"ქართუ ბანკის" ახალ სამეთვალყურეო საბჭოში ვლადიმერ უგულავასთან ერთად ფინანსისტები ირაკლი ზარქუა და რიონ ცაციაშვილი იქნებიან. ამის შესახებ ბანკის დირექტორატის ყოფილმა წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ვლადიმერ უგულავას ხელმძღვანელობით გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დირექტორატი, რომელშიც 8 პირი იყო, გაეთავისუფლებინათ.
როგორც გოჩა ჩიკვილაძე განმარტავს, ვლადიმერ უგულავას, როინ ცაციაშვილსა და ირაკლი ზარქუას აქვთ უფლებამოსილება, ახალი დირექტორატი დანიშნონ.
ამასთან, მისი თქმით, "ქართუ ბანკის" სალარო ცარიელია და ბანკს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა.
ჩიკვილაძის განცხადებით, დღეს ვერ გაიხსნა ბანკის საცავი, რადგან საცავზე პასუხისმგებელი პირი მანანა ნადირაძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან. შესაბამისად, ჩიკვილაძის განცხადებით, საცავი ამ დროისთვისაც არ არის გახსნილი, რის გამოც სალარო ცარიელია და ბანკს არ ეძლევა მუშაობის შესაძლებლობა.
ამ დროისთვის ბანკში თანამშრომლები იმყოფებიან, როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციაში მუშაობას.
დღეს ვლადიმერ უგულავამ "ქართუ ბანკში" შეხვედრები გამართა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს" ბანკის აქციების მმართველად დანიშნა.
"2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს "ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ის და სს "პროგრეს ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.
აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა", - აღნიშნულია ბიუროს განცხადებაში.
ამასთან, ვლადიმერ უგულავამ "ქართუ ბანკის” და მთელი დირექტორატი თანამდებობიდან გაათავისუფლა.