შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აუდიოჩანაწერს ავრცელებს, როგორ უტარებს გორის რაიონის სოფელ ნიქოზის სკოლის დირექტორი თამაზ მელანაშვილი არჩევნების წინ მე-12 კლასელებს საკლასო ოთახში პოლიტიკურ "ინსტრუქციებს".
დირექტორი მოსწავლეებს "ქართული ოცნების" მცდარი კურსით "აშინებს" და "ნაციონალური მოძრაობის" ღირსებებს უსვამს ხაზს.
"დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე თქვენგანს გაქვთ იმის ფიქრი და აზრი, რომ ეს ხელისუფლება რომ წავა, ბედნიერები გახდებით. იცოდეთ, რომ უფრო ცუდისკენ წავალთ. გაოცებული ვარ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერით, კახა კალაძით. ძმა მოსტაცეს ქურდებმა, ფული მოსთხოვეს, ვერ გადაუხადა და ძმა მოუკლეს. ეს ხელისუფლება იყო, რომელმაც ის ბუდე დაანგრია, სადაც ძმა მოუკლეს. ძალიან გთხოვთ, ეს დრო გამოიყენოთ, რაც მე გითხარით და უმორჩილესად გთხოვთ, არჩევნები იქნება თუ არ იქნება, არ გვინდა მასწავლებელთან შეკამათება იმაზე, რომელი ქვეყანა უნდა აშენდეს, რომელი დაინგრეს", - ამბობს მელანაშვილი.
დირექტორი ბავშვებთან რუსეთის თემასაც შეეხო. "ნუ დაიჯერებთ და ილუზიებში ნუ წახვალთ, რომ ჩვენ რუსეთი გაგვეხსნება და თქვენი მამები ვაშლს გაყიდიან კარგად. ვაშლი არაფერი არ არის ბავშვებო იმ სიმდიდრესთან შედარებით, რასაც დღეს თქვენ გთავაზობენ. მერე რა, გაყიდონ თქვენებმა ვაშლები, რა მოხდება ამით? ის ფული დაიხარჯება და ჩვენ ისევ ზნედაცემულ ხალხად დავრჩებით ჰო?”, - უხსნის ბავშვებს სკოლის დირექტორი.