დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს

დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს

ცხოველთა დამცველებმა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხატვარი, ბრიტანელი დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს.

ჰერსტს ცხოველთა დამცველების კრიტიკა თავს მას შემდეგ დაატყდა, რაც ლონდონის გალერა Tate Modern-მა მხატვრის რეტროსპექტული გამოფენა გახსნა, მწერები მან ერთ-ერთი ინსტალაციისთვის გამოიყენა.

ჰერსტის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის წარმოდგენილი იყო ინსტალაცია ცოცხალი პეპლებით "შეიყვარო და გადაიყვარო" (In and Out of Love). მაყურებლებს უფანჯრო ოთახში გავლას სთავაზობდნენ, რომელშიც პეპლები თავისუფლად დაფრინავდნენ და ოთახში განლაგებულ ხილსა და დამთვალიერებლის ტანსაცმელზე სხდებოდნენ. მწერების ნაწილი კი თეთრ ტილოზე ქინძისთავებით იყო მიმაგრებული.

ყოველ კვირას Tate-ში 400 ახალი მწერი მიჰყავდათ, რომ დაღუპულები შეეცვალათ. გალერეის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის მიმდინარეობისას - 23 კვირის განმავლობაში 9 000 პეპელა დაიღუპა. ამასთან, ბევრი მათგანი დამთვალიერებლებმა შემთხვევით მოკლეს. გამოფენის სტუმრები მწერებს ტანსაცმლიდან იფერთხავდნენ.

"ეს ნებისმიერი სხვა ცხოველი რომ ყოფილიყო, მაგალითად, ძაღლი, საზოგადოება აღშფოთდებოდა. რადგან ისინი პეპლები არიან, ეს არ ნიშნავს, რომ გაფრთხილება არ სჭირდებათ",-განაცხადა ცხოველთა დამცველი საქველმოქმედო ფონდ RSPCA-ს წარმომადგენელმა.

გალერეის ანოტაციაში ექსპოზიციის შესახებ ნათქვამი იყო, რომ ინსტალაცია "შეიყვარო და გადაიყვარო" "სიცოცხლისა და სიკვდილის, სილამაზისა და სიმახინჯის" თემებს ეხება. Tate-ში ყვებიან, რომ მწერები სპეციალური საშენებიდან მოჰყავდათ და მათთვის ყველა პირობა იყო შექმნილი.

გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ბრიტანული "პეპლების შემნახველი" ორგანიზაციის პროტესტი გამოიწვია.

მომზადებულია The Sunday Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს