დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის N25 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლედი ნათაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნათაძე ოძისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. სამსახურიდან გათავისუფლებას ის პოლიტიკური პოზიციებით ხსნის.
"სკოლის პედაგოგებთან ხელშეკრულებები სექტემბერში უნდა გაგრძელებულიყო. მე უკვე გამომიცხადეს, რომ ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებენ. სამსახურიდან მარტო მე გამათავისუფლეს. ყველა დანარჩენ მასწავლებელთან ხელშეკრულება ისევ გრძელდება. დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, თინა ბანცურს დავურეკე. მითხრა, არ ვიცი ხელშეკრულებას რატომ არ გიგრძელებენ, მაგ კითხვით სკოლის დირექტორს მიმართეო. სკოლის დირექტორი, როენა კვიციანი ძალიან კარგი ადამიანია. რა უნდა ვკითხო, ისედაც ვხედავ, როგორი ზეწოლის ქვეშ არის", - აცხადებს ნათაძე.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი