ქალმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებოს თავი

ქალმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებოს თავი

ქალებმა მოწევას უმჯობესია 30 წლამდე დაანებონ თავი. ასეთ შემთხვევაში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკისგან ქალი მთლიანად თავისუფლდება. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მკვლევარები მივიდნენ. კვლევაში 1,2 მლნ ბრიტანელი ქალი მონაწილეობდა.

ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ეწევიან, საშუალოდ 10 წლით ნაკლებს ცხოვრობენ არამწეველებთან შედარებით. ეს ეხებათ ისეთ მწეველებსაც, რომლებიც დღეში 10-ზე მეტ ღერ სიგარეტს არ ეწევიან.

მეცნიერები 15 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ქალებს, რომლებმაც მოწევა 50-იან და 60-იან წლებში დაიწყეს.

"ქალების ნახევარზე მეტი, რომლებიც მოწევას თავს არ ანებებენ, თამბაქოსგან კვდებიან. რაც უფრო ადრე იტყვიან უარს მოწევაზე, მით უკეთესია. ამ შემთხვევაში, იგივე ითქმის მამაკაცებზე", - აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი, სერ რიჩარდ პეტო.

ფილტვების დაავადებებთან ბრძოლის ბრიტანული ფონდის ექსპეტების თქმით, ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებმაც მოწევას 30 წლამდე ასაკში დაანებეს თავი, სიბერემდე მიღწევის შანსი მნიშვნელოვნად მეტი აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო ადრეულ ასაკში განუსაზღვრელი ინტენსივობით მოწევაა დასაშვები.

"25 წლის ასაკში ფილტვების ფუნქციონალურობა პიკს აღწევს, შემდეგ კი შემცირებას იწყებს. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ნორმალურია - 60 ან 70 წლის ასაკშიც მათი ფილტვები საკმაოდ კარგად მუშაობს. თუმცა, თუ ეწეოდით და თავი დაანებეთ, ფილტვებს გარდაუვალი ზიანი ადგება, რაც სხვა ასაკობრივ დაავადებებთან ერთად სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფითად აისახება".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს