გურიაში, სოფელ ზოტის ოქროს საბადოზე კვლევითი სამუშაოები იწყება. საბადოს 40-წლიანი ლიცენზიის მფლობელი ამერიკული კომპანიის, "ჯორჯიან რესორს კომპანის" წარმომადგენლები სოფელში უკვე გამოჩნდნენ, რამაც ზოტელების პროტესტი გამოიწვია. ხალხს ოქროს მოპოვებისას გამოყენებული საშიში ტექნოლოგიები აშფოთებს, ისინი ხელისუფლებისგან მოსალოდნელი საშიშროების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
"სამუშაოებიდან 25 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის გაჩერება არ შეიძლება. თუკი მოპოვება დაიწყება, იძულებულები გავხდებით, აქედან წავიდეთ, თუმცა წასასვლელი არსად გვაქვს," - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, ზურაბ ჭელიძე.
ზოტის ოქროს საბადოებზე კომუნისტების მმართველობის პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, თუმცა, ყველა მათგანს "გრიფით საიდუმლო" დაედო. ამბობენ, რომ გასაიდუმლოების მიზეზი ის საფრთხეა, რომელსაც ამ საბადოების გახსნა გამოიწვევს.