სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი" ასევე სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ის 85%-ის მფლობელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი"-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გამყრელიძემ და "იმედი ელ"-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძემ მიაწოდეს.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ალდაგი ბი-სი-აი"-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გამყრელიძემ აღნიშნა, დანარჩენი 15%-ის შესყიდვაზე აქციონერებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
გამყრელიძის თქმით, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2011 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი" ბაზრის 17,1%-ს ფლობს, ხოლო "იმედი ელ"-ი 16,3%-ს.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "იმედი ელ"-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძემ განაცხადა, "იმედი ელ"-ის გაყიდვა ფინანსურ პრობლემებს არ უკავშირდება და მათთვის მისაღები აღმოჩნდა "ალდაგი ბი-სი-აი"-ს.
ამასთან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, გაერთიანების შედეგად კომპანიის საცალო მომხმარებელთა რაოდენობა 420 000-ს გადააჭარბებს. ასევე მნიშვნელოვნად გამსხვილდება "ალდაგი ბი-სი-აი"-ს მფლობელობაში მყოფი ჯანდაცვის ბიზნესი, სადაც ჰოსპიტლების რაოდენობა 26-ს მიაღწევს, 1 200-ზე მეტი ჰოსპიტალური საწოლით.
პრესკონფერენციაზე ნიკა გამყრელიძემ აღნიშნა, რომ "საქართველოს ბანკმა" სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი"-ს კაპიტალი შეავსო დამატებით 32,5 მილიონი ლარით, რის შედეგადაც "ალდაგი ბი-სი-აი"-ს საკუთარი კაპიტალის ოდენობამ 77 000 000 ლარს გადააჭარბა. გაერთიანების შედეგად "ალდაგი ბი-სი-აი" სადაზღვეო ბაზარზე ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე კომპანია გახდება, რაც მისი კლიენტების კიდევ უფრო მეტი სტაბილურობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტი იქნება.
"მოხარული ვარ, რომ ეს გარიგება წარმატებით დასრულდა. მინდა, მივულოცო როგორც აქციონერებს, ასევე კომპანიის თითოეულ თანამშრომელს სადაზღვევო და ჯანდაცვის ბაზარზე ჩვენი გამსხვილება", - განაცხადა "ალდაგი ბი-სი-აი"-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში 2 მსხვილი სადაზღვევო კომპანიის გაერთიანებით ქვეყანა მიიღებს უფრო მასშტაბურ და უფრო სერიოზულ სადაზღვეო კამპანიას.
მისივე თქმით, კომპანიების საბოლოო გაერთიანების შემდეგ შესაძლოა, თანამშრომლების მინიმალური ოპტიმიზაცია განხორციელდეს.