საქართველოს ეროვნული ბიზნესდაჯილდოების "მერკური-2012"-ის 17 ნომინანტი გამოვლინდა.
წლის აღმოჩენად დასახელდა კომპანია "ბერტა", ნომინაციაში "დარგის აღორძინება" გაიმარჯვა "გეოპლანტმა", წლის აგრობიზნესი - "ჰერვი", მწვანე ბიზნესი - "აი-სი-იეს", წლის ტურისტული ბიზნესი - "ოქროს საწმისი - მედეა", წლის ტურისტული კომპანია - `ვიზიტ ჯორჯია", წლის უცხოელი ინვესტორი - "საქართველო ურბან ენერჯი", წლის ქართველი ინვესტორი - "გუდვილი", წლის ინოვატორი კომპანია - "პოლიფარმა", წლის ახალგაზრდა ბიზნესმენი - ვახტანგ ტოგონიძე, წლის მეწარმე ქალბატონი - ლიანა სონაშვილი (შპს "მედი"), წლის ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი - "გეოფლაუერი", უცხოეთის ვარსკვლავი - ახალი წარმატებული საექსპორტო პროდუქტი - "ასკილის წვენი", დამზადებულია საქართველოში - "ალგორითმი", წლის მცირე ბიზნესი - შპს "ანტრე", წლის მეწარმე - "საქკაბელი", წლის სასურველი დამსაქმებელი - "ორბი ჯგუფი", წლის ბიზნესის ნომინაციაში გამარჯვებულს კი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელებს, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიაზე ელოდებიან.
როგორც ღონისძიების დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი გზა დასაქმებისკენ დღეს არის სწორედ ბიზნესის განვითარება საქართველოში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის. მისივე თქმით, ამის გათვალისწინებით ბიზნესი მაქსიმალურად უნდა იქნეს ხელშეწყობილი და წახალისებული.
ქობალია მიიჩნევს, რომ ყველა კომპანია, რომელიც დღეს ამ ღონისძიებას ესწრება და რომელთა რიცხვი 250-მდეა, გამარჯვებულია, რადგან ისინი წარმატებულ ბიზნესს წარმოადგენენ.
"მერკური-2012" წელს მეორედ ტარდება. ის ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ერთობლივი პროექტია.