კახეთის რეგიონის მოსახლეობას ღვარცოფული მდინარეები ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე სერიოზულ პრობლემებს უქმნის. წვიმების შედეგად ადიდებული მდინარეები მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს, ანადგურებს მოსავალს და შინაურ პირუტყვს ხოცავს.
ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის დახმარებისათვის რეალურად ვერაფერს აკეთებს. სტიქიით დაზარალებულებს მხოლოდ ერთჯერადად უწევენ დახმარებას. ექსპერტები ყველაზე საშიშ მდინარეებად კაბალსა და დურუჯს ასახელებენ.
"ეს ურთულესი მდინარეებია და ვიდრე კავკასიონი არსებობს, ეს პრობლემაც მუდმივად იარსებებს. აქ არის განაშენიანების პრობლემა. კაბალისა და დურუჯის მდინარეების არეში დასახლებები არ უნდა არსებობდეს. მოსახლეობა კი თანდათან შევიდა აკრძალულ ზონაში. ეს გართულებებს იწვევს", - აცხადებს გეოლოგი ტარიელ ბერიძე.