იმ მასწავლებლებს, რომლებმაც სერტიფიცირება წელს გაიარეს, კახეთის საჯარო სკოლებში 18-საათიან განაკვეთს არ აძლევენ. სკოლების დირექტორების განცხადებით, მითითება საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან მიიღეს.
"სერტიფიცირება წელს გავიარე, საჭირო რაოდენობის ქულებიც ავიღე და სიაშიც ვარ, თუმცა იმის გამო, რომ სერთიფიკატი ჯერ არ ამიღია, სკოლაში სრულ განაკვეთს არ მაძლევენ. ჩემს სერტიფიცირებას არ ითვალისწინებენ", - განაცხადა ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლალი გაბიტაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს. "ჩემი ინფორმაციით, საათების გარეშე არავინ რჩება, სკოლის დირექტორები ყველას ითვალისწინებენ. ის მასწავლებლები, რომლებმაც სერტიფიცირება წელს გაიარეს, სანამ სერტიფიკატს არ წამოადგენენ, სერტიფიცირებულებად არ ითვლებიან. პედაგოგები სერთიფიკატს როდის აიღებენ, არ ვიცი", - განაცხადა ლალი გაბიტაშვილმა.