ლეგენდარული სტილისტი ვიდალ სასუნი, რომელიც 2009 წლიდან ლეიკემიით იტანჯებოდა, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვარცხნილობების სახელგანთქმული მოდელიერი ბოლო 50 წლის განმავლობაში მოდის სამყაროში აღიარებული ადამიანი იყო.
მის კლიენტებს შორის იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ავა გარდნერი, რიტა ჰეივორტი და ელიზაბეტ ტეილორი, მოდელი ჯინ შრიმპტონი და მოდური დიზაინერი მერი კუანტი, რომელიც მას "ვარცხნილობების შანელს" ეძახდა.
ვიდალი არა მხოლოდ ვარცხნილობებში იყო ნოვატორი, არამედ პირველი სტილისტი იყო, რომელმაც უფლება მისცა კომპანიებს, მისი სახელი პროდუქტებისა და სალონების რეკლამაში გამოეყენებინათ. სტილისტმა ლი სტაფორდმა მის შესახებ თქვა: "სასუნმა რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ვარცხნილობების სფეროში". კიდევ ერთმა ცნობილმა პარიკმახერმა ოსკარ ბლენდიმ კი აღნიშნა, რომ "ვიდალ სასუნმა ვარცხნილობებისა და სილამაზის სამყარო შეცვალა. ის ყველაზე დიდი ნოვატორი იყო ამ ინდუსტრიაში".
1960-იან წლებში, სასუნის კრეატიული ვარცხნილობები, რომლებსაც თითქმის არ სჭირდებოდა საგანგებო დაყენება, დიდი მოთხოვნით სარგებლობდა და ქალების განმათავისუფლებელ მოძრაობას უწყობდა ფეხს.
"ჩემი ჩანაფიქრის არსი ისაა, რომ ვარცხნილობით თმას ფორმა მივცე, გამოვიყენო თმა, როგორც ქსოვილი და მოვაცილო ყველაფერი ზედმეტი და ჭარბი, - ამბობდა სასუნი, - ქალები მუშაობას იწყებდნენ, თავიანთ ბედს იღებდნენ ხელში, ძალაუფლებას მოიპოვებდნენ. მათ აღარ ჰქონდათ დრო, რომ ფენით ხელში დიდხანს მსხდარიყვნენ". სასუნმა თავისი სიცოცხლე დაასრულა, როგორც კერპმა მოდის სამყაროში, თუმცა ცხოვრების დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი მომავალი ექნებოდა.
ლონდონში, ღარიბულ ებრაულ ოჯახში დაიბადა 1928 წლის 17 იანვარს. მამამისმა ოჯახი მიატოვა და სასუნმა ექვსი წელი უდედმამოთა თავშესაფარში გაატარა. მისი თქმით, ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედამ დაიჟინა, რომ პარიკმახერობა ესწავლა და როგორც ხშირად ხდება, მიაღწია კიდეც თავისას. მოგვიანებით ამბობდა, რომ ამაყობდა თავისი პროფესიით.
კარიერა მეორე მსოფლიო ომის დროს სტაჟიორად დაიწყო, სულ მალე კი ინდივიდუალური მიდგომით, თამამი ნაბიჯებითა და უნიკალური შრომისუნარიანობით დიდ პოპულარობას მიაღწია და ყველაზე ცნობილ პარიკმახერად იქცა მსოფლიოში. მისმა ლეგენდარულმა ვარცხნილობებმა, სალონებმა, პროდუქტებმა და სკოლებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს.
"პარიკმახერები შესანიშნავი ხალხია, - აღნიშნავდა სასუნი, - მეორე ადამიანთან პირისპირ ვმუშაობთ და ჩვენი მიზანია, რომ ამ ადამიანმა გაცილებით უკეთ იგრძნოს თავი და სარკეში თავის ანარეკლს რომ დაინახავს, თვალები გაუბრწყინდეს". ვიდალ სასუნს დარჩა ცოლი რონი, რომელთან ერთადაც ოცი წელი იცხოვრა, შვილები და შვილიშვილები.
Chicago Tribune
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)