თამუნა ლეჟავას ოთხი აქსესუარი მსოფლიო კატალოგში შევიდა

თამუნა ლეჟავას ოთხი აქსესუარი მსოფლიო კატალოგში შევიდა

ქართველი დიზაინერის თამუნა ლეჟავას აქსესუარები ბევრის მოწონებას იმსახურებს. მისი ნამუშევრები დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და მათ მანდილოსნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ. სულ ახლახან თამუნა ლეჟავას ოთხი ნამუშევარი შევიდა მსოფლიო კატალოგში "Showcase 500 beaded Jewelry". ამ წარმატებული ფაქტის შესახებ "რეიტინგი" პირველი მოგითხრობთ...

- პროფესიით ფიზიკოსი ვარ, მაგრამ დიდი ხანია ამ სფეროს მოვწყდი. სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მე კარიერა უნდა გამეკეთებინა, საქართველოში არეულობის პერიოდი იდგა და ფუნდამენტური მეცნიერები ნაკლებად ვითარდებოდა. ჩემი ორივე ბებია ხელსაქმის სერიოზული მცოდნე იყო. ვუყურებდი, როგორ იქნებოდა ჩემ თვალწინ სხვადასხვა ნივთი. ევდოკია გოლოვინა გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მკერავი იყო. მაშინ სამოსი ასე იოლად არ იშოვებოდა, როგორც ახლა. ის რუსი თავადის ქალი იყო, რომლის ოჯახი რუსეთში დახვრიტეს, რეპრესიებს ხელსაქმის კარგი ცოდნითა და გავლენიანი კლიენტურის წყალობით გადაურჩა. მეორე ბებია, ევა გურგენიძე, პროფესიით ისტორიკოსი გახლდათ. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის მთლიანად ხელსაქმეზე გადაერთო. არაჩვეულებრივად კერავდა, ქსოვდა და ბისერით მუშაობდა.

- ალბათ ბებიების წყალობით ბავშვობაში ყოველთვის გამორჩეულად გეცვათ...

- დიახ, ასე იყო. მეორე ბებია ძალიან საინტერესო ჩანთებს და ბისერით გაწყობილ ქლაჩებს აკეთებდა. მათი ყურებისას, მეც მქონდა სურვილი, ამ კუთხით მემუშავა, მაგრამ აქამდე არ მივიდოდი, რომ არა ის მძიმე დეპრესიული ფონი, რომელიც 90-იან წლებში გამოვიარეთ. ყველა ცდილობდა საკუთარი თავისთვის რამე ფორმით "ემკურნალა". პირადად ჩემთვის ამ საქმიანობაში ამოსავალი წერტილი ერთი შემთხვევა გახდა: ჩემი და ნიუ-იორკში ცხოვრობს, საიდანაც 2004 წელს კატალოგი ჩამომიტანა. სქელი ფორმატის კატალოგში 500 საიუველირო სამკაულია შესული. გამომცემლობა "ლარკ ბუკი" უშვებს წიგნებს და კატალოგებს დიზაინზე, მოდაზე, სამკაულზე, ოღონდ არა სერიულზე, არამედ მხოლოდ ექსკლუზიურ ნივთებზე და ნამუშევრებს, მსოფლიო მასშტაბით კრებენ. როცა კატალოგი დავათვალიერე, ისეთი ნამუშევრები ვნახე, გავოცდი. საოცარი ფორმის ყვავილები, ჩიტები, პეპლები იყო. ორი კვირის განმავლობაში კატალოგს სისტემატურად ვათვალიერებდი და რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ მეც არანაკლები ნივთების შექმნა შემეძლო.

- პირველად რა შექმენით?

- ჩეხური, ძოწისფერი მძივი დავშალე და ყელსაბამი გავაკეთე. დღეს ის ნამუშევარი საოცრად მარტივი მეჩვენება, მაგრამ ეფექტური გამოვიდა. მუშაობა გავაგრძელე და 2007 წელს პირველი გამოფენა გალერეა "ბაიაში" მქონდა. მაშინ ისეთი სამკაული გავაკეთე, რომელიც მაქსიმუმ ორი ტექნიკით სრულდებოდა. დღეს რასაც ვქმნი, ცხრა-ათი ტექნიკით სრულდება. გააჩნია, რა პოტენციალი გაქვს, რამდენად შორს წახვალ. ამ საქმის ქართულად შესატყვისი სიტყვა ალბათ "მოწვნაა" - ბისერებით მოწვნა. პირველ გამოფენაზე "ბრტყელი" გამოსახულებები გავაკეთე და არა მოცულობითი. გამოფენაზე, ჩემთვის მოულოდნელად, ძალიან ბევრი ნივთი გაიყიდა და ამას არ ველოდი. ქართული გემოვნება ჩარჩოშია მოქცეული, მე ხალხს პატარა სკანდალს ვთავაზობ და ამ ნივთების ტარებას ალბათ ერთგვარი გამბედაობა სჭირდება. დიდი, თვალში საცემი აქსესუარებია და შეიძლება მისი ტარებისას ადამიანი სამკაულში "დაიკარგოს". ადამიანი კომპლექსდება, მქონია ასეთი შემთხვევები. ბევრს ერჩივნა, ყოველდღიური ნივთები შემექმნა, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ. სამყარო სავსეა ყოველდღიური ნივთებით. მირჩევნია, ერთი ნივთი 3-4 კვირა ვაკეთო და თვალსაჩინო იყოს, ვიდრე 3-4 დღეში ერთხელ, კონვეიერის სისტემით, ერთი და იგივე "ვბეჭდო".

- ანუ შეიძლება ითქვას, თქვენი სამკაული უფრო გამოსასვლელი, საზეიმოა?

- ეს ადამიანზეა დამოკიდებული. გააჩნია, თქვენ როგორ უყურებთ საკუთარ თავს. ზოგმა შეიძლება ყოველდღე ატაროს, ზოგმა შეიძლება ცხოვრებაში ვერასოდეს მოიხდინოს. ამის მზა რეცეპტი არ არსებობს.

- გაქვთ აქსესუარი, რომელსაც ვერასოდეს დათმობთ?

- დიახ, ასეთი რამდენიმე საყვარელი ნივთი მაქვს. უამრავ ადგილას დავდივართ მეგობრებთან ერთად, წვეულებაზე თუ ლაუნჯში და როცა ის ნივთები მიკეთია, არასოდესაა კონტექსტიდან ამოვარდნილი. ერთ-ერთი საყვარელი ყელსაბამი იმ კატალოგშიც შევიდა, რომელიც წელს აგვისტოში გამოვიდა. ყელსაბამი ერთგან ზღარბივითაა, მარჯნის "ჩხირები" აქვს. არ არსებობს კაბა, "როლინგი" ან უბრალო მაისური, რომელსაც მას არ ვუხამებდე. ყველაფერზე უპრობლემოდ "ჯდება" და არანაირ დაძაბულობას არ მიქმნის. 2004 წლიდან დღემდე აღნიშნული კატალოგი არ გამოსულა, წელს გამოიცა და მასში ჩემი ოთხი ნამუშევარი შევიდა.

- რატომ არის ამ გამოცემებს შორის ამხელა პაუზა?

- კატალოგს ყოველწლიური სახე არ აქვს. გამომცემლები ჯერ მარტო წელიწად-ნახევარი მასალას ამზადებენ, აანალიზებენ და ამას დიდი დრო სჭირდება. მასალა მთელი მსოფლიოდან იკრიბება. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გზავნის თავის ნამუშევარს. ამერიკელ, რუს, ებრაელ, იაპონელ კოლეგებთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი, რომ უამრავ ხალხს სურს კატალოგში მოხვედრა. ტირაჟი საკმაოდ დიდია, 5 მილიონი და ამ გამოცემას ბევრი ადამიანი ელის. მთელ მსოფლიოში ხელნაკეთობაზე ბევრი ადამიანი მუშაობს, საქართველოსგან განსხვავებით, ეს თემა სხვა ქვეყნებში საკმაოდ აქტუალურია.

- თქვენ რამდენი ნამუშევარი გქონდათ გაგზავნილი შესარჩევად?

- წელიწად-ნახევრის წინ გამომცემლობის გვერდზე დაიდო ინფორმაცია კონკურსის შესახებ. კატალოგის მოთხოვნებს შორის ეწერა, რომ შეიძლებოდა ოთხი ნამუშევრის რვა ფოტოს გაგზავნა - ნამუშევარი მთლიანობაში და დეტალები. კომისია შეარჩევს ერთს ან მაქსიმუმ, ორს, ან ყველას "ბრაკავენ". "კიკალა სტუდიოში" ვახუნა ალანიამ სამკაულის ძალიან კარგი ფოტოები გადაიღო და გავგზავნეთ. ორი თვე პასუხი არ მოსულა. ვნერვიულობდი, რადგან, ჩემი აზრით, ოთხივე ძალიან კარგი ნამუშევარი იყო. ასე იმიტომ არ ვფიქრობ, რომ ჩემია, არამედ ობიექტურად ვმსჯელობ. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და პროექტის ავტორს რეი ჰემეჩანდას მივწერე. ქართული რევერანსებით ვთხოვდი, პასუხი და შეფასება მოეწერათ იმ ნამუშევრების შესახებ, რომლებიც გავგზავნე. ორ დღეში მიპასუხეს, რომ მსოფლიოდან უამრავი მასალა ჰქონდათ შესული და 2012 წლის იანვრამდე ფიზიკურად არჩევანს ვერ გააკეთებდნენ. მახსოვს, 2012 წლის 13 იანვარს ჩემი და თბილისში ჩამოვიდა. საუბარში კატალოგის შესახებაც მკითხა. ვუთხარი, რომ ამ თემაზე სიახლე არ მქონდა. შემდეგ მივედი და ელფოსტა შევამოწმე. ახალი წერილი არ დამხვდა. ამ საუბარში ვიყავით, როცა გამომცემლობიდან ახალი წერილი მოვიდა, სადაც ეწერა, რომ შეირჩა ის ერთი სამკაული, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ - ჩემი საყვარელი ნივთი. იმავე წამს მეორე, მესამე და მეოთხე წერილებიც მოვიდა. ვიფიქრე, რომ რაღაც შეცდომა ხდებოდა. გაოცებული გარკვევას შევეცადე და დამიდასტურეს, რომ ჩემი გაგზავნილი ოთხი ნივთიდან ოთხივე შეარჩიეს. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. რეგლამენტი დაირღვა.

- საახალწლო საჩუქარი გაგიკეთეს...

- (იღიმის) მთელი მსოფლიოს ხუთასი სამკაულიდან ოთხი რომ შენია, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. შოკის მომგვრელი ამბავი იყო. ამ ამბის გასაცნობიერებლად დრო დამჭირდა. არ ვიცნობ გამომცემლობის წარმომადგენლებს, ნიუ-ორკშიც კი არ ვარ ნამყოფი და რომელიღაც გაუგებარი ქვეყნიდან ოთხ ნამუშევარს რომ შეარჩევენ, ძალიან სასიამოვნო ფაქტია. კატალოგი უკვე გამოიცა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 აგვისტოდან გაიყიდება.

- დღეს ვინ ატარებს თქვენს ნივთებს, საზოგადოება რომ იცნობდეს...

- პირველი და მეორე გამოფენიდან ძალიან ბევრი ნივთი შეიძინა ნინო სუხიშვილმა, როგორც თავისთვის, ისე სასაჩუქრედ. რვა ნივთი აქვს ანუკა არეშიძეს. მან კიევში პირველი ჩვენება რომ გამართა, მოდელებს ჩემი აქსესუარები ეკეთათ. ბევრი ქალბატონი შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ისინი ჩემი სამკაულების მომხმარებლები არიან. არაერთი დაკვეთა მაქვს საზღვარგარეთიდან. დასამალი არ არის, რომ უცხოელები ბევრად მეტს იხდიან. რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესი ამერიკულ-ევროპული ბაზარი უფროა, ვიდრე ქართული და მოდა, პირველ რიგში, ბიზნესია.

- სამკაულის გარდა, კიდევ რამეს ხომ არ ქმნით?

- სულ ახლახან გავაკეთე პირველი ჩანთა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ხალხი შოკში ჩააგდო. ბისერებით, ხავერდითა და ტყავით შექმნილ ჩანთაზე მონა ლიზაა გამოსახული და სახელური "ცეპის" აქვს. რთული სამუშაო იყო, მინდოდა მონა ლიზას ღიმილი და თვალები ცნობადი ყოფილიყო. მე თუ მკითხავ, ძალიან უცნაური და ეგზოტიკური გამოვიდა, მაგრამ მასზე მუშაობის პროცესმა ძალიან დამღალა.

- უახლოეს მომავალში თქვენი აქსესუარების პერსონალურ გამოფენას ხომ არ გეგმავთ?

- პერსონალურს არა, მაგრამ სამომავლოდ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ერთობლივ გამოფენის გამართვას ვგეგმავ. დღეს სამკაულს ბევრი აკეთებს, სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ეს თემა გაიცვითა. როცა ადამიანი ამ საქმეს ხელს ჰკიდებს, არ შეიძლება ვიღაც დააკოპიროს, ნივთში საკუთარი დეტალი უნდა შეიტანოს. გვინდა, რამდენიმე სერიოზული ავტორი გავერთიანდეთ და თუნდაც წელიწადში ერთხელ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა გავაკეთოთ. თავს როგორ მოვაბამთ, არ ვიცი, ვნახოთ. დარბაზის იჯარა საოცარი ფასი ჯდება. გარდა ამისა, საჭიროა მოსაწვევების დაბეჭდვა, პრომოუტი, ათასგვარი დეტალია მოსაგვარებელი, ყველაფერი ეს ფინანსებამდე დადის. ვინაიდან საქართველოში ბაზარი მწირია და ყიდვის ინდექსი დაბალი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საერთოდ ღირს თუ არა გამოფენის გამართვა.

- თუ უხერხული შეკითხვა არ არის, გაგვიმხილეთ - თქვენი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტი თანხა რაში გადაუხდიათ?

- 1400 დოლარად გავყიდე მრგვალი კოლიე. ეს ნივთი ევროპაში გაიყიდა.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს