სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები ნუგზარ გიორგაძეს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დარგული პავლონიის ნერგების უმეტესობა დღეს დილით გაჩეხილი დახვდა. როგორც ნუგზარ გიორგაძემ გვითხრა, აპრილის თვეში პავლონიის 250-ზე მეტი ნერგი დარგო.
"სადაც პავლონია მაქვს დარგული, იქვე ახლოს თხილის ბაღიც მაქვს და ყოველდღე მოვდივარ აქ. დღეს მინდოდა თხილის ბაღის გასუფთავება და ასევე ვაპირებდი რამდენიმე ადამიანის დახმარებას და კი ხედავთ, რა ხდება ახლა ჩემს მიწის ნაკვეთზე. ამაზრზენი ფაქტი არის ეს, რაც მოხდა. ეს იყო საჩვენებელი ნაკვეთი, აქედან ეკონომიკურ შედეგს რომ მივიღებდი, მინდოდა შემდეგ სოფლის მცხოვრებლებსაც გაეშენებინათ პავლონია, რომ გამოსულიყვნენ დუხჭირი ცხოვრებიდან", – განაცხადა ნუგზარ გიორგაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება.
"მე, არც ვმალავ და ყველგან ვამბობ, რომ ვარ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. სოფელში იმყოფებოდა ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც დეპუტატობის კანდიდატია და იქ ვთქვი, სოფლის განვითარების პროგრამების შესახებ, რა სრულდებოდა და რა არ სრულდებოდა. საქართველოში, კონსტიტუციით, ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის, სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის უფლება და მეც ვამბობ იმას, რაც არის სიმართლე. მე შევცდი, იმ ავბედით დღეებში მიხეილ სააკაშვილს დავუჭირეთ მხარი ჩემს მეგობრებთან ერთად. მეგონა, რომ უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა და აი, შედეგი, რაც მოხდა, ორღობეში დასდევენ ხალხს დასაშინებლად", – აცხადებს გიორგაძე.