გურამ ბიგანიშვილის წინააღმდეგობებით სავსე რეგატები

გურამ ბიგანიშვილის წინააღმდეგობებით სავსე რეგატები

აფროსნობა საწყლოსნო სპორტის უძველესი სახეობაა, რომლის სამშობლოდ ჰოლანდია მიიჩნევა. XVII საუკუნის შუა წლებში სწორედ იქ მოეწყო იალქნიანი ნავების პირველი გამოცდა სისწრაფეში. საქართველოში აფროსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას გურამ ბიგანიშვილმა მიაღწია. ის "ვარსკვლავის" კლასში გამოდიოდა და გასული საუკუნის 80-იან წლებში ორჯერ მოიპოვა სსრკ-ს ჩემპიონის წოდება, 1984 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბარსელონისა და ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველ აფროსანს საზღვარგარეთ წასვლისა და თავისი სპეციალობით თავის დამკვიდრების შანსი არაერთხელ ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა. სურს, თავისი ძალა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში აფროსნობის განვითარებას მოახმაროს. გურამ ბიგანიშვილთან შეხვედრისას, სპორტული კარიერის საწყისი ეტაპის გახსენებიდან - დღემდე, საქართველოს ბედის მისეული ხედვითაც დავინტერესდით...

- თბილისში, ღრმაღელეს, დღევანდელი სანზონის რაიონში დავიბადე. ირგვლივ ბაღები იყო გაშენებული, სადაც ყველანაირი ხილი ხარობდა. ის ბაღები მთავრობის საკუთრება იყო, კონტროლდებოდა, მაგრამ ბავშვები მაინც გადავდიოდით და ხილს ვიპარავდით. დღემდე ისე მიყვარს ყველანაირი ხილი, რომ სადაც დავინახავ, არ შემიძლია, არ მოვწყვიტო (იღიმის). დიღმის მასივში ერთგან თუთის ხეების ტყე იყო. მოპირდაპირე მხარეს ბლის ხეები იდგა. იქ ბავშვები მივდიოდით, უფროსებს მოკრეფაში ვეხმარებოდით და საღამოობით ერთ ვედრო ბალს შინ გვატანდნენ. იმავე ადგილას გველხოკერებს ვიჭერდით, მოგეხსენებათ, მათ შხამი არ აქვთ და სკოლაში წასვლისას ქამრის მაგივრად "ვიკეთებდით".

- ცოცხალ გველს?!

- კი, გიჟდებოდნენ მასწავლებლები და იყო წივილ-კივილი. მეთხუთმეტე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ბავშვები ხშირად დავდიოდით თბილისის ზღვაზე, ვთევზაობდით, ვბანაობდით.

- ცურვა ვინ გასწავლათ?

- დიდი მოცურავე არ ვარ, ცურვა თბილისის ზღვაზე ჩემით ვისწავლე. ძალიან მენატრება ის დრო, როცა მთელი უბნის ბიჭები ზღვაზე მივდიოდით, ფეხბურთსა და ლახტს ვთამაშობდით. მახსოვს, ფეხზე მამაჩემის მაღალყელიან ჩექმებს ვიცვამდი, რომ ქამრის მოხვედრისას ფეხები არ მტკენოდა.

- მშობლები რა პროფესიის იყვენ?

- მამა მძღოლი იყო, დედა ფაბრიკაში მუშაობდა. მყავს უფროსი ძმა და უმცროსი და. ჩემი სახლის წინ მეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტი იყო და 14 წლის ასაკში მუშაობა იქ დავიწყე. მანამდე მამას ვთხოვე, თუ შეიძლება, ღამის სკოლაში გადავალ და ვიმუშავებ-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნება დამრთო. ახლა ჩემმა შვილმა რომ მითხრას, ღამის სკოლაში გადავალო, შეიძლება გავგიჟდე, მაგრამ მამა არ შემწინააღმდეგებია. პასპორტი არ მქონდა, მაგრამ ორი თვე დირექტორს კარი ავუტალახე. არ მოვასვენე, სანამ სამსახურში არ მიმიღეს. შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი. პატარა, ექსპერიმენტულ სახელოსნოში თვითმფრინავის დეტალებს ამზადებდნენ, ეტყობა, თავი გამოვიჩინე, რადგან დირექტორს დიდ პატივში ვყავდი. კარგი კაცი იყო, კეთილი. ზაფხულში მეუბნებოდა, წადი, დაისვენე, ხელფასს მაინც გადაგიხდიო. შემდეგ უკვე, როცა სპორტსმენი გავხდი და ხელფასს კავშირის ნაკრებში და საქართველოშიც ვიღებდი, ის კაცი ინსტიტუტში მუშაობისას განკუთვნილ თანხას მაინც მიხდიდა. იმ ინსტიტუტის თანამშრომლების უფროსი თაობა ხშირად დადიოდა თბილისის იახტკლუბში და მეც მეუბნებოდნენ, წამოდი, კარგი ტანი გაქვს, ვარჯიში დაიწყეო. მეცინებოდა, თქვენს "პროსტინებზე" თქვენ თვითონ "იკატავეთ"-მეთქი, მაგრამ ერთხელად დამაინტერესა და წავყევი.

- ეს რა ასაკში მოხდა?

- 16 წლის ვიყავი. მომეწონა, ნავით რომ გამასეირნეს. შემდეგ შაბათ-კვირასაც გავყევი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და უკვე სერიოზულად ჩავები ამ სპორტში და ვარჯიში დავიწყე.

- სპორტის ეს სახეობა საქართველოში პოპულარული არ იყო...

- ასე ნამდვილად არ არის. იყო კარგი იახტკლუბები ბათუმში, ფოთში, თბილისში. ქუთაისსაც კი ჰყავდა გუნდი. ბევრი ხალხი იყო ამ საქმეში ჩართული. ამ სპორტში სხვადასხვა ტიპის ნავები არსებობს, ერთკაციანი, ორკაციანი, სამკაციანი... მე ერთკაციანი ნავით დავიწყე. არ დაგიმალავთ და გეტყვით, საქართველოში არ იყვნენ სპეციალისტები და ამიტომ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბევრს ვვარჯიშობდი. თავიდან ჩვენს ქვეყანას არცთუ კარგი შედეგები ჰქონდა, 60 ნავში 58-ე ადგილს ვიღებდით.

- ეს რომელ წლებში?

- 70-იან წლებში. შემდეგ ჩემს ერთ რუს მეგობარს ვთხოვე ვევარჯიშებინე. 2 თვე სულ ერთად ვიყავით და ამის შედეგად მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირის პირველობაზე VI ადგილი ავიღე. ეს მაშინ, როცა 70 ნავიდან ათეულში მოხვედრაც კი ბევრს ნიშნავდა. VI ადგილის შედეგად, სპორტის ოსტატი გავხდი. ამის გამო საბჭოთა კავშირის მეოთხე ნაკრებში ჩამრიცხეს. ექვს თვეში უკვე კარგად მოვემზადე და გადავინაცვლე საბჭოთა კავშირის რიგით მეორე ნაკრებში. 1974 წლიდან ერთკაციან ნავებში უკვე ლიდერი ვიყავი. 1979 წელს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვალენტინ მანკინის თხოვნით, მასთან გადავედი. ჩვენ ორკაციანი ნავით უნდა გვეასპარეზა. ორი წლის განმავლობაში ერთად გამოვდიოდით როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ და თითქმის არაფერი წაგვიგია. ჩემი ბედი მოსკოვის ოლიმპიადის დაწყებიდან წინა დღეს გადაწყდა. გუნდში ვიყავი, მაგრამ გამომიცხადეს, შენ ისეთი უნივერსალი ხარ, სათადარიგო უნდა იყო, ვინმე რომელიმე კლასში ცუდად რომ გახდეს ან დაიმტვრეს, შენ მეტი ვერავინ შეცვლისო. ეს იყო ტყუილი, მხოლოდ საბაბი, რადგან ოქროს მედალი გარანტირებული მქონდა და ჩემ მაგივრად სხვა ჩასვეს. სამი დღე ვუყურე ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ მერე თავი დავანებე და სახლში წამოვედი. საერთოდ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. ყურადღება რომ მოექციათ, პირველ რიგში, უნდა ყოფილიყავი მოსკოველი, ან უკრაინელი, ჩვენზე მეტად კი ბალტიისპირელებს ჩაგრავდნენ.

1978 წლიდან მოყოლებული შეჯიბრი არ წამიგია, მაგრამ ხან ერთი წელი არ მივყავდით საზღვარგარეთ, ხან ორი. როგორც მოეპრიანებოდათ, ყველაფერი ისე ხდებოდა. ერთხელ, ერთკაციანებში გამოსვლისას, მოსკოვში ნავიც კი დამიმალეს. მაშინ ევროპის ჩემპიონატზე მივდიოდი და შეხვედრაზე სხვისი ნავით გამოვედი. ბევრი ასეთი შემთხვევა მაქვს გასახსენებელი...

1988 წელს სსრკ-ს პირველი ნომერი ვიყავი, გამოგვიცხადეს, რომ არჩევანი სამ კაცს შორის უნდა მომხდარიყო. სევასტოპოლში ძლიერი ქარები იცის და გამოსაცდელად იქ წაგვიყვანეს. ვვარჯიშობდით და არავინ ამბობდა, როდის დაიწყებოდა შერჩევა. ჩემი პირადი მწვრთნელი რუსი იყო, რომ მოვიკითხე, დამემალა, რომ ჩემთვის შექმნილი ვითარება არ აეხსნა. იქიდანაც წამოვედი. თურმე რა ყოფილა: გუნდის უფროსს, ლენინგრადის სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს განუცხადებია, არ მაინტერესებს, ერთი ეკიპაჟი ჩემი ქალაქიდან უნდა იყოსო და ასეც მოხდა. 1979 წელს ტალინში ვთქვი, რომ ამ სპორტს ჩამოვშორდი. ორი თვე იქვე დავრჩი, მერე ჩემს მანქანას ნავი მოვაბი და თბილისში წამოვედი. გზად კიევი გამოვიარე, სევასტოპოლში საბჭოთა კავშირის პირველობა ტარდებოდა. ვერ მოვითმინე და შევიარე, ვნახავ, რა ხდება-მეთქი. მაშინ, თუ სამხედრო ძალებში არ გაერთიანდებოდი, ნაკრებში არ აგიყვანდნენ. მართალია, მე საქართველოს სახელით გამოვდიოდი, მაგრამ იმ დროს აუცილებელი პირობა შეიარაღებული ძალებში ყოფნა იყო და აქედან გამომდინარე, მე შავი ზღვის საზღვაო ფლოტის სახელით ვასპარეზობდი. საბჭოთა კავშირის პირველობაზე რომ მივედი, რბოლა ორი დღის დაწყებული იყო. კლუბის დირექტორი შემეგება და მონაწილეობა შემომთავაზა. დაგვიანებული იყო რეგისტრაცია, ვერ დავეწეოდი იმ მონაწილეთა შედეგებს, რაც იმ ორი დღის განმავლობაში სხვებს ჰქონდათ, მაგრამ ძალიან მთხოვა მონაწილეობა და მეც უარი ვეღარ ვუთხარი, სევასტოპოლში დარჩენილ 5 რბოლაში ჩავერთე და მეორე ადგილზე გავედი. მაშინ რუსმა მწვრთნელებმა თავიანთი საქციელის გამო ბოდიში მომიხადეს.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთქვათ, სავარჯიშოდ და ასპარეზობისთვის ყველაზე რთული ზღვა ან ტბა რომელია? ყველაზე დიდი შტორმის შემთხვევაც გაიხსენეთ...

- იტალიაში მთებს შორის არის დიდი ტბა - გარდა. ყველაზე რთული ადგილია, სადაც შტორმებია და საშინელი ქარი იცის. ტბაზე მოკლე, ხშირი ტალღებია და ამ შემთხვევაში სიარული ძალიან რთულია. ყოფილა შემთხვევა, რომ 20-30 ნავი ერთდროულად დამტვრეულა. რაც შეეხება შტორმს, სევასტოპოლში არის ერთი ყურე, სადაც გაზაფხულის პირველი ორი თვე ვვარჯიშობდი ხოლმე. ერთხელ მე და ვალენტინ მანკინი ორი ნავით დიდ შტორმში სავარჯიშოდ გავედით. სპორტსმენები მთაზე იდგნენ და შიშით გვადევნებდნენ თვალს, გადავრჩებოდით თუ არა. სამხედრო კატარღა გამოგვადევნეს, ჩვენი უკან მიბრუნება უნდოდათ, მაგრამ იმ კატარღამ ძლიერ შტორმში სიარული ვერ შეძლო და უკან გაბრუნდა. ანძა 11 მეტრის სიმაღლისაა, ნავი ერთი. ტალღებს შორის რომ მოვექცეოდი, ანძის თავი ისე იმალებოდა, ვერ ვხედავდი. თუმცა, ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო, ფანტასტიკური ვარჯიში.

- ბოლოს როდის იდექით იახტაზე?

- სამი წლის წინ, იტალიაში, სწორედ ზემოთ ხსენებულ გარდაზე ჯენტლმენების რეგატა ჩატარდა. აფროსნობაში ასაკზე მეტად გამოცდილება ფასობს. ასპარეზობა დღესაც შემიძლია და წავედი. ჩემი პარტნიორი ახალგაზრდა ვახტანგ კოპაძე იყო. ორი თვის განმავლობაში საბერძნეთში ვივარჯიშეთ, შემდეგ იტალიაში გავემგზავრეთ და რეგატაზე მეორე ადგილი დავიკავეთ. ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა გვინდოდა, მაგრამ ვერ ავეწყვეთ. საამისოდ საჭიროა თანხები, რომელსაც მხოლოდ მე ნამდვილად ვერ დავფარავ. თითქმის ექვსი წელი ვმუშაობდი სან-დიეგოში, მაგრამ მერე წამოვედი, სახლში მინდოდა.

- რომელ წელს ჩამობრძანდით?

- 1994 წელს. 2003 წელს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად იტალიაში დამპატიჟეს. იქ მე, ჩემი მეუღლე და შვილი გიორგი გავემგზავრეთ, მაგრამ პირობები არ მომეწონა და 6 თვის შემდეგ უკან დავბრუნდი. მოგეხსენებათ, იტალიელები ცოტა მატყუარები არიან და...

- ქართველებზე მეტად?

- კი, აფერისტები არიან. ყველაფერზე "მანიანა, მანიანას" გაიძახიან, ანუ "ხვალ" და ეს დღე მათთვის არასოდეს დგება. ამერიკაში, იქ, სადაც ვმუშაობდი, დღემდე კარგი კონტაქტი მაქვს, მეუბნებიან, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია ჩასვლა, მაგრამ არ მინდა. მინდა, აქ ვასწავლო ჩემს შვილს, მის მეგობრებს და ზოგადად ყველა ქართველ ბავშვს. ჩემი ოცნებაა, საქართველოში ერთი კარგი კლუბი გავაკეთო და ბავშვები აღვზარდო. ეს სპორტის ისეთი სახეობაა, რომლითაც ბიჭი ნამდვილი კაცი დგება. ზღვა სხვანაირად გზრდის, ძლიერი იქნები, ეცნობი ბუნებას. შეიძლება, ბავშვი სპორტის ამ სახეობას არ გაჰყვეს, მაგრამ კაცი გამოვა.

- თქვენი შვილი რამდენი წლისაა?

- გიორგი 25-ში 15 წლის ხდება. შარშან მსოფლიო ბავშვთა უნივერსიადაზე მონაწილეობდა, არაერთი მედალი, სიგელი აქვს და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი წარმატებული მოცურავეა.

- ბატონო გურამ, ბოლოს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგებში გხედავთ.

- დიახ, ვარ და ვიქნები (იღიმის).

- რატომ გადაწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერა?

- არასოდეს არანაირ პარტიაში არ ვყოფილვარ, არც მიტინგების მონაწილე ვიყავი. თავიდან გამიხარდა, ეს მთავრობა რომ მოვიდა, მაგრამ პირველი ჩემი წინააღმდეგობა დაიწყო უსამართლო დაჭერების შემდეგ. დღეს 15 ათასამდე პატიმარი გვყავს. ცალმხრივი ცხოვრება დაიწყო. ადამიანს ლუკმა ყელში როგორ უნდა გადაგივიდეს, თუ მეზობელი მშიერია. ხალხი დაბეჩავებული და გასაცოდავებულია. თუ ადამიანი ცოტა აზროვნებ, ამ მთავრობას არ სჭირდები. დეკემბერში დამირეკეს და "ქართული ოცნების" სპორტულ-თემატურ ჯგუფში მისვლა მთხოვეს. მივედი და მას შემდეგ მთელი საქართველო მოვიარე. რამდენიმე ადამიანი დაგეგმილ მიტინგებამდე რეგიონებში ჩავდივართ. ხალხს ჩვენს პროგრამას ვაცნობთ, ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებთ.

- რა სურათი გხვდებათ რეგიონებში, ამბობენ, რომ ბევრგან ინფორმაციული ვაკუუმია...

- ისეთ სოფლებში ვყოფილვართ, სადაც არც ტელევიზორია და არც გაზეთები ჩადის და მათ ჩვენზე უკეთ იციან, ქვეყანაში რაც ხდება. ადამიანები ვნახე, რომლებიც ავად არიან, ვერ მკურნალობენ, ბალახს ფქვავენ და იმას ჭამენ. 2004 წლიდან 9 მილიარდ-ნახევარია დახარჯული და განა არ შეიძლებოდა, 1 მილიარდით ამ ადამიანების ყოფა გაგეუმჯობესებინა?! მაინტერესებს, სად მიდის ამდენი ფული. ბეშუმში, სადაც დღესასწაულზე პრეზიდენტი იყო ჩასული და ჩვენც მთაზე ასვლა გადავწყვიტეთ, გადაცმული პოლიციელების კედელი დაგვხვდა. გვჩხრეკდნენ, ჯიბეებს გვიმოწმებდნენ. რა უნდა მქონოდა, იარაღი?! ღმერთო, ასეთი სირცხვილი მე არ მინახავს. ბოლომდე არ აგვიშვეს და ჭიდაობა დაგვიწყეს. პრეზიდენტმა რომ დაგვინახა, ჩაჯდა ვერტმფრენში და გაფრინდა.

- ოქტომბერში არჩევნებია, წარმატების გჯერათ?

- მილიონი პროცენტით. აჭარაში ყოფნისას შინაგანად ძალიან ვღელავდი, არ ვიცოდი, რა სურათი დაგვხვდებოდა, მაგრამ აქციაზე უამრავი ხალხი მოვიდა. წვიმდა და კაციშვილი ფეხს არ იცვლიდა. იქ თბილისზე ნაკლები ხალხი არ ყოფილა, და, რაც მთავარია, აჭარლები იყვნენ და არა თბილისიდან ჩასულები. ყველას სიხარულის ცრემლები მოგვდიოდა.

- არ ფიქრობთ, რომ შეიძლება, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართული ოცნების" მხარდაჭერებს შორის დაპირისპირება მოხდეს?

- ჩვენ ყველანი ერთმანეთის ნათესავები ვართ, რატომ უნდა მოხდეს დაპირისპირება?! ისედაც ცოტანი ვართ, დაპირისპირება გამორიცხულია. მგონი, ხალხი ამას კარგად ხვდება და სიმართლე იცის. ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს