მიიჩნევა, რომ სიცილის დღე პეტრე პირველის ეპოქიდან დამკვიდრდა. იმასაც კი ამბობენ, რომ 1-ელ აპრილს პირველად პეტრე I მოატყუეს. მეფე თეატრში მიბრძანებულა ახალჩამოსული გერმანელი მსახიობების სპექტაკლზე. სპექტაკლის ნაცვლად კი სცენაზე პლაკატი გამოაკრეს წარწერით "დღეს პირველი აპრილია". მაყურებელი იმედგაცრუებული წასულა, თუმცა ხელმწიფე არ განაწყენებულა, პირიქით. პეტრე I ყველაფერი უცხოურის დიდი მოყვარული გახლდათ. საინტერესოა, რას იზამდა, მის თანამოძმე მსახიობებს რომ გაეხუმრათ ასევე?
პეტრე I ხუმრობის მოყვარული გახლდათ, თუმცა სასტიკად ხუმრობდა. ჩვეულებრივ დღეებშიც და სიცილის დღესაც. მაგალითად, ბოიარს კურიერს გაუგზავნიდნენ: "პეტრე I ბრძანა, რომ სასახლეში ეახლო, თან აუცილებლად წვერით". ბოიარი გადაირეოდა: "ეგ როგორ? ჩვენმა კეთილმა ხელმწიფემ ხომ წვერის გაპარსვა მიბრძანა უწინ?" "არაფერი არ ვიცი, ასე მიბრძანეს, რომ აუცილებლად წვერით ეახლო, თორემ კისერს წაგაწყვეტენ". საწყალი ბოიარი ცხვრის მატყლს იწებებდა სახეზე და ისე მიდიოდა სასახლეში. იქ კი დიდი სიცილ-ხარხარით ხვდებოდნენ.
არანაკლებ უყვარდა ხუმრობა ალექსანდრე I. მეფემ დედაქალაქის კომენდანტი პავლე ბაშუცკი გამოიძახა და ეკითხება:
- ეს არის თქვენი წესრიგი? ნუთუ შეიძლება ამის წარმოდგენა? სად არის პეტრე დიდის ძეგლი?
- სენატის მოედანზე.
- იყო და აღარ არის. წუხელ მოუპარავთ. წადით და მოძებნეთ!
მიცვალებულივით გაფითრებული გენერალი ძეგლის საძებნელად გაემართა. უკან მხიარული და კმაყოფილი დაბრუნდა.
- დამშვიდდით, თქვენო უდიდებულესობავ, მონუმენტი თავის ადგილზე დგას! რომ არავინ შეეხოს, დარაჯიც მივუჩინე.
ყველა ახარხარდა.
- 1-ელი აპრილია, ვერ მიხვდი, 1-ელი აპრილი, - უთხრა ხელმწიფემ კმაყოფილმა იმით, რომ დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
ხუმრობის ტრადიცია სტალინმაც გააგრძელა. 1930 წლის გაზაფხულზე სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს, ამხანაგებს ბარათი გაუგზავნა: "ყველა ახლანდელი და მომავალი ცოდვისთვის ნიკოლაი ბრიუხანოვი კვერცხებით დაკიდეთ; თუ კვერცხები გაუძლებს, სასამართლომ გაამართლოს, თუ ვერ გაუძლებს, მდინარეში ჩაახრჩონ. ი. სტალინი". ბარათს თავისი ხელით დახატული ნახატიც დაურთო, თუ როგორ უნდა მოეგვარებინათ სასჯელის აღსრულება. ცნობისათვის, ნიკოლაი ბრიუხანოვი დიდი ბობოლა იყო ბოლშევიკურ იერარქიაში, მას ფინანსური საკითხები ებარა. 1930 წელს ფინანსური და ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა და სწორედ ის გამოიყვანეს განტევების ვაცად. ამ სახუმარო "განაჩენიდან" სულ ცოტა ხანში ბრიუხანოვი დააქვეითეს. მოგვიანებით კი სიკვდილით დასაჯეს და დახვრიტეს.
ერთხელ იოსებ სტალინს მოახსენეს, რომ მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია - ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვა. რა ვუყოთ ახლა მათ? სტალინმა ჩიბუხი გამოიღო პირიდან, ცოტა ხანს იფიქრა და თქვა:
- რა ვუყოთ, რა ვუყოთ... უნდა შეგვშურდეს!
კიდევ ერთი მრისხანე რუსი მმართველი ბორის ელცინი ყველა ჩინოვნიკს ბოროტად ეხუმრებოდა. სასტიკი ბრძანებულება გასცა, რომ 1997 წლის 1-ელი აპრილიდან "შეწყდებოდა ფედერალური ბიუჯეტის სახსრების გამოყენება უცხოური წარმოების მსუბუქი ავტომანქანების შეძენისა და დაქირავებისთვის, ხელისუფლების ფედერალური ორგანოების ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის". ისტორია დუმს, რა მდგომარეობაში მყოფი აწერდა რუსეთის პრეზიდენტი ამ "საპირველაპრილო ქაღალდს" ხელს, ფხიზელი თუ მთვრალი. თუმცა მაღალჩინოსნებს სასაცილოდ არ ჰქონდათ საქმე. უცხოური მანქანებიდან "ვოლგებზე" მოუხდათ გადასვლა და ეგ კი არა, ძველი მანქანების აუქციონებზე გაყიდვაც აიძულეს. მონაგები თანხა სამამულო ავტომრეწველობაში უნდა ჩადებულიყო. ამ მკაცრი ბრძანებულების უკან პირველი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი იდგა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე ნიჟეგოროდში გუბერნატორობდა და სწორედ იქ უშვებდნენ "ვოლგებს". სავარაუდოდ, მას პირდაპირი ინტერესები ამოძრავებდა.
Экспресс газета
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)