ამერიკელმა მონაზონმა თავი მუნკის შვილიშვილად გამოაცხადა

ამერიკელმა მონაზონმა თავი მუნკის შვილიშვილად გამოაცხადა

ამერიკელმა მონაზონმა ჯანეტ უებერმა (Janet Weber) თავი ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის შვილიშვილად გამოაცხადა. 72 წლის უებერი ირწმუნება, რომ მისმა ბებიამ, ვიოლონჩელისტმა ევა მუდოკმა 1908 წელს კოპენჰაგენში მხატვრისგან ტყუპები - ბიჭუნა კაი და გოგონა ისობელი გააჩინა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მუდოკი, რომელიც მუნკმა პარიზში 1903 წელს გაიცნო, ახალგაზრდა მხატვრის საყვარელი და მოდელი იყო, მაგრამ იმის თაობაზე, თითქოს მან მისგან შვილები გააჩინა, ინფორმაცია არ არსებობდა. დღემდე მიიჩნევდნენ, რომ მუნკს შვილები არ ჰყავდა.

უებერის თქმით, მხატვარმა ვერ შეიტყო, რომ მამა გახდა. უფრო მეტიც, მუდოკმა ბავშვების დაბადების შესახებ არა მხოლოდ მუნკს დაუმალა, ბავშვებსაც არ უთხრა, ვინ იყო მათი მამა. იმის შესახებ, რომ იგი ედვარდ მუნკის ქალიშვილი იყო, უებერის დედამ, ისობელმა მუდოკის დაქალისგან, ბელა ედვარდსისგან შეიტყო.

მუნკის მემკვიდრემ ელიზაბეტ მუნკ-ელინგსენმა (მუნკის ბიძის შვილთაშვილმა) განაცხადა, რომ მზადაა უებერს ნათესაობის შესამოწმებლად დნმ-ის ნიმუში მიაწოდოს.

"გულსატკენია, თუ ეს დამტკიცდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ იგი (მუნკი) გარდაცვალების დროს ორი 34 წლის შვილის მამა იყო და საკუთარი შვილები ვერ ნახა", - განაცხადა ელიზაბეტ მუნკ-ელინგსენმა.

ედვარდ მუნკის ნამუშევარმა - "კივილმა" აუქციონზე გასხვისებულ ხელოვნების ნიმუშებს შორის თავისი ფასით რეკორდი დაამყარა. ნახატი 119,9 მლნ დოლარად გაიყიდა.

მომზადებულია The Local-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს