ქართული მხარე მზადაა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოსკოვთან თანამშრომლობის ჯგუფი შექმნას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება იყო.
"საქართველოს, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანას შეუძლია მოითხოვოს ამ საკითხის გადახედვა. ასევე, გენადი ონიშჩენკომაც განაცხადა, რომ ისინი ამისთვის მზად არიან, თუ ქართული მხარე ამ პროცესს ხელს არ შეუშლის. ქართული მხარე არა თუ შეუშლის ხელს, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ და ყველანაირად შევუწყობთ ხელს ყველა იმ კომპანიას, რომელსაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სურს. მზარ ვართ განვიხილოთ რუსეთთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი, მივიღოთ მათი ექსპერტები, თუ ისინი ჩამოვლენ და ეს პროცესი დავაჩქაროთ", - განაცხადა დავით კირვალიძემ. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვანია, რადგან ესაა ბაზარი, რომელზე გასვლისთვისაც მთელი მსოფლიო "ხელდაკაპიწებული იბრძვის".
ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრა დასრულებულია.