ცოლისთვის - მონასტერი, ქალიშვილებისთვის - ცხოვრება შეცვლილი სახელებით, თვითონ პუტინი კი - გამუდმებით მარტო მყოფი. მთავრობაში მის დაბრუნებას პერმანენტული გამოსვლები მოჰყვა, მთელი ქვეყანა მის გარშემო ტრიალებს, თუმცა პუტინი კვლავ ახერხებს პირადი ცხოვრების დამალვას.
"პუტინის სახლის" ცხოვრება სახელმწიფო საიდუმლო გახდა. რუსი ჟურნალისტების თქმით, გაცილებით იოლი და უსაფრთხოა ეროვნული უშიშროების ყველაზე დელიკატურ პრობლემებზე საუბარი, ვიდრე ამ საკითხზე.
მისი ცოლის - 54 წლის ლუდმილასა და ორი ქალიშვილის - 27 წლის მარიასა და 25 წლის ეკატერინას შესახებ ძალიან ცოტა რამ, ან თითქმის არაფერია ცნობილი. პირველი ქალბატონი რამდენიმე წლის წინ საერთოდ გაქრა საზოგადოებრივი სცენიდან. ხმები დაირხა, რომ მეფის რუსეთის ტრადიციის თანახმად, ფსკოვის ერთ-ერთ მონასტერშიც კი სურდათ მისი გამოკეტვა.
რამდენიმე დამოუკიდებელმა გამოცემამ გაბედა პუტინისა და ლუდმილას ხელის ჩამორთმევის ფოტო გამოექვეყნებინათ და ზედ წაეწერათ: "ექვსი წლის შემდეგ შევხვდეთ" - ეს მინიშნება იყო კრემლში შემდეგ არჩევნებზე, თითქოსდა პუტინი და მისი ცოლი მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების დროს საზოგადოების დასანახად ხვდებიან ერთმანეთს.
"ისინი მრავალი წელია ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ პუტინი ამჯობინებს ეს დამალოს, რადგან თანამემამულეების უარყოფითი რეაქციის ეშინია", - განმარტავს კრემლის ყოფილი თანამშრომელი სტანისლავ ბელკოვსკი.
კიდევ უფრო გასაიდუმლოებულია პუტინის ორი ქალიშვილის ცხოვრება, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოგონილი სახელებით ცხოვრობენ. არავინ იცის, სად იმყოფებიან, რას აკეთებენ, როგორ გამოიყურებიან. მის ქალიშვილებზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გერმანულ სპეცსკოლაში სწავლობდნენ სანქტ-პეტერბურგში, მერე კი უნივერსიტეტში, სადაც მარია ბიოლოგიას შეისწავლიდა, ეკატერინა კი - აზიას.
იმასაც კი ამბობდნენ, რომ უფროსს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა სამხრეთკორეელი დიპლომატის შვილთან, უმცროსი კი ჰოლანდიელი ტოპმენეჯერის ცოლი იყო, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ამბობს.
თვით პუტინი აცხადებს, რომ ეს გასაიდუმლოება მათი ნორმალური ცხოვრების გარანტიაა. მას სურს, მისმა შვილებმა მშვიდად იცხოვრონ.
2008 წელს ერთ-ერთმა გამოცემამ გაბედა და გამოქვეყნა ინფორმაცია პუტინისა და ლუდმილას საიდუმლო განქორწინებისა და მშვენიერ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაზე შესაძლო დაქორწინების შესახებ. პუტინმა მშრალად უარყო ეს ფაქტი და გამოცემას სამუდამოდ აეკრძალა ამ თემაზე საუბარი. მას მერე რუსული მასმედია ცდილობს პრეზიდენტის პირადი ცხოვრების ზღვარი არ გადალახოს.
L'espresso
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)