ტელეკომპანია "მაესტროს" რეგიონული ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის ავტომანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე გასროლის შედეგად ჩაიმსხვრა ავტომობილის მინა, თუმცა ჟურნალისტი არ დაშავებულა. ადგილზე პოლიციის თითქმის ყველა სამმართველოს უფროსი მივიდა. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე თინიკაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იმ ადამიანებთან ჩაწერილი აუდიო-მასალები მოაწოდა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები არიან და შეუძლიათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პრობლემები შეუქმნან.
საქმე ეხება ია თინიკაშვილის ყოფილი მეუღლის, ირაკლი მჭედლიძის ბიზნეს ინტერესებს. როგორც ირკვევა, ირაკლი მჭედლიძე ავტომანქანების ბიზნესს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა. ამჟამად გორის სასამართლოში ამ ბიზნესით დაზარალებული ადამიანები ჩივიან, რის გამოც ია თინიკაშვილის საცხოვრებელი სახლი დააყადაღეს.