ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ზურაბ არსოშვილი საააქციო საზოგადოება "თელასის" კომერციულ დირექტორად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
სამინისტროში ცვლილებების მიზეზს არ აკონკრეტებენ. ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, ვინ შეცვლის ზურაბ არსოშვილს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.
ზურაბ არსოშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, შიდა ქართლის გუბერნატორი.
სს "თელასი" კი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც თბილისის 450 ათასზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. 2003 წლის აგვისტოში "თელასი" ჯგუფ "ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. სს "თელასის" აქციათა 75% "ინტერრაო ეეს"-ს, ხოლო 25% -მდე სახლმწიფოს ეკუთვნის.
ამასთან, რამდენიმე ხნის წინ კომპანიის აქციების შესყიდვის სურვილი "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა.