ყაზბეგის რაიონში დარიალი ჰესზე სათავე ნაგებობის მშენებლობა შეჩერებულია. ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, მირიან წიკლაურის განცხადებით, სანამ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა საკითხს საფუძვლიანად არ შეისწავლის, ჰესზე სათავე ნაგებობის მშენებლობა არ განახლდება.
ყაზბეგის რაიონში დარიალი ჰესის მშენებლობა შესაძლო შეჩერების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა, კახი კალაძემ განაცხადა. "მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა გაგრძელდება, დიდ ჰესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო," - განაცხადა კალაძემ.
დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, 110 მეგავატი სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის - 90%-ის - მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" შეფასებით, ჰესის ამ სახით მშენებლობა და ოპერირება დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, აბსოლუტურად შეიცვლება დარიალის ხეობის ლანდშაფტი; პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა "წითელ წიგნში" შეტანილ ნაკადულის კალმახზე და მდინარე თერგში მის გაქრობას გამოიწვევს.
სრული ვერსია
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი