ექსპერტები - "ყურადღება არა რეიტინგებს, არამედ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას უნდა მიექცეს"

ექსპერტები - "ყურადღება არა რეიტინგებს, არამედ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას უნდა მიექცეს"

”პოლიტიკური არასტაბილურობა, მაღალი გადასახადები, სახელმწიფო ბიუროკრატია, კორუფცია და კვალიფიკაციის შეუსაბამობა საქართველოში ბიზნესის წარმართვას უშლის ხელს”, -  დაასკვნა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა.

საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჯამური 77-ე ადგილი ერგო 144 ქვეყანას შორის. მაჩვენებელი რამდენიმე კომპონენტისთვის დამოუკიდებლად მინიჭებული პოზიციის მიხედვით შეჯამდა - ინსტიტუციები - 61; ინფრასტრუქტურა - 53; მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - 88; ფინანსური ბაზრის განვითარება - 93; ბიზნესის განვითარება- 113, ინოვაცია - 126. უმაღლესი განათლება და პროფესიული გადამზადება- 93;

განათლების სფეროში სერიოზული სისტემური პრობლემებზე ექსპერტი განათლების საკითხებში გელა კვაჭანტირაძე გვესაუბრება. "ამბები.გე"-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველო განვითარების სტრატეგიას ჩამორჩა.

"განათლების რეფორმა საქართველოში კარგა ხანია, მიმდინარეობს. თავდაპირველად ის ენერგიულად დაიწყო, მაგრამ ბოლო წლებში გარკვეული შეფერხება იყო. რეიტინგიც უჩვენებს და სისტემური ანალიზიც, რომ სისტემაში ბევრი პრობლემაა. ხარვეზები არის, როგორც საშუალო საგანმანათლებლო საფეხურზე, ასევე უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. ბოლონიის პროცესი, რაც ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას გულისხმობს, საერთო ჯამში მიმდინარეობს, მაგრამ განვითარების სტრატეგიაში საქართველო ჩამორჩა. ეს სტრატეგია შემდეგს ითვალისწინებს - განათლების სისტემა, მეცნიერებასთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს და ქმნიდეს იმ ტექნოლოგიურ-ინოვაციურ ბაზას, რომლითაც ქვეყანაში ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა და მაღალტექნოლოგიური სექტორი ყალიბდება. ჩვეულებრივ, მაღალტექნოლოგიური სექტორი განვითარებულ სამყაროში ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპს განსაზღვრავს. ასე რომ, ეს არის არა მხოლოდ განათლების, არამედ -  განათლების, მეცნიერების და ეკონომიკის კომპლექსური პრობლემა", - აცხადებს გელა კვაჭანტირაძე.

ექსპერტი განმარტავს, რომ 2005-2006 წლებში ევროკომისიამ გამოყო სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოსთვის განვითარების მოდელი დაამუშავეს. სამოდელო ქვეყნებად ესტონეთი და სლოვენია დასახელდა, სადაც ანალოგიური რეფორმა რამდენიმე წლით ადრე წარმატებით განხორციელდა და რომელთა ანალოგიითაც საქართველოში უნდა განათლების, მეცნიერების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეფორმირება უნდა მომხდარიყო.

"ეს რეკომენდაციები შემდეგს გულისხმობს - უმაღლესი განათლების სიტემაში მთავარი მოტივატორი უნდა იყოს პროფესორ-მასწავლებლების მატერიალური სტიმულირება; სტუდენტების სტიმულირება, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ ფინანსირებაზე, გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებზე, რათა ნიჭიერმა, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტებმა სწავლა შეძლონ. აუცილებელია ასევე მჭიდრო კავშირები საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან და ე.წ მობილობა ევროპასა და განვითარებულ სამყაროში. საჭიროა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსირების ახალი სქემის შემოღება, ჩვენი სამეცნიერო ინფრასტრუქტურის რეფორმირება და მისი ინტეგრაცია საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურასთან, რადგან განათლება და მეცნიერება განუყოფელია. მათი ერთობლივი რეფორმის გარეშე უმაღლეს განათლებაში პროგრესი წარმოუდგენელია", - აცხადებს ექსპერტი.

გელა კვაჭანტირაძე პრობლემებს დარგის დაფინანსებაშიც ხედავს და ამბობს, რომ ის დარგის განვითარების ერთგვარი სარკეა.

"2012 წლის ბიუჯეტში საგანმანათლებლო სისტემის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,5 პროცენტია. თუ გვინდა, რომ განათლება რეალურად პრიორიტეტული დარგი იყოს, მისი დაფინანსება უნდა გაორმაგდეს, ანუ ბიუჯეტიდან განათლებაზე უნდა გამოიყოს მშპ-ს, სულ მცირე, 5%. მათ შორის, მეცნიერებაზე - მშპ-ს 1%. ეს იქნება უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი", - აღნიშნავს გელა კვაჭანტირაძე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის ეკონომიკურ ნაწილზე "ამბები.გე" ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა.

მათი შეფასებით, კვლევა საქართველოში არსებულ რეალობას ზუსტად ასახავს. როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, საგულისხმოა, რომ საქართველო აფრიკული ქვეყნების კატეგორიაში იმყოფება.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კვლევაა და მაქსიმალური პარამეტრებით ითვლება. ჩვენთან არსებულ რეალობას ის პროფესიულად ძალიან კარგად ასახავს - ბიზნესის რეალური მდგომარეობით დაწყებული, დამცავი მექანიზმებითა და აქციონერების უფლებების დაცვით დამთავრებული. ყველგან კატასტროფული მაჩვენებლები გვაქვს. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნების ჯგუფში ვიმყოფებით. ხელისუფლება მუდმივად ამაყობს, რომ კომპანიების რეგისტრაცია გამარტივებულია. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, 2 დღეში არეგისტრირებ ბიზნესს თუ 5 დღეში, გაცილებით მნიშვნელოვანია, მერე როგორ საქმიანობ, რა პოლიტიკური რისკებია ეკონომიკაში და ა.შ. ამ პარამეტრებით ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და ფაქტობრივად, რეიტინგები ამას ადასტურებს კიდეც. სისტემურად და შინაარსობრვად ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც ეკონომიკური თავისუფლების, ისე საინვესტიციო გარემოს, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და მშპ-ს კუთხით. ასე რომ, საამაყო ამ ხელისუფლებას არაფერი აქვს. კვლევაში ჩადებულია ყველა პარამეტრი, რაც ეკონომიკაში არადემოკრატიულობაზე მეტყველებს. ეკონომიკაში დემოკრატია კონკურენტულ გარემოს ნიშნავს. ქვეყანა კი სავსეა მონოპოლიებით, ოლიგოპოლიებით, კარტელური შეთანხმებებით, რაც ეკონომიკას განვითარების საშუალებას არ აძლევს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ფიქრობს, რომ სინამდვილეში სიტუაცია უფრო მძიმეა, რადგან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები კვლევის შედგენისას ოფიციალური სტატისტიკით ისარგებლებდნენ.

"ხდება ოფიციალური სტატისტიკით მანიპულირება. მანიპულირება უმუშევრობის ინდექსით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებით. ექსპერტებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ინფლაციის რეალური მაჩვენებელიც კი. მათ რომ რეალური ციფრები ჰქონოდათ, რეიტინგში 100-ზე დაბალი მაჩვენებელიც გვექნებოდა", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ლადო პაპავა კი რეიტინგს სერიოზულად არ აღიქვამს. ექსპერტი ამბობს, რომ სახელმწიფოს განვითარება არა ამგვარი რეიტინგებით, არამედ სტატისტიკით უნდა ჩანდეს.

"ნებისმიერი ასეთი რეიტინგის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი სერიოზული არ არის. არც ის რეიტინგებია სერიოზული, სადაც საქართველო წარმატებულ ქვეყნად ჩანს - ვგულისხმობ მსოფლიო ბანკის რეიტინგს და არც ეს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგია ანგარიშგასაწევი. რეიტინგები არის სახალისო, პიარსა და ჟურნალისტურ საზოგადოებაზე გათვლილი.

რომელი სახელმწიფოა რეიტინგში უფრო მაღლა და რომელი უფრო დაბლა, ეს აბსოლუტური უაზრობაა. რეალურად საუბარი უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც უშუალოდ სტატისტიკიდან გამოდის. სტატისტიკიდან უნდა ჩანდეს, ქვეყანა როგორ ვითარდება. ეკონომისტებისთვის არსებობს ასეთი მაჩვენებელი - მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ამ მაჩვენებლით 2003 წელს ვუსწრებდით ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა სულაც არ არის. 2011 წელს სომხეთს არსებითად ჩამოვრჩებით, ანუ რეალურად, ქვეყანამ, რომელსაც არც რევოლუცია ჰქონია, არც რეფორმები და არც არაფერი გაუპიარებია და რომლის მიმართაც საკმაოდ კრიტიკულია საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება, გაპიარებულ საქართველოსთან შედარებით რეალური ეკონომიკური წინსვლა აჩვენა.

ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში არ არსებობს ანტიმონოპოლიური რეგულირება, ეკონომიკა მონოპოლიზებულია. მსოფლიოში 120-ე ადგილზე ვართ თუ 101-ზე, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მით უფრო, თუ დინამიკას ავიღებთ, მთავრობის ნებისმიერ წევრს შეუძლია თქვას, რომ დინამიკა პოზიტიურია. ორი წლის წინ 93-ე ადგილზე ვიყავით, შარშან 88 - ზე, წელს 77 - ზე ვართ. მაგრამ ესეც ხომ პირობითია. ანტიმონოპოლიური რეგულირება, როგორც არ ჰქონდა ქვეყანას, ისევ არ აქვს, არის ელიტური კორუფცია, როდესაც ბიზნესს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები წარმართავენ, ვხედავთ, როგორ შედიან ბიზნესმენები პარლამენტში, როგორ ახდენენ ბიზნესმენები პოლიტიკის ოკუპაციას. ასეთ ვითარებაში, რა მნიშვნელობა აქვს, უგანდას ვუსწრებთ, თუ უგანდა გვისწრებს. ეს მეათეხარისხოვანია", - აღნიშნავს ლადო პაპავა.

ექსპერტების აზრით, ყურადღება არა რეიტინგებს, არამედ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას უნდა მიექცეს, რაზეც არაერთი კონკრეტული რეკომენდაცია არსებობს. ასეთ პრობლემებად კი დღემდე რჩება ის საკითხები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევაშიც აისახა.

ნინო წივწივაძე

იხილეთ ვიდეო საქართველოს 77-ე ადგილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ