ვისგან ისწავლეს ქართველმა მეციხოვნეებმა პატიმრების წამება და დამცირება?!

ვისგან ისწავლეს ქართველმა მეციხოვნეებმა პატიმრების წამება და დამცირება?!

გლდანის ციხეში არსებული ვითარების ამსახველი საზარელი კადრების გავრცელების შემდეგ უამრავი შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან, ექსპერტებისგან, სტუდენტებისგან, ჟურნალისტებისა თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან. სტუდენტებმა წამების კადრები ერთი სიტყვით შეაფასეს - "გლდანტანამო". სხვადასხვა მედიასაშუალების რესპონდენტებმა არაერთხელ ახსენეს ასევე აბუ-გრეიბის ციხეც და პარალელები მოიყვანეს სკანდალთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს უკავშირდება. გადავწყვიტეთ, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მსოფლიოში ყველაზე სასტიკი ამ ორი საპყრობილის შესახებ, სადაც დამნაშავეები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რატომ მოჰყავთ ამ ციხეების მაგალითი და რას ადარებენ 18 სექტემბერს გავრცელებულ კადრებს, ამის შესახებ დაწვრილებით მოგითხრობთ. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, აბუ-გრეიბის პატიმართა მონათხრობი საეჭვოდ ემთხვევა იმას, რაც ამ დღეების განმავლობაში ქართული ციხეებისა და პატიმრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ გვესმის.

აბუ-გრეიბის სკანდალი

აბუ-გრეიბი ერაყის ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარე ციხე გახლავთ, რომელსაც საზარელი ისტორიები ჯერ კიდევ ერაყის ყოფილი ლიდერის, სადამ ჰუსეინის დროს უკავშირდებოდა, მხოლოდ ერთ, 1984 წელს, ციხეში გამოამწყვდიეს და სიკვდილით დასაჯეს 4 ათასამდე ადამიანი. ციხის სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სადამ კამელი ძალიან ხშირად თავად მონაწილეობდა პატიმართა წამებისა და მკვლელობის საქმეებში. როგორც მედია წერს, პატიმართა უმრავლესობა იქ პოლიტიკური ნიშნით ხვდებოდა. დასავლური მედია ხშირად მოიხსენიებდა ამ ციხეს, როგორც "სადამ ჰუსეინის წამების ცენტრს". ციხის ის განყოფილება, რომელიც პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი, ორ ნაწილად იყოფოდა, დახურულად და ღიად. დახურულში მხოლოდ შიიტებს ათავსებდნენ, რომლებსც გარე სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი ეკრძალებოდთ. 1997 წელს, როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებელი ერაყის საკითხებზე იუწყებოდა, აბუ-გრეიბში "ციხეების წმენდის კამპანიის" ფარგლებში მასობრივი მკვლელობები მოეწყო, სიკვდილით დასაჯეს არაერთი პოლიტპატიმარი, რომელთაც მრავალი წელი ჰქონდათ მისჯილი. გაეროს მომხსენებლის ინფორმაციით, ამ პერიოდში ციხეში 1500-მდე ადამიანი მოკლეს.

აბუ-გრეიბის სკანდალი პატიმრების წამებაამერიკელებმა ერაყში შეჭრის შემდეგ აბუ-გრეიბის პატიმართა რიცხვს ის ერაყელები შემატეს, რომლებიც კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 2006 წლის აგვისტომდე ამ საპყრობილეს კოალიცია და ერაყის მთავრობა ერთობლივად იყენებდა. ციხის ერთ ნაწილში სისხლის სამართლის დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს, დანარჩენ ნაწილს კი ამერიკული მხარე აკონტროლებდა და იყენებდა ე.წ. გამოსასწორებელ დაწესებულებად და ოპერაციების დასაგეგმავად.

2004 წლის აპრილის ბოლოს ამერიკულმა არხმა "სიბიესმა" გადაცემაში "60 წუთი" აჩვენა სიუჟეტი იმ წამებისა და დამცინავი მოპყრობის შესახებ, რომლის ცენტრშიც ამერიკელი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ. სიუჟეტში აბუ-გრეიბის ციხეში გადაღებული ფოტოები აჩვენეს, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალ "ნიუ-იორკერში" გამოქვეყნდა. ეს საქმე ამერიკელების ერაყში ყოფნის ყველაზე გახმაურებულ სკანდალად იქცა.

2004 წლის მაისში ამერიკის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ წამების ზოგიერთი მეთოდი, რომლებსაც ამერიკელი ჯარისკაცები იყენებდნენ, არ შეესაბამებოდა ჟენევის მესამე კონვენციას, სადაც საუბარია სამხედრო ტყვეებთან მოქცევის წესებზე. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ, ამის გამო ბოდიში მოეხადათ.

მთელი რიგი პატიმრების ჩვენებების მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები არა მხოლოდ აწამებდნენ მათ, არამედ აუპატიურებდნენ, მათზე ზემოდან ჯდებოდნენ და ცხენებივით დააჭენებდნენ. ერთ-ერთი მსჯავრდებული იხსენებს: "ისინი გვაიძულებდნენ, ოთხზე გვევლო და ძაღლებივით გვეწკავწკავა. ჩვენ ძაღლებივით უნდა გვეყეფა და თუკი მათ მოთხოვნას არ შეასრულებდი, სახეში უმოწყალოდ გირტყამდნენ. ამის შემდეგ კამერებში გვაგდებდნენ, ლეიბებს გვაცლიდნენ, იატაკზე წყალს ასხამდნენ და ასე უნდა დაგვეძინა, თავზე კაპიუშონწაფარებულებს. ისინი ამ ყოველივეს მუდმივად იღებდნენ ფოტოაპარატით..." "ერთმა ამერიკელმა მითხრა, რომ გამაუპატიურებდა. მან ჩემს ზურგზე ქალი დახატა და მაიძულა, დავმდგარიყავი სასირცხვილო პოზაში, ხელში კი ჩემი სასქესო ორგანო დამეკავებინა," - ამბობს მეორე პატიმარი.

"ციხეში ისე ჩამსვეს, რომ არაფერი დამიშავებია, - აგრძელებს მოყოლას მესამე, - არავის მიმართ არ განვიცდიდი ზიზღს, თუმცა ამ ციხეში სასჯელის მოხდის შემდეგ ამერიკელები მეზიზღებიან. ვერ ვაპატიებ იმას, რაც გამიკეთეს. ძალიან ღრმა ჭრილობები მაქვს და ვერ განვიკურნები მხოლოდ ერთი ბოდიშის მოხდით ან მატერიალური კომპენსაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნიუ-იორკის ბანკების მთელ ფულს შემომთავაზებენ. ერაყის ყველა მსჯავრდადებულის სახელით მოვითხოვ დამნაშავეთა დასჯას. ასევე მადლობელი ვარ ყველა ამერიკელის, ასევე სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეების, მუსლიმანებისა და ქრისტიანების, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ და აგრესორებისგან სურთ ყველა დაჩაგრულის დაცვა.

აბუ-გრეიბში უამრავი დამამცირებელი მოპყრობის მომსწრე გავხდი. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში მსჯავრდადებულებს ასე არ ექცევიან. ჩვენი მწვალებლები ცდილობდნენ, უფრო მეტი და ძლიერი მეთოდი მოეფიქრებინათ ჩვენს დასამცირებლად. მათ რომელიღაც ერაყელისგან არაბულ ენაზე ყველა შეურაცხმყოფელი მიმართვა ისწავლეს და პატიმრებს პერმანენტულად ამ ფრაზებით ელაპარაკებოდნენ. გარდა ამისა, ადამიანებს ძილის საშუალებას არ აძლევდნენ, მათ ხელ-ფეხს უკრავდნენ, მარტოებს აგდებდნენ კარცერებში, იქ, სადაც ფანჯრები არ იყო, ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში ტანსაცმლის ჩაცმის უფლებას არ აძლევდნენ და პატიმრები შიშვლები ეყარნენ. საკნებში კამერები იყო დამონტაჟებული, ასე რომ, შიშველ პატიმრებს უყურებდნენ ამერიკელი სამხედროები, მათ შორის ქალებიც, რომელთა რაოდენობა არცთუ მცირე იყო აბუ-გრეიბის პერსონალს შორის.

ამერიკელმა ქალმა სამხედროებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს პატიმრების დამცირებაში. ისე ეპყრობოდნენ, როგორც სათამაშოებს. მე ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი, როგორც ქალს, შეგეძლოთ, ცოტა სინაზე გამოგევლინათ-მეთქი, მაგრამ ჩემს ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.

მე ვხედავდი ერთ მსჯავრდადებულს, გაშიშვლებული რომ იწვა ძირს, ხელ-ფეხშეკრული... გარდა ამისა სხვა ტკივილსაც განიცდიდა, მან უშედეგოდ სცადა თვითმკვლელობა, როდესაც აბაზანაში კაფელის ნატეხები გადაყლაპა. ქალი სამხედრო კი მას ისე უყურებდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო და ფორთოხლის წვენს ასხამდა სხეულზე. ზოგიერთი ის საზარელი სცენა, რომელსაც შევესწარი, ღამის კოშმარებად იქცა. სწორედ ასე, ერთი ერაყელი სამმა სამხედრომ ყუთზე დააყენა, მის სასქესო ორგანოს წელავდნენ და დიდი ჯოხით სცემდნენ, თან დასცინოდნენ. 2003 წლის 17 ოქტომბერს ამერიკელებმა ხაკი ალ-რავი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ოკუპანტები უწოდა და სასტიკად აწამეს. მწამებელთა შორის ერთი ქალიც გახლდათ", - აბუ აბდ-ურ რახმანმა, როგორც აბუ-გრეიბის ყოფილმა პატიმარმა, მედიასთან ასე ვრცლად გაიხსენა ის ფაქტები, რომელთა დავიწყებასაც ალბათ ვერასდროს მოახერხებს...

საინტერესო ისაა, როგორ დასრულდა ეს სკანდალი. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების 12 სამხედრო პირი დამნაშავედ აღიარეს და სხვადასხვა სასჯელი დააკისრეს. ახლა კი ჩვენი მონათხრობის უფრო საინტერესო ნაწილს მივადექით: პენტაგონის მაღალჩინოსანთა ბრალეულობა ამ საქმეში ვერ დადასტურდა. მეტიც, ამერიკის მთავრობას ძალიან უნდოდა, რომ ქვეყნის მასშტაბით წამების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება აკრძალულიყო და ეს კონსტიტუციის იმ მუხლით გაამართლეს, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას ეხება და სადაც წერია, რომ თუკი რომელიმე პუბლიკაცია, ფოტო ადამიანს საფრთხის წინაშე აყენებს, ის არ უნდა გამოქვეყნდეს, ამ შემთხვევაში ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი, თუმცა სამოქალაქო თავისუფლების ამერიკულმა კავშირმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ამ ფოტოების დაბეჭდვის უფლება. 2006 წელს მოსამართლე ელვინ ჰელერშტეინმა ამერიკის მთავრობას ფოტოების გამოქვეყნება დაავალდებულა. 2008 წელს მოსამართლის ეს დადგენილება ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა...

პატიმრები გუანტანამოს ციხეშიგლდანტანამო-გუანტანამო

რაც შეეხება გუანტანამოს ციხეს, ის კუბაზე მდებარეობს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ბანაკი იმ პირებისთვის შექმნა, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულში იყვნენ მხილებულნი, მთ შორის, მოწინააღმდეგე მხარეს ბრძოლაში, ტეროროზმთან კავშირში... მათ სტატუსს, როგორც ბოევიკისა, სამხედრო ტრიბუნალი აწესებს. ეს ციხე 2002 წელს შეიქმნა გუანტანამოს ყურეში, ამავე სახელწოდების ქალაქიდან 30 კილომეტრში. იქ პირველი 20 პატიმარი ავღანეთიდან ჩაიყვანეს. 2006 წლისთვის ციხეში 490 პატიმარი იყო, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე ათეულს ჰქონდა წაყენებული ოფიციალური ბრალდება.

2009 წლის 21 იანვარს ბარაკ ობამამ გუანტანამოს ციხის დახურვის ბრძანება გასცა, რომელიც დღემდე არ შესრულებულა...

ციხის ყოფილი პატიმრების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, გუანტანამოში წამების განსაკუთრებული ფორმები გამოიყენება, მათ შორის წყალში დახრჩობის იმიტაცია, მუსიკის ხმამაღლა ჩართვა საათობით. პენტაგონი აცხადებს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება არაადამიანურ მოპყრობას მივაწეროთ. ასევე დაშვებულია იმ პატიმრების სიკვდილით დასჯა, რომლებმაც აღიარებითი ჩვენება წამების ქვეშ მისცეს. სუდანელი ჟურნალისტი, რომელიც 2001 წელს დააკავეს, სწორედ გუანტანამოს ციხეში გაამწესეს. როგორც მოგვიანებით თავად ჰყვებოდა, მას ამერიკელი ჯარისკაცები ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ. მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, საათობით მუხლებზე დაჩოქილს ამყოფებდნენ, ასევე ძაღლებს უქსევდნენ...

2011 წელს გუანტანამოს ციხიდან 530-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა. სამუშაო ჯგუფები კი, რომლებიც 2009 წელს შეიქმნა, ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ.

2006 წელს მოსამართლე ელვინ ჰელერშტეინმა ამერიკის მთავრობას ფოტოების გამოქვეყნება დაავალდებულა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" პროდიუსერი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან