კატარინა ვიტს, "პრინცესას ყინულზე", როგორც მას ხშირად უწოდებდნენ პრესაში, წელს ორმოცი წელი უსრულდება. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ექვსი ოქროს მედლის მფლობელი კატარინა საკუთარ"ყინულის შოუს" ქმნის, არის ფიგურული სრიალის ჩემპიონატების კომენტატორი, დაკავებულია ბიზნესით. ამასთან, ახლახან გერმანულ გაზეთ "ილდ"-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გერმანიაში ყველაზე ლამაზ ადამიანთა შორის მე-16 ადგილი მიაკუთვნეს. გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს გამოჩენილ სპორტსმენთან:
- დღეში შვიდი საათი ვარჯიში იმ დროს, როდესაც სხვები კინოში ან მეგობრებთან... ეს შეგნებული"მსხვერპლი" იყო თუ მშობლები გაძალებდნენ?
- როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, ხშირად ვაკვირდებოდი საციგურაო მოედანს, რომელიც ჩემი საბავშვო ბაღის გვერდით მდებარეობდა. ხუთი წლის ასაკში ვეხვეწებოდი დედას, რომ ფიგურული სრიალის სექციაში მივებარებინე. მანამდე ვთხოვდი, სანამ დედამ, ბოლოს და ბოლოს, მწვრთნელთან არ მიმიყვანა. არ შემიძლია ვთქვა, რომ გამუდმებული ვარჯიში მსხვერპლი იყო. აქედან ბევრ სასარგებლოს ვიღებდი და წარმატებას ვაღწევდი.
- თქვენს მწვრთნელ იუტა მიულერთან როგორ აგეწყოთ ურთიერთობა?
- მან"აღმომაჩინა", როდესაც ჯერ კიდევ ცხრა წლის ვიყავი და ჩემთან მუშაობდებოდა, სანამ 28 წელი შემისრულდა. ჩვენი ურთიერთობა იცვლებოდა. ხანდახან ჩვენ ვიყავით როგორც ორი მეგობარი, ხანდახან იგი ჩემი მოძღვარი იყო, ზოგჯერ მშობლის მაგივრობას მიწევდა. იუტა ძალიან მკაცრი იყო. არც შეიძლება მწვრთნელი აღსაზრდელის ჭკუაზე დადიოდეს. მე მას პატივს ვცემდი და ცოტაც მეშინოდა. მის მიმართ სიყვარულის გრძნობა მქონდა... გარდატეხის ასაკში ზიზღი და პირიქით. მაგრამ იგი რომ არ ყოფილიყო ასეთი მკაცრი, მისი დიდი გამოცდილებისა და უზღვავი ენერგიის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდი. ხშირად დიდი შედეგებისკენ"ტკივილით" მივდიოდი... ამჟამად ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს, პირად ცხოვრებას ვუზიარებთ. მე ბევრი რამ ვისწავლე იუტა მიულერისგან. იგი ღრმად ცხოვრობს ჩემს გულში, მაგრამ მას დღემდე თქვენობით მივმართავ.
- გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში პოპულარობა ნიშნავდა, რომ საკუთარი პერსონით სპეცსამსახურების ყურადღება მიგექცია...
- სპეცსამსახურებმა 9 წლის ასაკში, როდესაც ჩემი ნიჭი აღმოაჩინეს, დამიწყეს თვალთვალი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მაკვირდებოდნენ. პირველად 18 წლისა მივხვდი, რომ თვალყურს მადევნებდნენ, მაგრამ გულუბრყვილოდ მეგონა, არაფერი რომ არ დამმართვოდა მიცავდნენ. სიმართლე კი ბევრად გვიან გავიგე, როდესაც საშუალება მქონდა "შტაზის" არქივებში პერსონალურ დოსიეს გავცნობოდი. მაშინ თავში აზრადაც არ მომივიდოდა, რომ მიზანმიმართულად მითვალთვალებდნენ, რათა დასავლეთში არ გავქცეულიყავი.
- სხვათა შორის, რატომ არ მოიქეცით ასე?
- იმიტომ, რომ ქვეყნისა და ხალხის ძალიან მადლიერი ვიყავი. კარგად მესმოდა, რომ არსად ისეთი წარმატებული არ ვიქნებოდი, როგორც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ამასთან, დასავლეთში რომ აღმოვჩენილიყავი, ჩემს მშობლებს ვეღარ ვნახავდი. და იცით, არ არსებობს იმდენი თანხა, რომელიც"გადაწონიდა" ამ გრძნობას, თავისუფლებაც არ იყო ჩემთვის საფუძვლიანი მიზეზი. იმ დროს ჩვენთვის სხვა იდეოლოგია იყო მისაღები. მე არ შემეძლო თავისუფლების შეფასება, რადგანაც არ ვიცოდი მისი ფასი. მხიბლავდა ჩვენი სისტემა. სიამაყით მივდიოდი საზღვარგარეთ, სადაც ჩემი სამშობლო უნდა წარმედგინა. დიახ, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავიზარდე, და, რა თქმა უნდა, მჯეროდა იმ იდეალების. მაგრამ მე შევითვისე ის ჩვევები, რომლებმაც ჩემს ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა. და კიდევ, ჩემი ცხოვრება არ იყო დემოკრატიულ გერმანიაში მცხოვრები ხალხის უმეტესობის მსგავსი. მე ბევრი პრივილეგია მქონდა. ხანდახან მგონია, რომ ახლა რომელიღაც სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ.
- საბჭოთა კავშირში სპორტსმენები ვალდებული იყვნენ, ფულადი პრემიები სახელმწიფოსთვის მიეცათ, როგორ იყო ამ მხრივ საქმე გდრ-ში?
- ჩვენც გვქონდა ფულადი პრემიები, მაგალითად, ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის, მაგრამ ამ თანხას არ გვაძლევდნენ. სახსრები ფედერაციის ანგარიშზე ირიცხებოდა, სპორტსმენს შეეძლო ფულის გარკვეული ნაწილი მიეღო, ანუ ამ ფულიდან რაღაც პროცენტი, როდესაც დიდ სპორტს დატოვებდა. ერთხელ ჯილდოდ პატარა ოქროს მონეტა მივიღე, მისი დატოვების ნება დამრთეს. პრემიების წყალობით ფედერაციას შესაძლებლობა ჰქონდა ზემოქმედება მოეხდინა სპორტსმენებზე, მაგალითად, შეეძლოთ გაეყინათ პრემიები, თუკი სპორტსმენს სურდა დიდი სპორტიდან დროზე ადრე წასულიყო. წასვლის ნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში რთავდნენ, როდესაც მის შემცვლელს ნახავდნენ. ამიტომაც, ხანდახან სპორტსმენები დიდ სპორტში სასურველზე უფრო ხანგრძლივი დროით რჩებოდნენ. თუმცა მე ეს პრობლემა არ შემეხო.
- როგორ აფასებთ ფიგურული სრიალის თანამედროვე დონეს? სად ხედავთ სუსტ ადგილებს?
- ხარვეზები, რომელსაც მე ვხედავ ფიგურულ სრიალში - ბევრი სპორტსმენი ცდილობს ტექნიკურ"სრულყოფილებას" მიაღწიოს. მხედველობაში მაქვს ნახტომის კომბინაციები 3 და 4 ბრუნი. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდა ორგანიზმისთვის შეიძლება მძიმე შედეგით დასრულდეს, ტრავმა გამოიწვიოს, როგორც ევგენი პლუშენკოს შემთხვევაში, რის გამოც მან ვერ შეძლო გაეგრძელებინა ბრძოლა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე.
- ამბობენ, სიყვარულის გარდა ყველაფერში გიმართლებთ...
- არ შეიძლება, რაც გინდა ყველაფერი გქონდეს, მაგრამ ხშირად სწორედ ის მინდა, რომ ყველაფერი მქონდეს. მე უკვე მქონდა ბედნიერი სიყვარული, სერიოზული ურთიერთობა მამაკაცებთან, საწუწუნო არაფერი მაქვს. ამჟამად თავისუფალი ვარ და მარტო ვცხოვრობ. ბოლო წელიწად-ნახევარი ბერლინში ვცხოვრობ, სადაც მაქვს ბინა. ბევრს ვმოგზაურობ და არ შემიძლია მამაკაცს პროფესია მსხვერპლად შევწირო, მუშაობას თავი დავანებო. მე ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს. მყავს ბევრი მეგობარი, საყვარელი სამუშაო. ვამაყობ ამით. ფული ჩემთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, იმ საქმეს ვემსახურებოდე, რაც მიყვარს.
- სურვილი არ გაქვთ შექმნათ ოჯახი, გყავდეთ შვილები?
- ბავშვები? არ ვიცი. ჯერჯერობით ეს საკითხი ჩემ წინაშე არ დამდგარა. როგორც გითხარით, მიჭირს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება. შვილი რომ ვიყოლიო, სამსახურს თავი უნდა დავანებო. მე კი ძალიან ბევრს ვმუშაობ. ამასთან, ახლა არ მყავს შესაფერისი პარტნიორი, რომელიც ჩემი შვილის მამა გახდებოდა.
- 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში მცხოვრები უამრავი, მათ შორის რუსი მამაკაცისთვის, სექსსიმბოლო იყავით. იცით ამის შესახებ?
- მადლობა ქათინაურისთვის. ვფიქრობ, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ შემეძლო, ლამაზად წარმომეჩინა ყინულზე თავი, ქორეოგრაფიით, მოძრაობის პლასტიკით, და, რა თქმა უნდა, სექსუალური კოსტიუმებით. მე არასოდეს მქონია სრეიოზული ურთიერთობა რუს მამაკაცებთან, ისინი გამოირჩევიან ევროპელებისა და ამერიკელი მამაკაცებისგან. არასოდეს არ დამავიწყდება, როგორ მოვათრევდი მძიმე ჩანთებს, როდესაც რუს სპორტსმენ გოგონებს მათი პარტნიორები ეხმარებოდნენ. ამ მხრივ მე ახლოს ვარ აღმოსავლელ ქალებთან.
სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ მოსკოვში ერთ საცეკვაო კლუბში ვიყავი. შევამჩნიე, იქ რამდენი ლამაზი და მიმზიდველი ქალი იყო, მაგრამ ჩემთვის შესაფერისი მამაკაცი იქაც არ აღმოჩნდა. მაგრამ დამიჯერეთ, ძიების პროცესში არ ვარ...
- მართალია, რომ გარი კასპაროვს მოსწონდით?
- რას ამბობთ, არ ვიცოდი! კასპაროვისგან ერთხელ დეპეშა მივიღე - ოლიმპიადაში გამარჯვებას მილოცავდა. სხვათა შორის, სპორტსმენებს შორის მიღებულია, როცა ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ, მაგრამ ეს ჩემთვის უჩვეულო იყო და... საპატიოც.
- თქვენ ჟურნალ"პლეიბოიში" გადაღებისთვის მართლა მილიონი დოლარი გადაგიხადეს?
- 10 წელი, კალგარის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების დროიდან,"პლეიბოი" ცდილობდა გადაღებებზე დავეთანხმებინე, ყველგან თან დამყვებოდნენ. მაგრამ სანამ შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, შიშვლად გადაღება წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდი სპორტიდან წამოვედი, გადავწყვიტე მათთან მუშაობა მეცადა. ამასთან, მე უკვე ცნობილი ვიყავი - იმ მოდელებისგან განსხვავებით, რომლებმაც"პლეიბოიში" ფოტოგადაღებებით გაითქვეს სახელი. ფოტოსესია ბუნებაში გაიმართა. ყველაფერი ბუნებრივად იყო. მახსოვს, ჩანჩქერის ქვეშ შიშველი ვიდექი და მინდოდა ვყოფილიყავი არა მარტო ეროტიკული, არამედ ქალურიც. არ გავამხელ საიდუმლოს და არ გეტყვით, რა ჰონორარი მივიღე. ვიტყვი მხოლოდ, ეს სოლიდური თანხა იყო.
- როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა? რეცეპტს არ გაგვიმხელთ...
- პირადად მე რეგულარულად ვვარჯიშობ და შეზღუდვებით ვჭამ, მართალია, ყოველთვის არა. რადგანაც მიყვარს შოკოლადი და ტკბილეული. თუკი მიხდება თავს სიამოვნება მივანიჭო, ვჭამო რაც მინდა, შემდეგ უფრო ბევრს ვვარჯიშობ.
- გაგიკეთებიათ პლასტიკური ოპერაციები?
- პლასტიკური ოპერაციები არ გამიკეთებია. არ ვიცი, რა იქნება ათი წლის შემდეგ, - შეიძლება დამჭირდეს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)