ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრები 30-მდე ოჯახი სახნავ-სათესი და საძოვარი მიწების გარეშეა დარჩენილი. ისინი 80-იანი წლებიდან 72 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ქვეიჯარით ფლობდნენ, რომელიც სახელმწიფოსაგან 49-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული ზესტაფონის აგრობიზნესისა და მენეჯერთა კოლეჯს. მოგვიანებით ეს ადგილი კიდევ შემცირდა და კოლეჯის იჯარაში 32,8 ჰექტარი დარჩა, რომელიც, 2000 წლის მარტიდან ასევე იჯარით გაიცა და ახლა მიწას ხუთი მესაკუთრე ჰყავს.
მესაკუთრეები მიწის ნაკვეთს ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებზე კვადრატულ მეტრს 4 ლარად ყიდიან. ამის საშუალება მოსახლეობას არ აქვს და სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ გაუხმაურებელ ვითარებაში ჩატარებულმა აუქციონმა მათ საარსებო საშუალება მოუსპო.