"მადნეულის" და "კვარციტის" მფლობელი კომპანია "კაპიტალ ჯგუფის" აქციონერები რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რიცხვში არიან.
რუსული "ფორბსის" საიტზე მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, დიმიტრი ტროიცკი 47 წლის არის, მისი ქონება 800 მილიონ დოლარს შეადგენს და მდიდარი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში 125-ეა. ის ჰიპერმარკეტების ქსელ "О"Kей"-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. 1980 წლის მეორე ნახევარში დიმიტრი ტროიცკიმ ლენინგრადის გემთმშენებელი ინსტიტუტი დაამთავრა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი ბიზნესპარტნიორი დიმიტრი კორჟევი. 1995 წელს მათ ავტომანქანების ვაჭრობის შედეგად დაგროვილი თანხა ერთობლივად ჩადეს წვენების კომპანია "მულტონის" დაფუძნებაში. ისინი არიან სომხეთში ერთ-ერთი ქარხნის პარტნიორები, რომელიც წელიწადში 500 000-600 000 ტონა მადანს(ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, სელენი და სხვა) ამუშავებს.
რაც შეეხება დიმიტრი კორჟევს, ასევე რუსული "ფორბსის" მიხედვით, ის 48 წლის არის. ტროიცკის მსგავსად კორჟევიც 800 მილიონი დოლარის მფლობელია და მდიდარი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში 123-ეა. ისიც სუპერმარკეტების ქსელ "О"Kей"-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. კორჟევმა 1990 წელს, ტროიცკისთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ავტომობილებით, "ვაზ-21"-ით ვაჭრობა დაიწყო.
1995 წელს მან, ტროიცკისთან ერთად, შექმნა წვენის ქარხანა "მულტონი", ხოლო 2002 წელს ერთობლივად ჩამოაყალიბეს პირველი ჰიპერმარკეტი "О"Kей". 2005 წელს მათ წვენების კომპანია "მულტონი" "კოკა-კოლას" 500 მილიონ დილარად მიჰყიდეს, ხოლო მიღებული თანხა "О"Kей"-ს განვითარებას მოახმარეს.
"კვარციტისა" და "მადნეულის" გასხვისების შესახებ ინფორმაცია გუშინ, თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ოქროს მომპოვებელმა კომპანია "ჯეოპრო მაინინგმა" "მადნეულის" და "კვარციტის" გაყიდვაზე გარიგებას ხელი 14 ივნისს მოაწერა.
სს "მადნეული" და შპს "კვარციტის" გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით თავად საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, "მადნეული" და "კვარციტი" კომპანია "კაპიტალ ჯგუფმა" შეიძინა, რომლის აქციონერები რუსი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.
აღნიშნული ჯგუფის მფლობელობაში შედის კომპანია NevaRus-ი, რომელიც სომხურ სამთო-მომპოვებელ ბიზნესში მოღვაწეობს. 2011 წლის ოქტომბერში და 2012 წლის თებერვალში საჯარო აუქციონში მონაწილეობის შედეგად, ჯგუფმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ჯამში 204 მილიონ ლარად შეიძინა.
2012 წლის 14 ივნისს სს "მადნეულის" და შპს "კვარციტის" გენერალურ დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა.