რა განაპირობებს ღვინის ფასს - ხარისხი თუ სიძველე

რა განაპირობებს ღვინის ფასს - ხარისხი თუ სიძველე

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ენეოლითის ხანის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები, ძვ.წ.-ის III-II ათასწლეულით დათარიღებული ალაზნის ველის სამაროვნები თუ მტკვარ-არაქსის კულტურის კერები მიუთითებენ, რომ ქართველი კაცი ოდითგანვე კარგად იცნობდა ვაზს, ღვინის კულტურას. ამას ადასტურებს ქართველი არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ყურძნის სასხლავი სპეციალური დანები, ღვინის დასაწური მოწყობილობები, სხვადასხვა ფორმისა და სახეობის სასმისები, ღვინის დასაყენებელი თუ შესანახი ქვევრები და ა.შ... ეს უძველესი ნივთები აღმოჩენილია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რა მდგომარეობაშია ამჟამად ქართული მეღვინეობა და რა პრობლემებია ამ დარგში? - ამ საკითხებზე "მრეწველთა პარტიის" თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე გვესაუბრება:

- დღესდღეობით ქართული ღვინის ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა, რასაც აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც. ქართულ ღვინოს სერიოზული რეკლამა და პროპაგანდა სჭირდება საზღვარგარეთ, რადგან რუსეთის ბაზარი ჩვენი ღვინისათვის კარგა ხანია დაიკეტა, ეს კი ძალიან აზარალებს ჩვენს მეღვინეობას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულმა ღვინომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი როგორც უკრაინის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მისი ექსპორტი ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვა პოლიტიკურმა სიტუაციამ განაპირობა, უნდა ვაღიაროთ, რომ იქ ჩვენგან ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული ღვინო შედიოდა, რასაც თავის დროზე რუსული მხარე ხელს არ უშლიდა, შემდეგში კი ეს გახდა ძირითადი საბაბი, ქართული ღვინო დაებლოკათ.

- ბატონო ზურაბ, ლაპარაკია ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებზეც, მაგრამ სპეციალისტთა აზრით, ეს ვერ გადაწონის ღვინის იმ რაოდენობას, რაც რუსეთში გადიოდა.

- აშშ-ისა და ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის შესვლა ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან ორივე ქვეყნის ბაზარი საკმაოდ პერსპექტიული და დიდია. მთავარია, მოიპოვებს თუ არა ქართული ღვინო იქ თავის ადგილს. დღეს ამერიკაში ქართულ ღვინოზე გარკვეული მოთხოვნა ნამდვილად არის, მაგრამ თუ იქ კარგ ღვინოსთან ერთად ფალსიფიცირებულიც შევა, მერწმუნეთ, ამერიკელებიც ისევე დაბლოკავენ ქართულ პროდუქციას, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას ჩინეთზეც.

- თუმცა, რუსეთში თითქოს ყინული დაიძრა, ლაპარაკია იქ ქართული პროდუქციის თავისუფლად შეტანაზე.

- გეთანხმებით, მაგრამ, ვიდრე პოლიტიკური სიტუაცია არ მოწესრიგდება, ალბათ, მაინც გააგრძელებენ ქართული ღვინის ბლოკირებას. მგონი, საქართველოში ყველა მეწარმე ნატრობს, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნას. ეს არის ძალიან დიდი, ტრადიციული ბაზარი, სადაც მოთხოვნა ქართულ ღვინოზე დიდია. ამ ფაქტორის გამოუყენებლობა, რა თქმა უნდა, დანაშაული იქნებოდა ჩვენი მხრიდან.

- ყველამ იცის, რომ 1990-იან წლებამდე ქართველი მეღვინეებისათვის რუსული ბაზარი უზარმაზარი შემოსავლის წყარო იყო.

- 1990-1991 წლების შემდეგ ურთულესი პერიოდი დადგა არა მარტო მეღვინეობისათვის, არამედ მთელი ქართული ბიზნესისთვისაც. იმ წლებში ძალიან ბევრი მეღვინე დაზარალდა: როდესაც ბიზნესგეგმა ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე გაქვს აწყობილი და ამ ბაზარს ჩაგიკეტავენ, ეს უმძიმესი დარტყმაა ნებისმიერი მეწარმისათვის. იმხანად ბევრმა მილიონობით დოლარი იზარალა, მაგრამ ქართველი მეღვინეების სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მათ მაინც მოახერხეს ახალი ბაზრების ათვისება. თუმცა, შედარებაც კი არ შეიძლება იმ რაოდენობასთან, რომელიც ყოველ წელიწადს რუსეთში გადიოდა - დაახლოებით 400-500 მილიონი ლიტრი. როდესაც რუსეთში ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადდა, მოვახერხეთ და პროდუქცია პოლონეთში გავიტანეთ, მარტო ჩემ მიერ დაარსებულ შპს "სამებას" იქ წელიწადში 10-15 მილიონი ლიტრი ღვინო შეჰქონდა, მაგრამ არეულობამ, ომებმა, რკინიგზის გადაკეტვამ და სხვა მიზეზებმა გადაულახავი პრობლემები შეგვიქმნა, რის გამოც პოლონური ბაზარი დასავლეთის ქვეყნებმა აითვისეს. ქართველმა მეღვინეებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ პოლონეთის ბაზარი აითვისონ. თანაც, ამ ქვეყანას საკუთარი ღვინო არა აქვს და მთლიანად იმპორტულ ღვინოზეა დამოკიდებული.

- თუ შეძლებს ქართული ღვინო, კონკურენცია გაუწიოს ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ ღვინოებს?

- რა თქმა უნდა, შეძლებს, რადგან ქართულ ღვინოს თავისი ტრადიციები აქვს. მსოფლიოში არსებობს ღვინის დაყენების ოთხი ძირითადი ტექნოლოგია და მათგან ორი ქართულია - კახური და იმერული. მოთხოვნა ქართულ ღვინოზე აუცილებლად იქნება, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ღვინის წარმოება გაზარდოს და უცხოეთშიც გაიტანოს, თუ ეს ხელისუფლებისა და მეწარმეების ერთობლივი, კეთილი ნება იქნება.

- ქართულ ღვინოებს შორის რომელს გამოარჩევდით?

- ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან ყველა ღვინოს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სასარგებლო თვისებები. გააჩნია, რა დროს სვამ ამ კეთილშობილ სასმელს, რასთან ერთად და როგორ.

- საინტერესოა, რით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთი ძალიან ბევრ ღვინოს სვამს, ზოგს კი რამდენიმე ჭიქაც ათრობს?

- შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ სუფრასთან ადამიანი აუცილებლად უნდა დათვრეს. სადღეგრძელოც უნდა თქვა, კიდეც უნდა მოილხინო, მაგრამ ღვინის სმა ისე, როგორც დღეს ქართულ სუფრაზეა მიღებული, დაუშვებელია. ღვინო ნელ-ნელა უნდა დააგემოვნო, მისი ერთბაშად დალევა ადამიანს სიამოვნებას არ ჰგვრის, თუ გსურს, ღვინოს გემო ჩაატანო, აუჩქარებლად, ნელ-ნელა უნდა მიირთვა. ძველად, ქართულ სუფრაზე სწორედ ასე ხდებოდა: პატარა ჭიქებით, ნელ-ნელა შეუყვებოდნენ - ღვინოსაც სვამდნენ და თანაც საუბრობდნენ - ზოგჯერ მნიშვნელოვან საკითხებსაც წყვეტდნენ. დიდი ჭიქით, ან ყანწით ღვინის დალევა სულაც არ არის ქართული მოვლენა, იმის მიუხედავად, რომ მეც დამილევია ყანწითაც და დიდი ჭიქითაც, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ მივესალმები.

- ბატონო ზურაბ, ჩამოგვითვალეთ ყველაზე ძვირფასი ქართული ღვინოები.

- შესანიშნავი ღვინოებია, მაგალითად, "სალხინო" და "საამო", ასევე - "უსახელაური" და "ჩხავერი", არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. საუკეთესო სამარკო ღვინოა "მუკუზანი", არაჩვეულებრივია "საფერავიც". რაც შეეხება "ხვანჭკარასა" და ქინძმარაულს", ისინი სამარკო ღვინოები არ არის, მაგრამ მაინც სასიამოვნო დასალევია.

- რა განაპირობებს ღვინის ფასს - მისი ხარისხი თუ სიძველე?

- მე, მაგალითად, დამილევია ფრანგული წითელი ღვინო "შატო მარგო", რომლის ფასი რესტორანში შეიძლება 1500-2000 ევროც იყოს, შეიძლება უფრო მეტიც. არსებობს უფრო ძვირად ღირებული ღვინოებიც, თუმცა, შეიძლება 10-20 წლის წინ დაყენებული ძვირფასი ღვინო მოგიტანონ, მაგრამ არ იყოს ისეთი, როგორსაც ელოდებით. ღვინო ხომ ბიოლოგიურად ცოცხალი ორგანიზმია?! ის, როგორც ადამიანი, იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. დაბადებიდან სიკვდილამდე მას შეიძლება რაღაც დაავადებაც შეხვდეს, შესვათ და არ მოგეწონოთ, მაგრამ შეიძლება კარგად შეინახოს და არაჩვეულებრივი გემო ჰქონდეს. ამიტომ, ევროპაში ვიდრე ღვინოს მოგიტანენ, აუცილებლად გაგასინჯებენ, რადგან შეიძლება დაიწუნოთ. როდესაც მეღვინე 100 ბოთლ ძვირფასი ჯიშის ღვინოს შეინახავს თავის მარანში, იქიდან ოციც თუ გაუმართლებს, კარგია. დანარჩენი 80 ბოთლის ფასიც ხომ უნდა ამოიღოს? ამიტომ, ღვინის ფასი მარტო სიძველესა და ყურძნის ჯიშზე კი არა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ