რამ შეჭამა ბიუჯეტი?

რამ შეჭამა ბიუჯეტი?

არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულების დრო დგება. სოციალური პროგრამების დაფინანსება, სოფლის მეურნეობის განვითარება, უმუშევართა დასაქმება - წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ და სხვა დაპირებას, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, პოლიტიკური პარტიებისგან მრავლად ვისმენდით. როგორ შეძლებს მმართველი პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულებას იმ ბიუჯეტით, რომელიც არჩევნებს გადაურჩა?..

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ხელისუფლება, ამომრჩეველთა ხმების სანაცვლოდ, სხვადასხვა დაპირებას სწორედ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე ასრულებდა. წინასაარჩევნოდ სოფლად გზებს აგებდნენ, ავადმყოფის პატრონს მკურნალობის ხარჯებს უფინანსებდნენ, ვისთვის გაზი შეჰყავდათ და ლამის სახლში რემონტიც კი გაეკეთებინათ, ოღონდ კი არჩევნებისთვის მათი ხმები დაებევებინათ. და ეს იმ პირობებში, როცა, კულუარული ინფორმაციით, ქვეყნის ბიუჯეტს შემოსავლები მნიშვნელოვნად მოაკლდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბევრი პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა მთავრობას. სხვათა შორის, ამ კულუარულ ინფორმაციას დროში უცნაურად დაემთხვა, ძალოვანი უწყებებისთვის დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც უმალ აისახა პრემიების ოდენობასა და ყოველდღიური მოხმარების საწვავზე, რომელზეც მკაცრად განსაზღვრული ლიმიტი დაწესდა. გარდა ამისა, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრომ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა შეაჩერა და ძვირად ღირებული სამშენებლო ტექნიკა გაყიდა. მოკლედ, საბიუჯეტო პრობლემების შესახებ ხმები ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვრცელდებოდა.

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად რომ განსხვავდებოდა 2011 წლის ბიუჯეტისგან და ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ იყო მორგებული, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ალაპარაკდნენ. განსაკუთრებით საეჭვო იყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, სადაც ზოგი ხარჯი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად იქნა მიჩნეული. "თუ 2011 წლის ბიუჯეტში 3000-მდე სხვადასხვა სახის დეტალური ჩანაწერი იყო, 2012 წლის ბიუჯეტში ის 1500-მდეა შემცირებული. ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს, ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. 2012 წლის ბიუჯეტი არ შეიცავს ინფორმაციას წინა წლის ხარჯების შესახებ, რათა ადვილად შესადარებელი არ იყოს არასაარჩევნო 2011 და საარჩევნო 2012 წლის ხარჯები.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, 2011 წელთან შედარებით, თითქმის 6-ჯერ გაიზარდა და მათი 4/5 კრედიტებით ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი "კოზირია" ხელისუფლების ხელში. ამ ღონისძიებებს, ტრადიციულად, მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები ესწრებიან, აქტიურად შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და, შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდისთვის ხილულ აქტივს ქმნის.

2012 წლისთვის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდები - თითოეული კვლავაც 50 მლნ ლარით არის განსაზღვრული. ფონდების ხარჯვის მანკიერი მექანიზმები პრაქტიკულად არ შეცვლილა. პრეზიდენტისა და მთავრობის სურვილისამებრ, ამ ფონდებიდან ძირითადად, ამომრჩევლების არაპირდაპირ მოსყიდვაზე ორიენტირებული ღონისძიებები ფინანსდება.

10 მილიონი ლარით ფინანსდება მთავრობის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. 500 ათასი ლარი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისთვის - არც ეს პროგრამა ფინანსდებოდა წინა წლებში. აქვე დავძენთ ერთ ინიციატივას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა და გაურკვეველია, საიდან დააფინანსებს მთავრობა ამ ხარჯებს: საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რომლის ინიცირებაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 2012 წლის 27 იანვარს გააკეთა.

ბიუჯეტიდან ცესკო-ს დაფინანსება ობიექტური მოვლენაა და ის 12.4 მლნ ლარიდან 39.6 მლნ ლარამდე გაიზარდა", - ნათქვამია კოალიციის - "არჩევნის თავისუფლებისთვის" კვლევაში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა ხარჯების გასტუმრება, გაზრდილი პენსიების უზრუნველყოფა, დაპირებული ფულადი დახმარებები - როგორ შეძლებს არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად დაცარიელებული ხაზინა ყველა ამ ვალდებულებას აუვიდეს?

დავით ნარმანია, კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი:

- 2012 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტსაც ეტყობოდა, რომ ხელისუფლებამ იცოდა - წინ ძალიან მძიმე არჩევნები ელოდა, ამიტომ ბიუჯეტის სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. პირველ რიგში, გააკეთა ის, რომ ბიუჯეტის დეტალურობა შეამცირა და ამით მისი გამჭირვალობა შეზღუდა, რათა შემდეგ მეტი თავისუფლება ჰქონოდა - დაეფინანსებინა ის ღონისძიებები, რაც მას წინასაარჩევნოდ ხმებს მოუტანდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ ბევრი ვალდებულება იკისრა, უამრავი ტენდერი გამოაცხადა გზების დასაგებად, დაიწყო სხვადასხვა სოციალური პროგრამა, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, სტუდენტური პროგრამები და ა.შ., რომელთა ხარჯები მხოლოდ ნაწილობრივ არის გასტუმრებული. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ანგარიშსწორება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. თუმცა, რაც კი შემოსავალი შემოდიოდა ბიუჯეტში, მთავრობა იმასაც კი ახერხებდა, რომ ეს შემოსავალი მაქსიმალურად გაეშვა სხვადასხვა სახის ხარჯებში და გარდამავალი ნაშთი ხაზინაში, როგორც წესი, ძალიან მინიმალური იყო.

- არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას დახვდება თუ არა ცარიელი ხაზინა და რით შეძლებს ის ბიუჯეტის შევსებას, რათა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს? ჩვენ გვახსოვს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსული ხელისუფლება ამბობდა, რომ შევარდნაძემ ცარიელი ხაზინა დაუტოვათ, რასაც შემდეგ მოჰყვა მაღალჩინოსნების დაპატიმრების და მათი დაჯარიმების არაერთი ფაქტი...

- ცარიელი ხაზინა - პირობითი ტერმინია, მაგრამ ის, ვინც არჩევნების შემდეგ მოვა, მას მინიმუმ, ძალიან მაღალი საგარეო და შიდა ვალი დახვდება. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხელისუფლებას ბიუჯეტში თანხების მობილიზების პრობლემა ჰქონდა და ის იძულებული იყო, შიდა და საგარეო ვალი აეღო. საგარეო ვალის მოცულობა 6 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია, შიდა ვალი კი დაახლოებით 2 მილიარდ ლარს აჭარბებს.

ახალი გზები და ინფრასტრუქტურა კარგია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ფულადი ვალდებულებები ჩნდება, რასაც გასტუმრება სჭირდება. ეს ფული კი ბიუჯეტმა უნდა გაიღოს. და კიდევ: ის შემოსავლები, რასაც ბიუჯეტი წლის ბოლომდე მიიღებს, ყველა ნაკისრი ვალდებულების გასტუმრებას ალბათ არ ეყოფა და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ვალდებულებები მომავალი წლის ბიუჯეტში გადავიდეს. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ ვიცით, როგორია მეწარმეებისგან გადასახადების ამოღების მაჩვენებელი; არ ვიცით, წინასაარჩევნოდ ჰქონდა თუ არა ადგილი წინსწრებით გადასახადების ამოღებას. ფაქტია, რომ რაღაც წნეხი ბიზნესზე იყო და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საგადასახადო ვალდებულებები იმაზე მეტად შეასრულებინეს, ვიდრე ეკუთვნოდათ. შესაბამისად, შესაძლოა, ბიზნესის ნაწილმა ცოტა ხნით საგადასახადო "არდადეგებიც" კი ითხოვოს.

მმართველ პოლიტიკურ გუნდს ისღა რჩება, რომ საგარეო წყაროებიდან მოიზიდოს ბიუჯეტში თანხები, ნაწილი სესხის, ნაწილიც - დონორთა დახმარებით. გარკვეული ფულადი რესურსების მოზიდვა შიდა ბაზარზეც იქნება საჭირო. დამატებითი ვალის აღების გარეშე, არსებული საბიუჯეტო სახსრებით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნება.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ