლით, შესაძლებელი ხდება საქონლის მოძრაობის სრული სიზუსტით აღრიცხვა, მოწესრიგება და სრულყოფა. ელექტრონული ზედნადების შევსება სავალდებულოა საქონლის მიწოდების შემთხვევაში და ის სრულიად ჩაანაცვლებს ზედნადებს, რომელიც ქაღალდზე იწერებოდა. ამასთან, არ იცვლება პასუხისმგებლობის ნორმები და ცვლილებები შეეხება მხოლოდ შევსების ფორმას.
"ბიზნესისგან წამოვიდა ინიციატივა და მოვიფიქრეთ საკმაოდ მარტივი სისტემა. თუმცა, თუ საქმე გვაქვს საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათ სჭირდებათ ელექტრონული ზედნადების გამოწერა, მათ თავისუფლად შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს ვებ-გვერდზე და ერთჯერადად ან მრავალჯერადად შეავსონ ელექტრონული ზედნადები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვავალდებულებთ მეორე მხარეს, ანუ მყიდველის მხარეს, იგივე უბნის მაღაზიებს, ზედმეტი ინვესტიციების განხორციელებას და დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის შეძენას. ჩვენ უბრალოდ ვქმნით იმის საშუალებას, რომ მათ თუ აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული პროცედურა გაიარონ და თუ არ აქვთ - ნუ გააკეთებენ", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სოხაძემ.
მისივე თქმით, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება დამატებით თანხებთან დაკავშირებული არ არის.
"ამ სიახლით, გადამხდელს საშუალება ეძლევა, მოაწესრიგოს აღრიცხვიანობა, მინიმუმამდე შეამციროს შევსების დროს შეცდომების დაშვების რისკი და უზრუნველყოს ინფორმაციის დაცულობა", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო შარაშენიძემ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9