მარიტა ჯანაშია - როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე

მარიტა ჯანაშია - როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე

მოდელი მარიტა ჯანაშია სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას მიმდინარე მოვლენებზე, პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც წინასწარი შედეგები გამოცხადდა, "ქართული ოცნების" დროშაშემოხვეული მარიტა ქუჩაში გავიდა და გამარჯვება იზეიმა. იმის გამო, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა სიმშვიდე ისადგურებს, ჩვენც ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვენს ფორმატს, ამიტომ მარიტას განვითარებული მოვლენების გარდა "ცხოვრების სტილზეც" ვესაუბრეთ.

- როგორც უმრავლესობა, შენც აღშფოთებული იყავი მიმდინარე მოვლენებით და აქტიურად აფიქსირებდი შენს მოსაზრებებს "ფეისბუქის" მეშვეობით. წერდი, რომ ეს ყველაფერი იყო საშინელება და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან უნდა წასულიყო. ამის ფონზე არც გამკვირვებია, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვება იზეიმე...

- რა თქმა უნდა, გამიხარდა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება და ეს გამოვხატე კიდეც. სოფელი მაქვს საჩხერეში, ეს ის ადგილია, რომელზეც ბატონი ბიძინა უკვე დიდი ხანია ზრუნავს. საჩხერეში ნებისმიერ გამვლელს ბიძინაზე რამე რომ ჰკითხოთ, შეიძლება ტირილი დაიწყოს, ისე უყვართ იქ ეს ადამიანი, მეც ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მანამდეც, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. ჩემი აზრით, მისი ეს ნაბიჯი სწორია, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. "ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო, ახლა ისევ "ნაციონალები" გვეყოლებოდა ხელისუფლებაში, ხომ არ შეიძლებოდა მათი მმართველობა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო? გასაგებია, რომ ბიძინასაც ჰყავს რამდენიმე ძველი კადრი, მაგრამ ჩვენთვის ისინიც ახლები იქნებიან ხელისუფლებაში, ახალი ძალა სჭირდება საქართველოს. ბიძინა ივანიშვილმა იმდენი კარგი გააკეთა საქართველოსთვის, შეუძლებელია ახლა რამე ავნოს ქვეყანას. კარგად მესმის მათიც, ვისაც აშინებთ სიახლე, ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინერციით ცხოვრობდნენ, ახლა კი მოვიდა ახალი ძალა და ეს აშინებთ, ალბათ ეს ბუნებრივი გრძნობაა. არჩევნებამდე შექმნილი ვითარების გამო საზოგადოება ისეთი სახეებით დადიოდა, მეშინოდა, ყველა იღრინებოდა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მე "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი მხარს, "ფეისბუქზე" მეგობრები გამინახევრდა (იღიმება).

- შენ თვითონვე დაწერე, ნაციონალების მხარდამჭერებმა თქვენი ხელით ამომშალეთ მეგობრებიდანო...

- კი, ეს მაშინ დავწერე, როცა პატიმრების კადრები გავრცელდა, რადგან ზოგი ამბობდა, მერე რა მოხდა, მსგავსი ფაქტები სხვაგანაც ფიქსირდებაო. შეიძლება სადმე ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ იქ პატიმრებს შორის ხდება ეს სისაძაგლე და არა სამართალდამცველების მხრიდან. იმდენად იმოქმედა ამ ვიდეოების კადრებმაც კი, რომ ისტერიკაში ჩავვარდი, დღე და ღამე ვტიროდი, მთლიანად ვიდეოები არც კი მინახავს, რომ მენახა, ალბათ მოვკვდებოდი. მერე "ქდმ"-ს სარეკლამო რგოლში მოვკარი თვალი ნაწყვეტებს იმ საშინელი ვიდეოებიდან და საერთოდ გავნადგურდი. რომ ამბობენ, არ იცოდა პრეზიდენტმაო, ეს სამარცხვინო არ არის? ის ხომ იცის, მასზე ვინ რა თქვა, "ქართული ოცნების" აქციაზე ვინ იყო მისული და ამხელა სისასტიკის შესახებ არაფერი იცოდა? ამას ვერ დავიჯერებ და თუ ასეთი რამ გაეპარა ხელისუფლებას, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე, ჯერ მსგავსი ფაქტები გამოასწორე და გზებს როგორმე გადავიტანთ.

- მოდი, პოლიტიკურ თემას ჩამოვშორდეთ და შენ შესახებ მოგვიყევი. როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, შენს ცხოვრებაში სიახლეებია, ბანკიდან წამოსულხარ და ახლა ტელევიზიაში მუშაობ...

- სანამ მოდელობას დავიწყებდი, ძალიან მაინტერესებდა საბანკო საქმე და ამ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მერე გარემოებების გამო გადავიფიქრე და ჩავაბარე თეატრალურში, ორი წლის წინ ავიღე აკადემიური და შევიჩერე სტუდენტის სტატუსი, რადგან მოდელად საზღვარგარეთ მივდიოდი სამუშაოდ. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემი მეგობრის მამამ შემომთავაზა ბანკში მუშაობა, დავთანხმდი და დიდი გამოცდილება მივიღე, ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ყოველთვის გამომადგება. ახლა სწავლას ვაგრძელებ თეატრალურში. მეორე კურსის ნაცვლად ისევ პირველზე, გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვჯდები, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანისგან ბევრ კარგს ვისწავლი და ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყო. სწავლას ბანკში მუშაობას ვერ შევუთავსებდი, ამიტომ ბანკიდან წამოვედი, მუშაობა "მიუზიკ ბოქსში" დავიწყე. გადაცემა "ფეშენ თაიმის" წამყვანი ვარ.

- რა ტიპის გადაცემაა?

- ჩვენს გადაცემაში რეკლამას ვუკეთებთ ამა თუ იმ მაღაზიას, სილამაზის სალონს, ესთეტიკის ცენტრს. მივდივარ, მაყურებელს ვაჩვენებ, როგორი პროდუქცია აქვთ, რა ჯდება მათი მომსახურება. ასე რომ, თუ გაინტერესებთ, რა ხდება ქართულ მაღაზიებში, ჩვენი გადაცემის მეშვეობით შეიძლება სახლიდან გაუსვლელად გაერკვეთ სიტუაციაში. სხვათა შორის, ტელევიზიაში სწორედ ამ გადაცემის მეშვეობით მოვხვდი, გადაღებაზე ვიყავი, იმ დროს ქეთი ოქრუაშვილს მიჰყავდა "ფეშენ თაიმი" და სრულიად შემთხვევით მითხრა, მე სხვა გადაცემის წამყვანი ვარ, ახლა ამ გადაცემას წამყვანი არ ჰყავს და მე ვმუშაობ მასზეო. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო, დავუკავშირდი ლიზა ვადაჭკორიას და ვუთხარი, წამყვანის პოზიციაზე ვაკანსია თუ გამოგიჩნდებათ, გამითვალისწინეთ-მეთქი, მან კი მაშინვე ტელევიზიაში დამიბარა... ჩავწერეთ საცდელი გადაცემა, რომელიც გავიდა ეთერში და მას შემდეგ ამ გადაცემაზე ვმუშაობ. ერთადერთი, რასთან შეგუებაც ცოტა გამიჭირდა, საუბრის მანერა იყო, მე სწრაფად ვლაპარაკობ, ტელევიზიას კი უფრო გამოკვეთილი და დამჯდარი მეტყველება სჭირდება, ახლა უკვე მივეჩვიე და ვცდილობ პრობლემებიც გამოვასწორო.

- როცა ბანკში მუშაობდი, დილით ადრე ადგომა, კლასიკურად ჩაცმა გიწევდა, ახლა როგორ და როდის იწყებ დილას?

- როცა ბანკში ვმუშაობდი, დილის რვა საათზე ვდგებოდი, ახლა ასე ადრე ადგომა არ გვჭირდება, მაგრამ მაინც ადრე ვიღვიძებ, რადგან გვიან გამოფხიზლებული გვიან აკეთებ ყველაფერს. მირჩევნია, ცოტა ძილი მოვიკლო და მერე მთელი დღე საქმეს დროულად მივხედო. ტელევიზიაში დატვირთული გრაფიკი არ მაქვს, კვირაში ორი-სამი დღე ვმუშაობ, ერთ დღეს გადაღებები მაქვს, შემდეგ ვწერ ტექსტს და ხმას ვადებ კადრებს. ჯერჯერობით ძალიან დატვირთული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში სწავლაც დამეწყება და მთელი დღე შემევსება.

- დილაობით აუცილებლად საუზმობ?

- არა, საერთოდ, ჩემთვის ყველაზე რთული თვალის გახელაა, მაღვიძარა რომ დარეკავს, შეიძლება გამოვრთო და დავიძინო, მაგრამ თუ თავი წამოვწიე, მალევე ვფხიზლდები. რაც შეეხება საუზმეს, დილით თითქმის არასდროს ვჭამ, მაგრამ ბოლო დროს ისე გავხდი, დედა სახლში აღარ მიშვებს (იღიმება). დღეში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ მიწევს ჭამა, რაც საგრძნობლად აისახა ჩემს გარეგნობაზე, ამიტომ უნდა დავიწყო დილით ჭამა, თორემ საქმე ცუდად წავა (იცინის). სახლიდან გასვლამდე აუცილებლად ვსვამ ყავას, ამ დროს დედაც ჩემთან ერთად უნდა იყოს და მელაპარაკებოდეს, ეს ერთგვარი რიტუალია.

- რამდენადაც ვიცი, სახლში გყავს კატა და ძაღლი, თვითონ ზრუნავ მათზე? ალბათ შენს დღის რეჟიმში ესეც შედის...

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ვერანდა პირდაპირ სახურავზე გადის, ხშირად ეზოდან სახურავის გავლით შემოდიან კატები, მე კი ისე მიყვარს ისინი, ყველას ვიტოვებ და ვზრუნავ მათზე. ვერანდაზე თავისი საწოლი უდგათ და თავისი საჭმელი აქვთ. გარდა კატებისა, მყავს ძაღლი, რომელიც უკვე 11 თუ 12 წლისაა, მაგრამ მოხუცებულობის არაფერი ეტყობა, ისევ ჯანზეა (იცინის). მდედრობითი სქესის კატები აგრესიულები არიან და ძაღლს ვერ ეგუებიან, მაგრამ ბიჭ კატებს არა აქვთ მასთან პრობლემა. ამჟამად მყავს შავი კატა, რომელიც ძალიან მიყვარს, მას კარგად ეგუება ჩემი ძაღლი.

- როგორია შენი ოთ­ახი... როგორ გამოიყურება ის ადგილი, სადაც მარიტა ჯანაშია თავს ყველაზე კარგად გრძნობს...

- იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის წინ დავიწყეთ რემონტი და ჯერაც არ დასრულებულა, ოთახი არ მაქვს, ამიტომ დედას ვეხვეწები ხოლმე, შენთან დავიძინებ-მეთქი. როგორც იქნა, სრულდება ჩემი ოთახის გაკეთება, ერთი კედელი ვარდისფერია, დანარჩენზე კი გავაკარით შპალერი, რომელსაც ალუბლები და მარწყვები ახატია, ძალიან არასერიოზული შთაბეჭდილება ნუ შეგექმნებათ, მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა, ჯერჯერობით ავეჯი არ შეგვიტანია, რადგან გვინდა კარგად გაშრეს კედლები, განიავების შემდეგ შევალ ჩემს ოთახში და დედასაც თავს დავანებებ. ღამე, ძილში ხელ-ფეხის ქნევა ვიცი და დედა სულ დალურჯებული მყავს. ძალიან მინდა ჩემს ოთახში ძირიდან ჭერამდე წიგნების თხელი თარო გავაკეთო, მაგრამ რამდენად მომცემს ოთახის ზომები ამის საშუალებას, არ ვიცი. როცა კედლები გაშრება, ოთახში აუცილებლად შევიტან საწოლს, კომპიუტერის მაგიდას და კარადას, რომლის დალაგებაც სულ მეზარება. ესაა ჩემი და დედას ჩხუბის მიზეზი. ერთ დღეს დავალაგებ კარადას, მერე რაღაც ისეთი მომინდება, რაც ბოლოშია, ძლივს გამოვაძვრენ, თავდაყირა დგება ყველაფერი და თუ დრო არ მაქვს, ასე ვტოვებ. საერთოდ, როცა სახლში ვარ და მცალია, მიყვარს დალაგება, შეიძლება "უბორკაც" კი გავაკეთო მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

- როგორც ამბობ, ძალიან დაკავებული ხარ, შეყვარებულის სანახავად როდის იცლი? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი შეყვარებული ჩემზე დაკავებულია, მაგრამ მაინც ახერხებს ჩემთან მოსვლას და დროის ჩემთან გატარებას. როცა მე მცალია, სტუდიაში მივდივარ მასთან. როცა ზის და ფოტოებს ამუშავებს, მეც მასთან ვარ, თუ გრძელი და დამღლელი გადაღება არ აქვს, ვეხმარები კიდეც. თვითონაც ძალიან მეხმარება და გვერდში მიდგას, როცა სცალია, გადაღებებზეც დამყვება, ყოველთვის პატივს სცემს ჩემს ყველანაირ გადაწყვეტილებას და მამხნევებს. ხანდახან ვბრაზდები და ვბუზღუნებ, რატომ არ გრჩება ჩემთვის დრო-მეთქი, თუმცა ისიც ვიცი, რომ ლაშას ყოველთვის უნდა ჩემ გვერდით ყოფნა, მაგრამ საქმე საქმეა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

- როგორც მივხვდი, დღის განმავლობაში ბევრ ადგილას გიწევს მისვლა. ფეხით ქუჩაში სიარული თუ გიყვარს? უფრო ხშირად რით მოძრაობ?

- ფეხით სიარული მიყვარს, მაგრამ როცა საქმეზე მივდივარ და მეჩქარება, ძირითადად ტაქსით გადავადგილდები. სამარცხვინოა, მაგრამ მანქანის მართვა არ ვიცი, არადა ძალიან მინდა, ვისწავლო და მანქანაც ვიყიდო. მგონი ტაქსებში ორი მანქანის ფული მაქვს გადახდილი. იმედია, ოცნებას ავიხდენ, ტარებასაც ვისწავლი და მანქანასაც ვიყიდი (იღიმება).

- დაბოლოს გვითხარი, დაძინების წინ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვს? ზოგი წიგნის ერთ გვერდს მაინც კითხულობს, ზოგი - ჩართული ტელევიზორის ფონზე იძინებს, ზოგი - მუსიკის თანხლებით...

- მე ვრთავ სერიალ "მეგობრებს" და ამის ფონზე ვიძინებ, ეს რიტუალია ჩემთვის და რომ დამთავრდება, რა მეშველება, არ ვიცი.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ